Accessibility links

„გამოჯანსაღებულის სიმღერა“


ავტორი: დრაიკა

მან ხელი შემახო და მისი ხელი იყო მსხვრევადი, უფსკრულზე გაჭიმული ბეწვის ხიდი, საიდანაც შემზრავად ჩუმი სიბნელე შემომყურებს.მან ეს იცოდა და მაღლა ვარსკვლავებზე მიმითითა; მე შევხედე უსასრულო სივრცეს, ყველა მისი ატომით, მხოლოდ ჩემს მოგონებებში გაზავებული გრძნობებით, რომ შემეძლო მისი ხილვა - წითელი ზეცით, ჩემი უწყინარი ბუსუსებით, ნიავით, სუნთქვით, ყურებგადაწეული კატის სელაპისებრი გამომეტყველებით - ჩემი მითოსური სამყაროს მეშვეობით და ვუთხარი:

- აი, ამ სამ ვარსკვლავს ხომ ხედავ,მეოთხესაც, დაბლა რომ არის?

- ეგ ორიონის თანავარსკვლავედია - მიპასუხა მან;

- შეიძლება ... მაგრამ,ეგ ჩემი ყვითელი ცხენია, ჩემმა ძმამ ბავშვობაში დამიხატა - ვუპასუხე, ისე რომ მისთვის არც შემიხედავს.

- როგორ გგონია ქარი იქაც არის? - ვიკითხე დაუფიქრებლად. მას არაფერი უთქვამს.

- ჰო...- განვაგრძე მე - იცი, მე სიო ვიქნები, რომელიც ფოთლებში გაიშრიალებს და ტალღებს მსუბუქად გაკაწრავს, სანაცვლოდ კი, თეთრი პატარა ქიმები მას კეკლუც შხეფებს შემოაფრქვევენ. მან ისევ არაფერი მიპასუხა. ჩაგვეძინა.

ისევ გათენდა,დრომ კიდევ ერთი წრე შემოხაზა და მან თავისთავადი ნივთების სამყაროში სინათლისა და ჰაერის მუჭში მომწყვდევა მასწავლა, მასწავლა თამაში, ბევრი თამაში; ის ჩემი ანარეკლი იყო, მე - მისი. დღეს დიალოგის გარეშე ჩაგვეძინა.

ერთ დღეს ზურგზე ხის დიდი ძელების დაწოლა ვიგრძენი, ხიდან ოფლი და სისხლი ჩამოდიოდა და ჩემი ღაწვებისა და ცხვირის გავლით პირში მეღვრებოდა. ასეთი გემო არასდროს გამისინჯავს, ისევ თამაში მინდოდა, მაგრამ ეს დაუსრულებელი ნაკადი განაგრძობდა ჩემი სხეულის ამოვსებას ბლანტი წითელი სითხით, რომელსაც ოფლის სუნი ასდიოდა. - სად ხარ? სად ხარ? - მოვუხმობ ჩუმად, ის კი ორ გადაჯვარედინებულ ძელზე აღიმართა ჩემ წინ და მეფური დიდებულებით მიბრძანა - მიიღე სისხლი ჩემი და ხორცი ჩემი! თვალთ დამიბნელდა და გული ამერია. გამოღვიძებულს მისი ნაშიერების სუნი მეცა, დავინახე, როგორ მიათრევენ ახალ მესიას გამოქვაბულის ადამიანები, ემთხვევიან, ლოშნიან და გავეშებული ლტოლვით აცხრებიან მის სხეულს, ის კი ტკივილში შეზავებული სიამოვნებით გაჰკივის - მე მახვილს მოგცემთ, მთელი ცივილიზაციის საწყისს, მაგიურ წრეს, თაყვანი მეცით, შეჭამეთ ხორცი ჩემიდა შესვით სისხლი ჩემი! - თან იცინის ისტერიულად. წურბელები იბერებიან, იბერებიან და სისხლით სკდებიან ჩემ თვალწინ. მან თავისი სისხლით გამოკვება მხეცები და ახლა ნაწამები იცინის, იცინის დაუსრულებლად. სად ხარ? სად ხარ? - მოვუხმობ ისევ.ის კი გამყინავი სიცილით აცარიელებს ჩემს გულ-მუცელს. თავბრუ დამეხვა, ყველაფერი აირია, აღარაფერი მახსოვს, მან მეც შემშალა, ყველა ერთიანად შეიშალა და მეც ავაგე გვამების დაუსრულებელი კიდობანი, თაყვანისცემის მარადიული სასუფეველი. ის ყოველ დღე მკვებავს თავისი ხორცით და სისხლით, ფილტვები ამომევსო, ვეღარ ვსუნთქავ, ის კი ყოველ დღე მასხამს ბალღამს, სახეწაშლილმა რომ თაყვანი ვცე.მე ვარ ჭურჭელი, რომელშიც სისლხს, ხორცს და ოფლს ასხამენ, მხოლოდ მის სისხლს, ხორცს და ოფლს. ის თვითნებურად შემავსებს და დამაცარიელებს, მე მას ვეკუთვნი დაშურს იძიებს ჩემზე , როდესაც სხვის სხეულს შევეხები.

თეთრ სარეცელში ვწევართ, ვგრძნობ ნაზ შეხებას მამაკაცის, ახალი ტელევიზორით, კარიერით, ახალი სარეცხი მანქანით რომ ამოჰყვება ჩემს თეძოებს და მთავრდება კულტურული ტრიუმფალური გაფრქვევით ჩემს სხეულში. ჩემი სხეული სინაზის კანს იხევს, მე მონსტად გადავიქეცი და გავკივი ჩემ შიგნით: - გაარღვიე ჩემი სხეული შენი სიდიდით, ასე რომ გზრდის, იზეიმე იქამდე, სანამ ტვინში სისხლი არ ჩამექცევა, იქნებ, ახლა მაინც გავთავისუფლდე ამ გაუგებრობისგან, იქნებ, ჩემი სულიც გაჟიმო, იქნებ, გაუქმდეს ეს „დაპირისპირებულთა ერთიანობის“ პროგრამა, ეს პირველყოფილი ცნობიერების კანონი ჩემში!პირველყოფილთა ფიზიკური ტკივილები ფსიქიკურ ტკივილებად გარდაიქმნა, ვიღაც გიჟის შემოქმედების ნაყოფები ვართ, ჩვენი აზროვნებისგან მხოლოდ სპეკულაცია შემოგვრჩა, მის მიერ ჰარმონიულად გამოქანდაკებულ სხეულებში, რომლის საერთოდ არაფერი გამეგება. სხეული ტიკად მექცა, რომელსაც ვავსებ იმისთვის, რომ ფეკალური მასებით გაამდიდროს სამოთხიდან გამოდევნილთა მიწა. ამხელა ისტორია იმისათვის დაიწერა, რომ გიჟი მამის გენეტიკას ფრთები შეესხა?! რატომ მიყურებ ათვალწუნებით, როცა სხვის სხეულს ვეხები, შენი საკრალური სხეულის ნაცვლად?! შენ გინდა შენი სიგიჟეები გამოვკვებო და ამიტომ სჯი ჩემს სხეულს გამუდმებით. ამის შემდეგ მხოლოდ სხეულს შევეხები, შე შეშლილო, მე სხეულს შევუერთდები და დავასრულებ შენი შეშლილობის მეუფებას! შენ მომკლავ ამის გამო და აღარავინ გეყოლება, ვინც შენს შეშლილობას გამოკვებავს, მე შენც გაგათავისუფლებ შეშლილობისგან. ტრანსცენდენტულმა ღმერთმა თითი ჩემკენ გამოიშვირა და კოლექტიურმა მძვინვარებამ ჩააქვავა სისხლსა და თესლში ამოსვრილი მხეცების სხეულები.

სადღაც შორს მზე წყალში ჩაიღვარა, უფსკრულიდან ჰანგები ამოწკრიალდა, პირველყოფილი ადამიანის შიში გაიფანტა. მან ჩემს პატარა საცეცს თავისი საცეცი შეახო, სიო არხევს ბუსუსებს ჩვენს რწყილისებრ სხეულებზე, სამარისებური სიჩუმეა, ახლა თოკის მეორე მხარეს ვართ, მე და ის ისევ შევყურებთ ვარსკვლავებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG