Accessibility links

გამარჯობასთ!


ბოლო რამდენიმე დღეა, ვერაფრით მომიძებნია პასუხი ამ შეკითხვაზე: დასაშვებია თუ არა ადამიანის ჭკუის შესაძლებლობების შეფასება მისი მეტყველების სტილის მიხედვით?

გამარჯობასთ! - პარალელური რეალობა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:43 0:00
Direct link

ანუ შესაძლებელი არის თუ არა ადამიანის გონებაგამჭრიახობის შეფასება ლაპარაკის, სიტყვათწარმოქმნის და ფრაზების ეგზოტიკურ-უცნაური კონსტრუქციების შესაბამისად?

უნდა ლაპარაკობდეს თუ არა გამართული და გასაგები ქართულით ადამიანი, ვინც ძალიან ჭკვიანად თვლის საკუთარ თავს და ვისაც სხვაც მრავალი თვლის სახიფათოდ ჭკვიანად (გამჭრიახად) საქართველოში?

არის თუ არა მეტყველების სტილი და გამჭრიახობა სინონიმები, როცა ადამიანი ჯიუტი უგერგილობით იმეორებს მის მიერვე გამოგონილ ბატიფეხურ ნეოლოგიზმებს: "გვქონდა ჩაჭიდებული საუბარი" (ჩაჭიდებული რას ნიშნავს?), "აშშ-ს კონგრესს უნდა მივწერო აირიაის გამოკითხვების გამო" (მართლაც რა "აირიაი" მის მეტყველებაში?), "ვინც უფრო აქტიური იყო, ადრე გაედინებოდა" (პასიური კი, შესაბამისად, ვერ გაედინა), ერთჯელ და არა ერთხელ?!

ხომ ფაქტია, რომ ენაც კარიკატურულია და, ერთი შეხედვით, ადამიანიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ ასე მეტყველებდა ბევრის მიერ სათანადოდ ვერშესმენილი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, სადაც ცნობილი რესპონდენტი, არც მეტი, არც ნაკლები, თავის პაროდისტს დამსგავსებოდა კომედიური შოუდან, რომ ვერ გაიგებდი, ჯამბაზს უყურებდი თუ რეალური ძალაუფლების მქონე ორიგინალს, ვისი სასაცილოობაც სულაც არ ნიშნავს მის უვნებლობას, უფრო პირიქით...

გამჭრიახი ადამიანი რომ ზოგჯერ ბატიფეხურად მეტყველებს, ამის დამადასტურებელი მაგალითი საქართველოში უხვად გვაქვს.

ყველას გვახსოვს, რა საყვარელი "სემიოლოგიური ეგზოტიკით" გვამარაგებდა ექს-ცეკას მდივან-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე: ბერლინის კედლის მსხვრევის მიუხედავად, მის მიერ ვერაფრით თქმული "პრულარიზმით", გიორგიდ მონათვლის შემდეგ ცუდად დამახსოვრებული "უწმინდესი და უსპეტაკესით", ან საერთოდ თითქმის მკრეხელური "იოსეთი" (თუ მთლად "იოსებით"), და ერთმნიშვნელოვნად სამართლიანად დეფინიცირებული გეეროთი "გაეროს" ნაცვლად... მაგრამ ვინ იტყვის, რომ ხსენებული პირი ჭკვიანი არ იყო?!

მეტიც, რაც დრო გადის, არსებული სახელისუფლებო სინაცრისფრის გათვალისწინებით, ლამისაა ციცერონისებრ ორატორ-გიგანტად გაგვახსენდეს მისი მართვის თუ მეტყველების მოდელი: "მე ჩემ გადაფურთხებულს არ ავლოკაავ".

ვერ ვიტყვით, დიდად ჭკვიანი იყო, მაგრამ კარგი ვირეშმაკა კი ნამდვილად გახლდათ ზეეგზოტიკურად, ფანტასტიკურ ელფთა მსგავსი ენით, ზიზღნარევი ირონიით მოჩურჩულე აჭარის ავტ. რესპუბლიკის ფეოდალ-ლიდერი ასლან აბაშიძე, რომელიც დიდი გულმოდგინებით თხრიდა "არქაიზმებს" თავის საწყალობლად მწირ ლექსიკონში: "რამეთუ... ჩვენი ხმები არ დააბრუნენ".

ეს რამეთუ საერთოდ გრანდიოზული უბედურებაა ქართულის არმცოდნე სამოხელეო თუ საზოგადოებრივი კოლოსებისთვის, რომელნიც ფიქრობენ, რომ ბევრად უფრო დახვეწილად წარმოჩინდებიან, თუკი უადგილო პათეტიკით შეავსებენ ანჯღრეულ და დაულაგებელ წინადადებას და მანდილოსანს იტყვიან, ბოდიში და, ქალის მაგიერ... დიახ, უნდა ვაღიარო, ისეთიც მინახავს, მართლაც ბოდიშს რომ იხდიდა სიტყვა ქალის თქმის წინ. ნეტა რატომ, რა შინაარსს დებდა ამ სიტყვაში?

მართალია, ახლა ვერ გეტყვით, საბოლოოდ როგორ და რანაირად გამოვა, მაგრამ, როგორც წესი, მეტყველების სტილის აწეწილობა განსაკუთრებით მაშინ გვხვდება ყურს (და ეს გვხვდება მეტისმეტად მტკივნეულად), როცა ის, ვინც ამგვარად მეტყველებს და ვინც თითქმის აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური ბოლო ჟამის ფაზაში აღმოჩნდება ხოლმე: ან მას ემართება რაღაცა ნერვიულობის გამო და კიდევ უფრო ეწეწება აქამდე ისედაც დაულაგებელ-გადმოულაგებელი ქართული ან ჩვენ, ბოლო ჟამში შესულით დაღლილებს გვეჩვენება, რომ გარე ქაოსი, რომელიც მმართველმა დათესა, სინამდვილეში მისი შინაგანი ქაოსის პროექციაა და ასე გამორჩეულად ცუდად იმიტომაც მეტყველებს, რომ ძალაუფლების და გავლენის კონცენტრაციის მიუხედავად, ობიექტურად თავს არცთუ კარგად გრძნობს, სრულიად არამტკიცედ და არათავდაჯერებულად, და რეალობაც ისე ეცლება ქვევიდან, როგორც სიტყვები და ასოები ეცლება უშნოდ ვერთქმული წინადადებიდან: ქართველები ნაივნი ხალხია, ამიტომ ამ ერთჯელ კიდევ მოტყუვდებიან...

ჰოდა, შეკითხვაც ესაა: ამ ერთჯელაც თუ კიდევ მრავალჯერ?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG