Accessibility links

გალელებმა თვითიზოლაციას დე ფაქტო მთავრობის განკარგულებამდე მიმართეს


ენგურის ხიდი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, რომელიც ბოლო ხანს ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნებით იყო დაკავებული, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრად შემზღუდავი ნორმები მხოლოდ 25 მარტიდან აამოქმედა. მანამდე თავდაცვის ძირითად ზომად დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა მიიჩნია.

25 მარტიდან აფხაზეთში აიკრძალა მასობრივი თავშეყრა, სხვადასხვა სახის ღონისძიება, კორპორატიული წვეულებები და ექსკურსიები. მუშაობის შეჩერება მოთხოვეს კაფეებს, რესტორნებს და ბაზრობებს. დაიხურა სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა. აფხაზეთის მცხოვრებთ მიეცათ რეკომენდაცია, რომ სახლიდან მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ.

დანარჩენი საქართველოსგან „საზღვრის“ დაკეტვით იზოლირებულმა, გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველებმა თვითიზოლაცია დე ფაქტო ხელისუფლების „განკარგულების“ გამოცემამდე გაცილებით ადრე დაიწყეს, რადგან პრევენციულ ზომებზე ინფორმაციას ქართული მედიასაშუალებებით იღებდნენ. „გარეთ არ გავდივართ, იზოლირებული ვართ ყველა. აქ მაინც არ არის ხალხის სიმრავლე და ვინც ვართ, ყველანი იზოლირებული ვართ. ხვალიდან დაიკეტება ბაზარიო. ყველაფერი დაიკეტებაო. ფსოუც დაკეტილია, იქდანაც არაფერი აღა შემოდის. დღეს მარტო გაერო შემოსულა და შემოუტანია ყველაფერი“, - გვიყვება გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მცხოვრები.

ფული არ აქვს ხალხს და რა უნდა იყიდონ. ფულის ძირითადი წყარო ზუგდიდი იყო, პენსიას, ყველაფერს იქ იღებდა ხალხი. მიმოსვლის შეწყვეტა აყენებს ხალხს დიდ ზიანს...
ნარგიზა არონია

რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტები ამბობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჯანდაცვის ხარისხი ძალიან დაბალია, არავის იმედი არ აქვთ და თავად ცდილობენ იზოლირებულად ყოფნას. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ახლახან ჩატარებული ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად დე ფაქტო ხელისუფლების სათავეში ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია მოვიდა, გალში მცხოვრებთ იმედი აქვთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მდინარე ენგურზე „საზღვარს“ გაუხსნიან და სამედიცინო დახმარების მიღებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეძლებენ. „ჯიუტი მთავრობა არ მოსულა და ალბათ, გაუგებენ ერთმანეთს და ხალხის გასაჭირსც გაიზიარებენ“, - გვეუბნება ნაბაკეველი რესპონდენტი, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

კორონავირუსის გარდა, გალელებს კიდევ უფრო გამწვავებული სოციალური პრობლემები აშინებთ. მათი ინფორმაციით, გალის ბაზარში ჯერჯერობით იყიდება რუსეთიდან შემოტანილი პროდუქცია, თუმცა, ადგილობრივ მცხოვრებთა დიდი ნაწილი ენგურთან „საზღვრის“ დაკეტვის გამო, მეზობელ სამეგრელოს რეგიონში ვეღარ გადადის საქართველოს მოქალაქის პენსიის, თუ დევნილის შემწეობის მისაღებად და პროდუქტის და მედიკამენტების შესაძენად.

გალის საავადმყოფოში თქვეს, რომ თუ კორონავირუსი დაფიქსირდა, უცებ გაიხსნება გზაცო. იმიტომ, რომ აქ არაფერი არ არის.
ნარგიზა არონია

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების საბაბით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალელებს ე.წ. საზღვარზე გადაადგილება 27 თებერვლიდან შეუზღუდა, 14 მარტს კი, საერთოდ დაკეტა ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი.

„ფული არ აქვს ხალხს და რ უნდა იყიდონ. ფულის ძირითადი წყარო ზუგდიდი იყო, პენსიას, ყველაფერს იქ იღებდა ხალხი. მიმოსვლის შეწყვეტა აყენებს ხალხს დიდ ზიანს. იქდან შემოდიოდა ფინანსები და ახლა უკვე საჭმლის ფული არ აქვს ხალხს“, - გვეუბნება გალის რაიონის მცხოვრები ნარგიზა არონია.

რაც შეეხება გალის რაიონის მედიკამენტებით მომარაგებას, ნარგიზა არონიას ინფორმაციით, მარტივი საშუალებები, მაგალითად, ტემპერატურის დამწევი პრეპარატები იყიდება. დეფიციტურია პირბადე და ხელთათმანი. ნარგიზაც დარწმუნებულია, რომ კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტს ე.წ. საზღვარს გაუხსნიან: „გალის საავადმყოფოში თქვეს, რომ თუ კორონავირუსი დაფიქსირდა, უცებ გაიხსნება გზაცო. იმიტომ, რომ აქ არაფერი არ არის.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აფხაზეთში COVID 19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, რის საფუძველზე ამბობენ ამას, გაურკვეველია, რადგან მათივე ცნობით, ვირუსის დასადგენად საჭირო 400 ტესტი რუსეთისგან მხოლოდ ახლახან მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG