Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოიყენებს თუ არა პეკინი ძალას ჰონგ-კონგში


ჩინეთის შეიარაღება ჰონგ-კონგის საზღვართან
ჩინეთის შეიარაღება ჰონგ-კონგის საზღვართან

ჩინეთი ჰონგ-კონგის მოვლენების უკან „უცხო ძალების“ მოქმედებას ხედავს და აცხადებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, პროტესტის ჩასახშობად ძალას გამოიყენებს.

ჩინეთის ელჩმა ბრიტანეთში განაცხადა, რომ პეკინის მთავრობა „გულხელდაკრეფილი“ არ იჯდება, თუ კრიზისი ჰონგ-კონგში კონტროლს აღარ დაექვემდებარა. ჩინეთი მზად არის "ჩაახშოს არეულობა სწრაფად", - თქვა ელჩმა ლი სიაომინმა 15 აგვისტოს პრესკონფრენციაზე ლონდონში.

ჰონგ-კონგის საზღვართან ჩინეთის გასამხედროებული ძალების მიერ 15 აგვისტოს ჩატარებული მანევრები აძლიერებს შიშს, რომ შესაძლოა პეკინი მართლა ემზადებოდეს აზიის ფინანსურ ცენტრში, ჰონგ-კონგში, მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის ძალით ჩასახშობად.

მით უფრო, რომ ჩინეთმა „თითქმის ტერორისტული“ უწოდა დემონსტრანტების შტურმს ჰონგ-კონგის აეროპორტში და დასჯით დაემუქრა იმ პირებს, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება.

წესრიგის აღსადგენად საჭიროა კანონის მახვილის გამოყენება
გაზეთი "ჟემინ ჟიბაო"

ჩინეთის სახალხო არმიამ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში გაავრცელა პროპაგანდისტული ვიდეორგოლი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ემზადებიან ჯარისკაცები ქუჩის პროტესტის დასაშლელად. ვიდეორგოლის გავრცელება დაემთხვა იმ დღეს, როდესაც ჰონგ-კონგში ათეულობით აქტივისტი მისცეს სამართალში ექსტრადიციის კანონის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების გამო.

სწორედ საკანონმდებლო ცვლილებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ დაუდო სათავე ივნისის პირველი რიცხვებიდან დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს, რომლის მუხტი ჰონგ-კონგში ორი თვის შემდეგაც არ ნელდება.

დემონსტრანტების აზრით, კანონპროექტი, რომლის განხილვაც მასობრივი უკმაყოფილების შედეგად დღის წესრიგიდან მოიხსნა, ძირს უთხრის ჰონგ-კონგის ავტონომიას.

სადავო ექსტრადიციის პოლიტიკური ქვეტექსტი

1 ივლისს, დიდი ბრიტანეთისგან ჰონგ-კონგის სუვერენიტეტის ჩენეთისათვის გადაცემის 22 წლისთავზე, ჰონგ-კონგში გაიმართა დემოკრატიის მხარდასაჭერი გრანდიოზული მარში, რომელშიც, ორგანიზატორების შეფასებით, 550 ათასი კაცი მონაწილეობდა.

ასეთი აქციები მანამდეც ხშირად იმართებოდა ჰონგ-კონგში, როგორც კი ავტონომიის მოსახელობა თავისუფლების და დემოკრატიული უფლებების შეზღუდვის საფრთხეს ხედავდა.

ჰონგ-კონგი ჩინეთის საგანგებო ადმინისტრაციული რაიონია, რომელსაც გარკვეულ სფეროებში ფართო ავტონომია აქვს მინიჭებული.

მე-19 საუკუნის შუა წლებში, ოპიუმის პირველ ომში ჩინეთის დამარცხების შემდეგ, ჰონგ-კონგი გახდა დიდი ბრიტანეთის კუთვნილება და საუკუნე-ნახევრის განმავლობაში აზიის უმსხვილეს სავაჭრო-საფინანსო ცენტრად იქცა.

მე-20 საუკუნის ბოლოს ჩინეთი ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა დიდ ბრიტანეთთან ჰონგ-კონგის დასაბრუნებლად. ქალაქი, თავისი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკითა და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემით, გადავიდა ავტორიტარული სახელმწიფოს კონტროლქვეშ, ოღონდ ჰონგ-კონგს მიეცა პირობა, რომ შეინარჩუნებდა უმაღლესი ხარისხის ავტონომიას ლოზუნგით - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

კერძოდ, ჰონგ-კონგს მიეცა გარანტია, რომ 1997 წლიდან, 50 წლის განმავლობაში, შენარჩუნებული ექნება თავისი სოციალური, იურიდიული და პოლიტიკური სისტემა.

მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩინეთი თანამიმდევრულად აძლიერებდა გავლენას ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოსა და ქალაქის ადმინისტრაციის არჩევნების პროცესში კანდიდატების დამტკიცების პროცედურის მანიპულაციით.

თუ ჩინეთს სურს „სავაჭრო შეთანხმების მიღწევა აშშ-თან, მან თავდაპირველად ჰუმანურად უნდა იმოქედოს ჰონგ-კონგის მიმართ
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

ამჟამინდელი საპროტესტო აქციების ტალღა აგორდა ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის გამო, რომლითაც შესაძლებელი ხდება ქალაქის მცხოვრებლების გადაცემა კონტინენტური ჩინეთის ხელისუფლების ხელში. მიუხედავად ქალაქის ხელისუფლების მტკიცებისა, რომ კანონპროექტის მიზანი მხოლოდ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა, ოპონენტები შიშობენ, რომ დამნაშავეების გარდა ჩინეთის ციხეებში მოხვდებიან პეკინისათვის პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო ადამიანები და დისიდენტები.

ისინი თვლიან, რომ საკუთრივ ჩინეთში ადამიანის ექსტრადიცია დაუშვებელია, ჩინეთის სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის ნაკლებობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში პრობლემების გამო.

9 ივნისს ჰონგ-კონგის ქუჩებში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი გამოვიდა. ოპოზიციის ლიდერებმა გააპროტესტეს ჰონგ-კონგის ავტონომიურ ხელისუფლებაზე პეკინის მზარდი გავლენა. საპროტესტო აქციების შედეგად, ჰონგ-კონგის ხელისუფლება იძულებული გახდა გადაედო მიუღებელი კანონპროექტის განხილვა.

ჩინეთის პასუხი საერთაშორისო რეაქციაზე

ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციების ორგანიზატორები საკმარისად არ მიიჩნევენ სადავო კანონპროექტის განხილვაზე დროებით უარის თქმას და უფრო ფართო პოლიტიკური მოთხოვნები აქვთ: ქალაქის ხელისუფლების გადადგომა, საარჩევნო კანონმდებლობის დემოკრატიზაცია და ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დასჯა.

მანამდე, 1 ივლისს, ჰონგ-კონგის მოქალაქეთა მხარდაჭერა გამოხატა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა, რომელმაც გააფრთხილა ჩინეთი „იმ მოსალოდნელ სერიოზულ შედეგებზე“, რაც დადგება, თუ ჩინეთის ხელისუფლება დაარღვევს 20 წლის წინ მიცემულ პირობას და არ უზრუნველყოფს ადგილობრივთა თავისუფლებას. იმავდრულად, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა არ მიმართონ ძალადობას, აქციის მონაწილეებს კი შეახსენა, რომ ვალდებული არიან დაიცვან კანონი.

შეწყვიტეთ ძალადობრივი დანაშაულების წაქეზება - მათ არ უნდა დაუშვან სიტუაციის შეუფასებლობა და არასწორი გზით წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიერ აღებული ქვა, მხოლოდ მათსავე ფეხებთან დავარდება
ლიუ სიაომინი, ჩინეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში

ჰანტის კომენტარის პასუხად, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს აღარავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება ჰონგ-კონგთან დაკავშირებით და უნდა შეწყვიტოს „ჟესტების კეთება“ ქალაქთან მიმართებით.

15 აგვისტოს ჩინეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ლიუ სიაომინმა, „უცხო ძალები“ დაადანაშაულა ჰონკ-კონგის მოვლენებში და ასეთი სიტყვებით გააფრთხილა ისინი მოსალოდნელ შედეგებზე: „შეწყვიტეთ ძალადობრივი დანაშაულების წაქეზება - მათ არ უნდა დაუშვან სიტუაციის შეუფასებლობა და არასწორი გზით წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიერ აღებული ქვა, მხოლოდ მათსავე ფეხებთან დავარდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩინეთის ელჩმა, ლიუ სიაომინმა.

ჩინეთის ელჩმა დასავლეთის მედიაც დაადანაშაულა, რომელიც, ლიუ სიაომინის თქმით, დაუბალანსებლად აშუქებს ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებს და ერთმანეთში ურევს „ტყუილ-მართალს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა, 14 აგვისტოს სპეციალური განცხადება გაავრცელა ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით - მოუწოდა ჩინეთს „ჰუმანურად“ მოექცეს ჰონგ-კონგს და მიანიშნა, რომ მზად არის შეხვდეს პრეზიდენ სი ძინპინს:

„ეჭვი არ მეპარება, რომ თუ პრეზიდენტ სის (სი ძინპინს) სურს ჰონგ-კონგის პრობლემის სასწრაფო და ჰუმანური მოგვარება, იგი ამას შეძლებს. პერსონალური შეხვედრა?“

„ტვიტერში“ გამოქვეყნებული განცხადების სხვა ნაწილში ტრამპი აღნიშავს, რომ თუ ჩინეთს სურს „სავაჭრო შეთანხმების მიღწევა აშშ-თან, მან თავდაპირველად ჰუმანურად უნდა იმოქედოს ჰონგ-კონგის მიმართ“.

უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა გაფრთხილება აშშ-ის მოქალაქეებისათვის, თავი შეიკავონ ჰონგ-კონგში მოგზაურობისგან, რადგან ვაშინგტონი შეშფოთებულია ჩინეთის სამხედო ძალების გადაადგილებით იმ ქალაქის საზღვართან, რომელიც, 10 კვირაზე მეტია, პარალიზებულია დემოკრატიის მომხრეთა საპოტესტო გამოსვლებით.

ჩინეთის ოფიციოზის განცხადებების თანახმად, პეკინის მხრიდან შესაძლოა მართლაც განიხილებოდეს ჰონგ-კონგში ძალის გამოყენების საკითხი.

14 აგვისტოს ჩინეთის მთავარი ყოველდღიური გაზეთი, მმართველი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბეჭდური ორგანო „ჟემინ ჟიბაო“, წესრიგის აღსადგენად „კანონის მახვილის გამოყენების“ მოწოდებით გამოვიდა.

მიუხედავად პეკინის მუქარებისა, ჰონგ-კონგში დემონსტრანტები არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 16 აგვისტოს მასობრივი აქციები გაიმართება მთელი ჰონგ-კონგის მასშტაბით და ასევე გაგრძელდება შემდეგ, კვირის ბოლომდე, უქმები დღეების ჩათვლით.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG