Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელი აფხაზები აფხაზობას იბრუნებენ


„სამურზაყანოელი აფხაზების ყრილობის“ მონაწილეები
„სამურზაყანოელი აფხაზების ყრილობის“ მონაწილეები

ავტორი: ელენა ზავოდსკაია, სოხუმი

გალში ქალაქის დღე აღნიშნეს. ზეიმი გაიხსნა სამურზაყანოელი აფხაზების ყრილობით, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად დელეგატები აფხაზეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ.

ქალაქი გალი თავის ახალ ისტორიას ითვლის 1932 წლიდან, როცა სოფელ გალს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამჟამად ქალაქში, დაახლოებით, 7 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მთლიანად გალის რაიონი კი 30 ათასამდე მცხოვრებს ითვლის.

პასპორტის საზეიმო გადაცემა
პასპორტის საზეიმო გადაცემა

რაიონისთვის, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს მეგრული მოსახლეობა, მწვავედ დგას აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების საკითხი. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, რაიონში მცხოვრებ 17 ათას ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობა, რაც არ აძლევს მათ უფლებას მიიღონ აფხაზეთის მოქალაქის სტატუსი. აფხაზეთის კანონი მოქალაქეობის შესახებ არ ითვალისწინებს არანაირ ორმაგ მოქალაქეობას, გამონაკლისი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობაა. ამავდროულად, ეთნიკურ აფხაზებს კანონით აქვთ მინიჭებული უფლება მიიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა ნებისმიერ ვითარებაში.

შექმნილმა პირობებმა ბევრს აღუძრა სურვილი დაბრუნებოდა ისტორიულ ფესვებსა და დაკარგულ ეროვნებას. საქმე ისაა, რომ გალის რაიონში, რომელსაც ისტორიულად სამურზაყანო ეწოდებოდა, საბჭოთა პერიოდში, ასიმილაციის მიზნით, ბევრი ეთნიკურად აფხაზი ჩაწერეს ქართველად და შეუცვალეს გვარები.

2014 წელს გალის რაიონში დაფუძნდა „სამურზაყანოელი აფხაზების საბჭო“, რომელმაც 19 ივლისს, ქალაქის დღეობაზე, უმასპინძლა ორგანიზაციის II ყრილობას და მის 160 დელეგატს მთელი აფხაზეთიდან.

„სამურზაყანოელი აფხაზების ყრილობის“ მონაწილეები
„სამურზაყანოელი აფხაზების ყრილობის“ მონაწილეები

ყრილობა გახსნა საბჭოს თავმჯდომარემ თენგიზ ინალ-იფამ, რომლის თქმითაც, ორგანიზაციის მთავარ მიზანია სამურზაყანოელი აფხაზების შთამომავალთა ინტერესების დაცვა, მათი სოციალური, ენობრივი, კულტურული და ეკონომიკური ინტეგრაცია საერთოაფხაზურ სივრცეში. საბჭო ესწრაფვის სამურზაყანოელი აფხაზების გაერთიანებას და მათი კავშირების განმტკიცებას დანარჩენ აფხაზურ გვარებთან.

თენგიზ ინალ-იფა: „ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა იმ ძირძველი აფხაზური გვარების რაოდენობის მონიტორინგი, რომლებიც გალის რაიონის ძველ საზღვრებში სახლობენ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ძველი საზღვრების ფარგლებში ცხოვრობს 1200 ოჯახი, 45-ზე მეტი გვარი და რომ ამ ადამიანების საერთო რაოდენობა 5 ათასია. 1994 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა აღიდგინა თავისი ძირძველი აფხაზური გვარი და ნაციონალობა. 2014 წლიდან, ანუ „სამურზაყანოელი აფხაზების საბჭოს“ შექმნიდან, 2017 წლამდე კი 500-მა ადამიანმა გამოთქვა ძირძველი აფხაზური გვარისა და ეროვნების დაბრუნების სურვილი. მათგან 300-ს უკვე მიეცა ამის შესაძლებლობა. 2017-2018 წლების განმავლობაში მოქალაქეობა მიიღო და თავის ეთნიკურ ფესვებს დაუბრუნდა კიდევ 139 ადამიანი“.

„სამურზაყანოელი აფხაზების საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ედიშერ ზუხბამ სამურზაყანოელ აფხაზებს მოუწოდა დაუბრუნდნენ თავიანთ ფესვებს, რომლებსაც სტალინისა და ბერიას მმართველობის პერიოდში მოსწყდნენ.

„სამურზაყანოელი აფხაზების ყრილობის“ მონაწილეები
„სამურზაყანოელი აფხაზების ყრილობის“ მონაწილეები

ედიშერ ზუხბა: „მივმართავთ აფხაზეთის პრეზიდენტსა და პარლამენტის დეპუტატებს თხოვნით, შეიტანონ აუცილებელი ცვლილებები კანონმდებლობაში სამურზაყანოელი აფხაზებისათვის გვარისა და ეროვნების შეცვლის პროცედურების გასამარტივებლად. მივმართავთ აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას თხოვნით, შეიტანონ 2019 წლის ბიუჯეტში გალის რაიონის სამურზაყანოელი აფხაზების შვილებისათვის განკუთვნილი სკოლა-ინტერნატის მშენებლობის ხარჯი, გაზარდონ დაფინანსება აფხაზური ენისა და აფხაზეთის ისტორიის მასწავლებლებისათვის, უზრუნველყონ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გალელი სტუდენტები ადგილებით საერთო საცხოვრებლებში. ასევე მივმართავთ თხოვნით აფხაზეთის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებლებს, მხარში ამოუდგნენ თავიანთ მოგვარეებს, დაეხმარონ ინტეგრაციაში, გაიცნონ ერთმანეთი ოჯახებით, გაუწოდონ დახმარების ხელი ყოველ სამურზაყანოელ აფხაზსა და გალის რაიონის ყველა მცხოვრებს!“.

ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციის მიღებას.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG