Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოხმაურებები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ 8 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა „ფაშიზმის თანამონაწილეებად“ მოხსენიებას, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გამოხმაურება მოჰყვა.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ არასამთავრობო სექტორის წამრომადგენელთა „ფაშისტებად“ მოხსენიება დიდი შეცდომაა ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ის ძირითადი მოთამაშეები, რომლებსაც პირველ რიგში უსმენს საერთაშორისო საზოგადოება. ამ კონტექსში სიტყვა „ფაშიზმის“ გამოყენება, მისი თქმით, არის იდეოლოგიური შეურაცხყოფა და სამწუხარო ფაქტია, რომ ეს ტერმინები პოლიტიკოსებისგან ისმის:

მეორე პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება კრიტიკულ სიტუაციაში კარგავს სახეს და საქციელს და არიან სრულიად შეუწყნარებლები, მთლიანად ამოხტნენ ყველანაირი სტანდარტიდან.
გიგა ბოკერია

„ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ხისტი და ბრუტალური რიტორიკა, რასაკვირველია, აზიანებს ხელისუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან პოლიტიკური პარტიები, ვისთანაც ომში ყველაფერი მოსულა. არასამთავრობო ორგანიზაციები არ იბრძვიან პოლიტიკური ძალაუფლებისთვის. ისინი სოციალური ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში პოლიტიკას განსაზღვრავენ ან მონიტორინგის ფუნქციას ასრულებენ. ისეთ ინსტიტუტებს, რომლებიც თავისი არსით მონიტორინგს უწევენ დემოკრატიზაციის პროცესს და პოლიტიკის თვალსაზრისით სტრატეგიულ მიმართულებას განსაზღვრავენ, მათზე შეტევა არის არაადეკვატური საქციელი. შეიძლება არ დაეთანხმო, შეეწინააღმდეგო, ალტერნატიული აზრი გამოთქვა. უწოდო „ფაშისტები“ და ასეთი ტერმინოლოგია გამოიყენო მათ წინააღმდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება ექსპერტულ აზრს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მონიტორინგის განხორციელებას ძალაუფლებაში არჩართული აქტორების მხრიდან“.

კობახიძის განცხადებას შეურაცხმყოფელად მიიჩნევს „ევროპული საქართველოს’’ ლიდერი გიგა ბოკერიაც. მისი თქმით, ეს განცხადება, ერთი მხრივ, შეურაცხყოფაა ფაშიზმის მსხვერპლთა მიმართ:

„მეორე პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება კრიტიკულ სიტუაციაში კარგავს სახეს და საქციელს და არიან სრულიად შეუწყნარებლები, მთლიანად ამოხტნენ ყველანაირი სტანდარტიდან. აი, ეს ორი პრობლემაა, როცა კობახიძის განცხადებებზე ვსაუბრობთ".

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ მას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ისეთივე პოზიცია აქვს, როგორიც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, და იმეორებს თავის მიერ 5 დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან საარჩევნო კამპანიის კრიტიკა პოლიტიკური განცხადება და შეფასებებია.

დღის განმავლობაში ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გაკეთებული სხვა კომენტარები მოკლედ იხილეთ ქვემოთ:

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG