Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოჩნდებიან თუ არა რუსი მშვიდობისმყოფელები მთიან ყარაბაღში


„ჩვენი ნებართვის გარეშე ჩვენს მიწაზე ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს თავისი მშვიდობის დამცველების გამოგზავნას“, - ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში გაჩენილ იდეას რუსი მშვიდობის დამცველების შესაძლო გაგზავნის შესახებ მთიან ყარაბაღში, სადაც სექტემბრის ბოლოს ახალი ძალით განახლდა საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის.

სადავო მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობის დამცველების გაგზავნის იდეა თავდაპირველად რუსეთის ფედერაციის საბჭოში გაახმაურა საკანონმდებლო ორგანოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრმა, სერგეი ცეკოვმა.

„ამ შემთხვევაში მშვიდობის დამცველებად უნდა გამოვიდნენ ის ქვეყნები, რომლებიც თავიანთი მოქმედებით მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის სურვილს ამჟღავნებენ“, - მიიჩნევს რუსი სენატორი, რომელმაც დასძინა, რომ რუსეთის გარდა მას ასეთად მიაჩნია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რომელიმე წევრი სახელმწიფო, მაგალითად, ყაზახეთი.

მაგრამ რუსი მშვიდობის დამცველების მთიან ყარაბაღში გაგზავნის შესახებ დიდი დარწმუნებით ვერაფერს ამბობს კრემლი.

ხოლო დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების აზრით, მოსკოვს აღარ აქვს ავტორიტეტი საიმისოდ, რომ იყოს მშვიდობის გარანტი კონფლიქტის მხარეებს შორის.

მყიფე მშვიდობა

საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად აღიარებული მთიანი ყარაბაღი ეთნიკური სომხური ძალების კონტროლქვეშ იმყოფება 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რითაც დასრულდა ორი წლის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი.

აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი მკვეთრად დაიძაბა 27 სექტემბერს. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ ვითარების ესკალაციაში. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რომელშიც დაპირისპირებული მხარეები ყველა სახის შეიარაღებას, მათ შორის უპილოტო მფრინავ აპარატებსა და ე.წ. კამიკაძე დრონებსაც იყენებენ, არიან დაღუპულები და დაჭრილები როგორც სამხედრო მოსამსახურეთა შორის, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში.

10 ოქტომბერს მხარეები მოსკოვის შუამავლობით შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ 11-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სერგეი ლავროვის მიერ გამოცხადებული საზავო შეთანხმება მალევე დაირღვა, რაშიც ბაქო და ერევანი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

14 ოქტომბერს აზერბაიჯანმა საავიაციო დარტყმა განახორციელა სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე. აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ცნობით, აღნიშნული სარაკეტო სისტემა საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი და მიზანში ჰყავდა ამოღებული ქალაქი განჯა, მინგეჩაური და აზერბაიჯანის სხვა ქალაქები. ბაქომ დაადანაშაულა ერევანი სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშის განხორციელების განზრახვაში.

სომხეთის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ იტოვებს უფლებას, თავის მხრივ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე განახორციელოს საპასუხო დარტყმა.

შექმნილ ვითარებაში რუსეთი აცხადებს, რომ კვლავაც არსებობს შანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგებისათვის, თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების გარშემო.

„ყველა შეთანხმება, რომელიც ბოლო დროს განიხილებოდა და მხარეების მიერ სერიოზულად აღიქმებოდა, ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე 5 რაიონის გათავისუფლებას, მეორე ეტაპზე გათავისუფლდებოდა 2 რაიონი და ასევე მეორე ეტაპზე უნდა განსაზღვრულიყო ყარაბაღის საბოლოო სტატუსი. პირველ ეტაპზე რაიონების გათავისუფლების პარალელურად ბლოკადა უნდა მოეხსნას ყველა კომუნიკაციას, აღდგეს ეკონომიკური კავშირები, სატრანსპორტო მიმოსვლა და განლაგდნენ მშვიდობისმყოფლები, რომლებმაც არ უნდა დაუშვან საბრძოლო მოქმედებების განახლება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა „კომსომოლსკაია პრავდასთან“, „სპუტინკსა“ და „ლაპარაკობს მოსკოვთან“ ინტერვიუში.

ლავროვი მიიჩნევს, რომ მშვიდობისმყოფელთა მისია, უპრიანია, რუსმა სამხედროებმა შეასრულონ, თუმცა რუსეთის საგარეო უწყების თავკაცი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ის უპირატესობას სამხედრო დამკვირვებლების გაგზავნას ანიჭებს.

„ჩვენ მიგვაჩნია აბსოლუტურად მართებულად, თუ ეს იქნებოდნენ ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები, მაგრამ საბოლოო სიტყვა მხარეებმა (სომხეთმა და აზერბაიჯანმა) უნდა თქვან“, - განაცხადა სამ რუსულ პროსახელისუფლებო რადიო და ტელესადგურთან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა.

არარეალისტური მისია

აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საბაზისო პრინციპი ითვალისწინებს სადავო რეგიონში მშვიდობისმყოფლების გამოჩენას, განაცხადა თურქეთის ტელეარხ „Haber Türk“- თან ინტერვიუში ილჰამ ალიევმა რუსეთიდან წამოსული ინიციატივის პასუხად. ოღონდ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ ეს შესაძლებელია მოხდეს „სულ ბოლო ეტაპზე“.

„პირველ ყოვლისა, ჯერ უნდა გადაიჭრას ის საკითხები, რომლებზეც უკვე ვთქვი: ესაა მიწების გათავისუფლება, დევნილების დაბრუნება, საზღვრის გახსნა, ვაჭრობისა და კომუნიკაციის აღდგენა“, - აცხადებს ილჰამ ალიევი.

აზერბაიჯანის ლიდერს აქ მხედველობაში აქვს ის შვიდი რაიონი, რომლებიც გარს ეკვრის მთიან ყარაბაღს და რომლებიც 90-იანი წლების სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შემდეგ სომხეთის კონტროლქვეშაა.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ შემუშავებული 2007 წლის„მადრიდის პრინციპების“ სახელით ცნობილი კომპრომისული პროექტი ითვალისწინებდა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ყველა შეიარაღებული ძალის გაყვანას მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე, როგორც აზერბაიჯანი უწოდებს, ქალბაჯარისა და ლაჩინის ოკუპირებული რაიონებიდან.

მაგრამ „მადრიდის პრინციპებს“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება სომხეთის პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ ფორმულაში იგნორირებულია მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლება.

14 ოქტომბერს ერისადმი მიმართვაში ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ერევნისგან მოითხოვს მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთის კონტროლქვეშ არსებული 7-დან 5 რაიონის გათავისუფლებას, შემდგომი ორი რაიონის დატოვების შესახებ გრაფიკის წამოდგენას და ყარაბაღის ნებისმიერი სტატუსის განსაზღვრას აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

„წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანი იმუქრება, რომ პრობლემას სამხედრო ძალით გადაწყვეტს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ასეთ ვითარებაში არც აზერბაიჯანია მზად და არც სომხეთი რუსეთისათვის სამშვიდობო მანდატის მისაცემად. პირველს, ბაქოს, არ აძლევს ხელს არსებული სტატუს კვო მთიანი ყარაბაღის გარშემო; მეორეს, სომხეთს, - მართალია, ხელს აძლევს სტატუს კვოს შენარჩუნება, მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმულას „ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ“, რომელიც ნიკოლ ფაშინიანმა თავის მიმართვაში 1938 წლის „მიუნხენის შეთანხმებას“ შეადარა.

ამ ვითარებაში რუსეთის მიერ მშვიდობისმყოფლად თავის წარმოჩენა მხოლოდ კეთილი ნების ჟესტად მიაჩნიათ დამოუკიდებელ სამხედრო მიმომხილველებს.

„იმისათვის, რომ მიაღწიოს მშვიდობას, აშკარაა, რომ რუსეთს არ ჰყოფნის ავტორიტეტი და არ გააჩნია მეომარ მხარეებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. როგორც სამხედრო დამკვირვებელი, იგი მოკლებული იქნება იმის შესაძლებლობას, რომ პასუხი აგებინოს იმ მხარეს, ვინც ზავს დაარღვევს“, - უთხრა რუსმა სამხედრო ანალიტოკოსმა ალექსანდრ გოლცმა რადიო თავისუფლებას.

აზერბაიჯანელი ექსპერტები აფრთხილებენ ბაქოს, რომ არ მისცეს თანხმობა მოსკოვს სამშვიდობო მისიაზე, ვიდრე არ იქნება შესრულებული რეკომენდაციებით გათვალისწინებული სხვა პირობები.

„თუ ლავროვის წინადადების რეალიზება მოხდება, მაშინ რუსეთის ჯარი განლაგდება აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო დაპირისპირების ხაზზე, რაც ხელს შეუშლის აზერბაიჯანის არმიის წინსვლას. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამაზე არ უნდა წავიდეს, რადგან ეს იქნება ხაფანგი“, - აცხადებს აზერბაიჯანელი პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ ჯაფარლი.

დასავლელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შექმნილ ვითარებაში მშვიდობისმყოფლის როლის მორგებით რუსეთი ცდილობს მოიპოვოს სტრატეგიული დასაყრდენი მთიან ყარაბაღში.

„აქამდე არც ერთ მხარეს არ სურდა რუსი მშვიდობისმყოფლების განთავსება, რადგან ისინი სადაც შედიან, მერე იქიდან აღარ გადიან. ამიტომ შესაძლოა სულ უფრო აქტუალური გახდეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების საკითხი“, - განუცხადა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს ამანდა პოლმა, „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ უფროსმა ანალიტიკოსმა.

კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის 1992 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად სამხედრო ძალა სამშვიდობო მისიით დღემდე იმყოფება თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში.

აღსანიშნავია, რომ, დაახლოებით, სამასკაციანი რუსული სამშვიდობო დანაყოფი განლაგებულია ავადსახსენებელ მე-14 არმიის ბაზაზე, რომელიც, თავის მხრივ, სეპარატისტების მხარეზე იბრძოდა მოლდოვის წინააღმდეგ.

ეუთოს 1999 წლის სტამბულის სამიტის გადაწყვეტილებით, რუსეთს 2001 წელს უნდა გაეყვანა შეიარაღებული ძალა და ტექნიკა დნესტრისპირეთიდან, მაგრამ ეს პირობა მოსკოვს დღემდე არ შეუსრულებია.

მოლდოვის ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ არაერთხელ გააკეთა განცხადება რუსი მშვიდობის დამცველების საერთაშორისო სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიით ჩანაცვლების თაობაზე. 2018 წლის ივნისში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარები სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან, მაგრამ რუსეთი უგულებელყოფს ამ მოწოდებებს.

1990-იანი წლების დასაწყისში მოსკოვის მიერ ინსპირირებული შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოს ორ სეპარატისტულ - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - რესპუბლიკაში, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების თანხმობით, აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებზე რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.

სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, დსთ-ის ეგიდით მოქმედ რუს მშვიდობის დამცველებს ხელი უნდა შეეწყოთ კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგებისა და დევნილთა დაბრუნების პროცესისათვის, მაგრამ თბილისმა მალე გააცნობიერა, რომ რუსი მშვიდობის დამცველები, სინამდვილეში, გადაიქცნენ სეპარატიზმის მხარდამჭერებად და კონფლიქტის მხარედ.

საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, იმავე თვის 26 რიცხვში დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG