პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის შეკრების ორგანიზებისთვის გასამართლებულთა ჯგუფიდან მხოლოდ ორი მსჯავრდადებულია დასახელებული - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა და თადარიგის პოლკოვნიკი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლაშა ბერიძე.
თუმცა, როგორც ირკვევა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება ამ საქმეზე ორზე მეტ მსჯავრდადებულს სურს.
ზოგადად, საპროცესო შეთანხმება შესაძლოა გულისხმობდეს საპატიმრო ვადის შემცირებასაც, თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ შემთხვევაში მიზანს პატიმრების გათავისუფლება წარმოადგენს.
“მშვიდობიანი დამხობის” საქმეს ახლა სააპელაციო სასამართლო განიხილავს. ზოდელავასა და ბერიძის საკითხების ცალკე გამოყოფის შემდეგ, 5 ოქტომბერს, მოსამართლე თეა ლეონიძემ სხდომა გადადო. პროცესი 13 ოქტომბერს განახლდება.
პაატა ბურჭულაძე არ ითხოვს საპროცესო შეთანხმებას
საოპერო მომღერალი, რომელიც, სხვებთან ერთად, უკვე ერთი წელია საპატიმროშია, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ ითხოვს და გისოსებს მიღმა დარჩენას ამჯობინებს, თანამებრძოლების განკითხვის გარეშე. საპროცესო შეთანხმებისკენ დაძრულ პროცესს უარყოფითად აფასებს მისი ვაჟი, შუქრი ბურჭულაძე.
„ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი!.. პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი”, - პაატა ბურჭულაძის ვაჟი სოციალურ ქსელებში ასევე წერს, რომ “მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.
და რას ფიქრობს თავად პაატა ბურჭულაძე?
ადვოკატი შოთა თუთბერიძე გვეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიესალმება პატიმრების გათავისუფლებას, თუმცა ამ ეტაპზე თავად ამ ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს.
“საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას ის განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება იგივე შესაძლებლობა”, - ამბობს ადვოკატი.
4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში პაატა ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების არალეგიტიმურობა საქართველო მოქალაქეებმა “სახალხო კრების” გადაწყვეტილებით გამოაცხადეს და რომ “ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის და თითოეული მოქალაქისთვის”. ბურჭულაძემ იმ დღეს “სახალხო კრების” დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, “ქართული ოცნების” ლიდერების, მათ შორის ივანიშვილის პასუხისგებაში მიცემას აანონსებს.
პაატა ბურჭულაძე არასოდეს უარყოფდა, რომ “სახალხო კრების” [4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის] ორგანიზატორი იყო.
2025 წლის 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობა "რუსთაველის გამზირმა" საპროტესტო აქცია - "სახალხო კრება" - დაგეგმა. თავისუფლების მოედანზე გამართულ ამ აქციას წინ უსწრებდა მოწოდებები “მშვიდობიანი დამხობის შესახებ”. არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე ერთ ჯგუფს ჰქონდა მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“. პროცესი ათონელის რეზიდენციის რკინის ჭიშკრის გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
სხვები რას გეგმავენ?
ამ ეტაპზე პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების განზრახვა ოფიციალურად დადასტურებული აქვს მხოლოდ ორი მსჯავრდადებულის შემთხვევაში, ესენი არიან: მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე. მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
თუმცა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ 5 ოქტომბერს მედიას მკაფიოდ მიანიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე განხილვის პარალელურად, საპროცესო შეთანხმების საკითხი ორზე მეტი პატიმრის შემთხვევაში განიხილება:
“ზოგიერთ მსჯავრდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე… რამდენიმე მათგანს მომართული აქვს და განვიხილეთ, ზოგიერთთან დეტალებია დასაზუსტებელი, ზოგიერთთან კი ისევ განხილვის ეტაპზე ვართ”.
პროკურორ ხინთიბიძეს გვარები არ დაუსახელებია. თუმცა სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ საპროცესო შეთანხმების საკითხზე ლაპარაკია გური ჟვანიას შემთხვევაშიც. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ასევე - ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ დაადასტურა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც:
“ჩვენ პირველ ინსტანციაში ვიდავეთ და ზოგადად ვხვდებით, რომ მოცემული კონტექსტის და იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც ვუყურებთ უკვე თითქმის ერთი წელია, ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივაღწიოთ ბრალდების მხარესთან“.
მანამდე, სექტემბერში, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნიკოლოზ გვენცაძეს, რომლის საქმეც ორგანიზატორების საერთო საქმესთან ერთად განიხილებოდა და 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. საპროცესო შეთანხმების თანახმად, რომლის პირობებიც 14 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა - გვენცაძე ერთ წელს ციხეში გაატარებს, სამი წელს კი პირობითი მსჯავრის ქვეშ დარჩება.
პოლიტიკოსების ჯგუფთან ერთად განიხილებოდა თორნიკე მჭედლიშვილის საქმეც - ასევე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით. მსჯავრდადებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, როდესაც ის მარიამობისთვის შეწყალებულთა სიაში მოხვდა.
“მშვიდობიანი დამხობის” საქმეზე პოლიტიკოსების ჯგუფთან ერთად გაასამართლეს ირაკლი შაიშმელაშვილიც, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც აშშ-ში იმყოფება. მას 2 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.
ვინ ამბობს უარს?
ამ ეტაპზე რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია, რომ, პაატა ბურჭულაძის გარდა, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერთან, პაატა მანჯგალაძესთან და “ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი ნადირაძესთან.
„ადამიანის თავისუფლება არის თავიდან ბოლომდე მისი პერსონალური საკითხი. ყველა პიროვნება თვითონ განსჯის და წყვეტს, როგორ მოიქცეს”, - უთხრა მედიას მანჯგალაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატი ამბობს, რომ უცვლელია მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში ჩამოაყალიბა.
ბოლოს გამოქვეყნებულ წერილში პაატა მანჯგალაძე წერს, რომ სამშობლოს სიყვარულს ვერ მოინანიებს.
„არავის განსჯას არ ვაპირებ, თუმცა, პირადად მე ვთვლი, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის ტრადიციების გაგრძელებისთვის, უიარაღო სიმართლის ერთგულებისთვის მე უფლება არ მაქვს ასე მოვიქცე, მიყვარს თავისუფლება, მომენატრა ჩემი ტასიკო მაგრამ მე ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც პროკურატურამ დამაბრალა, რომ თითქოს 4 ოქტომბერი ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით დავაორგანიზე", - დაწერა მანჯგალაძემ.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი ჯამში 64 ადამიანს წაუყენეს. 20-ზე მეტი დაკავებული საპროცესო შეთანხმებით ან შეწყალებით სხვადასხვა დროს გაათავისუფლეს.
რეაქციები
“4 ოქტომბრის შეუმდგარი დამხობის მოძალადეები” - ასე უწოდებს ამ საქმის ფარგლებში მსჯავრდადებულებს სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მოლაპარაკე თავი შალვა პაპუაშვილი და მათ ასევე “უცხო ძალების უნამუსობის პატიმრებად” მოიხსენიებს. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები უცხო ქვეყნების დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა წაახალისეს, შემდეგ კი ციხეში მყოფ ხალხს ვეღარ უშველეს. პაპუაშვილი ამბობს, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება ბრიუსელში აწყობთ.
“ყველას მოვუწოდებ, აღიარონ ის, რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს წინაშე, აიღონ პასუხისმგებლობა, მათ შორის იმაზე, რომ აღარ ჩაიდენენ ასეთ დანაშაულს ქვეყნის წინაშე და სახელმწიფო მათ მიმართ ლმობიერი იქნება”, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
“საბოლოოდ ჩამოიშალა და ჩამოინგრა ე.წ. რევოლუციური ენთუზიაზმი, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ. ეს არის აგენტის ბედი და ხვედრი, ისე გამოგიყენებენ, ისარგებლებენ შენით, მერე მიგატოვებენ და საბოლოო ჯამში, შენ გიწევს სიმართლის აღიარება იმისთვის, რომ თვალი გაუსწორო რეალობას”, - განაცხადა 6 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა.
პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია ბოლო წლების საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების მიმართ - იქნება ეს საპროცესო შეთანხმება თუ პრეზიდენტის შეწყალება. საპატიმროს დატოვების ორივე გზა ფორმალურად ბრალის აღიარებასა და ჩადენილი დანაშაულის მონანიებაზე გადის.
- "იმ აქციაზე ვინც დააკავეს, რომლის ორგანიზატორიც იყავი, ისინი სანამ ციხეში არიან მანამდე მაინც არ უნდა დატოვო საპატიმრო ეგ სულ მინიმუმ".
- "რა უნდა დავწერო ადამიანებზე ვინც წინ უძღვებოდა ხალხს, რომელიც დღეს ციხეშია და ამ ხალხს ტოვებენ და თვითონ გამოდიან".
- "ადრე თუ გვიან მართლა დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი!!"
- წერენ სოციალურ ქსელებში 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების ამბის გახმაურების შემდეგ.
არსებობს განსხვავებული შეფასებებიც - საზოგადოების ნაწილი მიუთითებს, რომ აღიარება ფორმალობაა და საპატიმროს ყველამ უნდა დააღწიოს თავი, სამომავლო პროცესებში ჩართვის მიზნით:
- "თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, რა ხერხითაც მოახერხებენ მოახერხონ გარეთ გამოსვლა".
- "ყველა პატიმარი უნდა გამოვიდეს გარეთ, თუნდაც საპროცესო გარიგებით. ყველამ ვიცით, რომ უდანაშაულოები არიან".
- "საპროცესო ყველამ უნდა გააფორმოს, ისინი გარეთ უფრო საჭირონი არიან ამ უთანასწორო ბრძოლაში".
- "პოლიტპატიმრები ყველა საშუალებით უნდა გამოვიდნენ და არავინ გაამტყუნებს იმიტომ, რომ არაფრის გამო სხედან".
“ეს არის ტაქტიკა, რომელიც უნდა გამოიყენონ აუცილებლად… ყველას მოვუწოდებ, რომ ვისაც უნდა, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება, გამოიყენოს… ისინი ამ შეთანხმების შედეგად გარეთ იქნებიან და ჩვენ ამ ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები, ვიდრე ციხეში”, - უთხრა ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანი წითლიძემ. ოპოზიციურ პარტიაში თვლიან, რომ ეს არის არა “ქართული ოცნების” კეთილი ნება, არამედ არის “საქართველოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების ჩართულობით გაჩენილი შესაძლებლობა”. ლაშა ფარულავამ მადლობა პირადად პატრიარქ შიო III-ს გადაუხადა.
- პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ადანაშაულებენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში - 225-ე მუხლის პირველი ნაწილით; სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებასა ან ბლოკირებაში, ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; და ასევე, ბრალდებებს შორის არის “მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ” - 317-ე მუხლი. მისჯილი აქვთ 7-7 წელი.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. მანჯგალაძის ორგანიზატორობას საორგანიზაციო ჯგუფი უარყოფდა. მისჯილი აქვს 7 წელი.
- ლაშა ბერიძეს ბრალად ედება სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება - ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი. ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მისჯილი აქვს 7 წელი.
- ირაკლი ჩხვირკიას ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი და ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას - სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი. მისჯილი აქვს 5 წელი.
- გური ჟვანიას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან - 225-ე მუხლის მეორე ნაწილი. მისჯილი აქვს 5 წელი.
ფორუმი