Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხულ დევილთა 90% ყოველთვიური შემწეობის შენარჩუნების მომხრეა


ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულ დევნილთა 90 % მომხრეა შენარჩუნდეს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი სახელმწიფო შემწეობა, რომელიც თვეში ერთ ადამიანზე 45 ლარს შეადგენს.

ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, 68,9 % შემწეობის სახით მიღებულ თანხას პროდუქტებში ხარჯავს, 22,6 %-ს - მედიკამენტში, 7,2 %-ს - კომუნალურ გადასახადებში, მხოლოდ 1,3 %-ს კი - განათლებაში.

„მომცეს ბინა, მაგრამ ყველაფერს ვიხდი, შვილო. შუქი, გაზი, წყალი და არაფერი მრჩება. რა ვჭამოთ, არ ვიცით, ისეთ მდგომარეობაში ვართ. თუ ამასაც მოხსიან, ეს იქნება ძალიან ცუდი“
ციალა ქობალია, დევნილი

„საუნჯემ“ დევნილთა ნაწილისთვის შემწეობის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით იძულებით გადაადგილებულ პირთა აზრის შესასწავლად, ზუგდიდისა და ფოთის პარალელურად, გამოკითხვა ოკუპირებულ გალის რაიონშიც ჩაატარა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ იაგო ფასანძის განმარტებით, ოკუპირებულ რეგიონში მათ მოსახლეობის გამოკითხვა „საუნჯეში“ დასაქმებული აფხაზეთიდან დევნილი თანამშრომლების დახმარებით შეძლეს:

„90 %-ს არ გააჩნია ალტერნატიული საარსებო წყარო და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დევნილთა შემწეობის შენარჩუნება. ასევე 60 %-ს წარმოდგენა არ გააჩნია სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეფორმაზე და საჭიროა მათთვის ინფორმაციის მიწოდება, ასევე საჯარო განხილვები“, - აცხადებს იაგო ფასანძე.

ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შემწეობის რეფორმის ოთხი ალტერნატივაა შემუშავებული.

1. ისინი, ვისაც 1250-ზე მეტი შემოსავალი ექნება, არ მიიღებს დევნილის შემწეობას;

2. ყველა დევნილი მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე გადავა;

3. დევნილები დაიყოფიანთაობების მიხედვით და 45-ლარიან შემწეობას მიიღებენ ისინი, ვინც განიცადა დევნა;

4. დევნილებს, რომლებიც დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი განსახლებით, მოეხსნებათ შემწეობა, დანარჩენებს შეუნარჩუნდებათ.

სახელმწიფოს ეს ინიციატივა მიუღებელია გალიდან დევნილი ციალა ქობალიასთვის, რომელმაც ახალი საცხოვრებელი ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე, მიიღო.

„მომცეს ბინა, მაგრამ ყველაფერს ვიხდი, შვილო. შუქი, გაზი, წყალი და არაფერი მრჩება. რა ვჭამოთ, არ ვიცით, ისეთ მდგომარეობაში ვართ. თუ ამასაც მოხსიან, ეს იქნება ძალიან ცუდი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ციალა ქობალია.

მის აზრს იზიარებს გალის რაიონის სოფელ სიდას მკვიდრი ინეზა ფარულავა. ამბობს, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას დევნილების პროტესტი მოჰყვება.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები დაყოფას კატეგორიებად. სანამ ჩვენ ჩვენს სახლებში არ დავბრუნდებით, ამ საკითხზე საერთოდ არ უნდა იყოს მსჯელობაც კი“, - ამბობს ინეზა ფარულავა.

„90 %-ს არ გააჩნია ალტერნატიული საარსებო წყარო და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დევნილთა შემწეობის შენარჩუნება.
იაგო ფასანძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯე"

ორგანიზაცია „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, იურისტ რუსუდან პაჭკორიას აზრით, რადგან განსახლების პროცესი ჯერაც არ დასრულებულა, სტატუსთან დაკავშირებით კი არაერთი დავა სასამართლოში გრძელდება, დევნილები თანაბარ საწყის პირობებში არ იმყოფებიან და ამიტომ შემწეობის თაობაზე რეფორმის დაწყება ნაადრევია:

„ამას სჭირდება სახელმწიფოს და დევნილთა საზოგადოებას შორის კონსენსუსი. სხვაგვარად საკითხის გადაჭრა უმტკივნეულოდ წარმოუდგენელი იქნება“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელ ჯემალ ჭკადუას თქმით, საკითხზე რამდენიმე თვის წინ ზუგდიდში მყოფმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ შემწეობა სოციალურ სტატუსთან უნდა იყოს ბმაში, რაც მტკივნეული პროცესი იქნება.

„ამიტომაც საკითხი ძირეულ კვლევას და იძულებით გადაადგილებული პირების აზრის გათვალისწინებას, საჯარო შეხვედრებს საჭიროებს საბოლოო გადაწყვეტილებამდე“, - ამბობს ჯემალ ჭკადუა.

„საუნჯის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველა იძულებით გადაადგილებული პირი უნდა იღებდეს დევნილთა შემწეობას, ვისი განსახლებაც არ მომხდარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG