Accessibility links

გაუფასურებული ლარით და სეზონურობით გაზრდილი ფასები პროდუქტებზე


ქუთაისი

„ყველაფერს მოუმატებენ ახლა, მთავარია ლარი გაუფასურდეს დოლართან და ყველაფერს მოემატება ფასი. პურს მოემატა 5 თეთრი, ეს ერთი კვირაა“;

„გააჩნია ხორცს, მასზე არის სხვადასხვა ფასი - 15-16 ლარი საქონლის და ხბოს 18-20 ლარზე ადის“;

„პომიდორი ახლა 2,5 ლარია, კიტრი 2ლარია და ფასი მომატებულია ლარით ამ ერთ კვირაში, ყვავილოვანი კომბოსტო 2,5 ლარი, ჭყინტი ლობიო 1,5 ღირს, ლარი ღირდა“;

„ყველი 8,5 -9 ლარი ღირს. ასე დიდი ფასი ყველს არასდროს ქონია არც სეზონურად და არც ისე“;

„ყურძენი ილევა და მისი ფასი 2,5 ლარი გახდა, გულაბი მსხალიც ასევეა, მოემატა ფასი. აზერბაიჯანული ტკბილი ბროწეული 5 ლარამდე ღირს, ასევეა ლიმონიც, რადგან ჩვენი ჯერ შემოსული არ არის. ვაშლი შედარებით ბევრია და 1,5-ია მისი ფასი. შემოილია ქლიავიც და გაძვირდა 3 ლარამდე“;

„ბურღულეული უნდა აიღო დიდი რაოდენობით, აქციით, რომ შემდეგ გაყიდო ნორმალურ ფასში. ზოგიერთმა კომპანიამ 5-10 თეთრით უკვე გააძვირა ფასები რძეზე, მაწონზე, არაჟანზე და სხვა პროდუქტებზე“. - ბოლო პერიოდში გაძვირებული ეს პროდუქტები რადიო თავისუფლებას დაუსახელეს ქუთაისის ცენტრალურ ბაზარსა და სასურსათო მაღაზიებში სხვადასხვა პროდუქციით მოვაჭრეებმა.

ბაზარი ქუთაისში
ბაზარი ქუთაისში

აგრარულ ბაზარში ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ხილის და ბოსტნეულის სეზონურობა. მოვაჭრეების თქმით, წლის ამ პერიოდში საქართველოში მოსავალი ილევა, იმპორტირებული პროდუქტის ფასი კი უცხოური ვალუტის - ძირითადად ამერიკული დოლარის - კურსით იანგარიშება და ლარის გაუფასურების ფონზე ძვირდება. სურსათზე ფასის მატებით უკმაყოფილონი არიან როგორც მყიდველები, ისე გამყიდველები.

„მომხმარებელიც არ არის, ფასს იკითხავენ და გარბიან“;

„ბაზარში ისე კანტიკუნტად შემოდის მომხმარებელი, გაგიკვირდებათ“.

რძის პროდუქტების, მათ შორის ყველის გაძვირებას გლეხები პირუტყვის საკვებზე ფასის გაზრდას უკავშირებენ.

რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხულთა ნაწილი პროდუქტზე ფასის ზრდას საწვავის გაძვირებით ხსნის. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, საწვავის გაძვირების გამო გაიზარდა მგზავრობის ღირებულებაც ქუთაისთან ახლომდებარე სოფელ ფარცხანაყანებამდე:

ბაზარი ქუთაისში
ბაზარი ქუთაისში

„ბენზინია ძვირიო და გაგვიზარდეს მგზავრობის ფასი. ჩვენთან, ერთი კვირაა, 1,3 ლარი გახდა. ლარს ვიხდიდით. აქეთ რომ წამოვალ, უკანაც ხომ უნდა დავბრუნდე. ძვირია“.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში 10 თეთრით მოიმატა. „პრემიუმის“ ხარისხის ბენზინს მოვიხმარ ჩემს ავტომობილში, რომელიც 2,5 ლარი ღირდა და 2,6 გახდა. მეორე წელია, რაც ავტომანქანა ვიყიდე და ამ დროის განმავლობაში 55 თეთრით გაძვირდა ბენზინის ფასი და მანქანის შენახვა უკვე ჭირს. დაახლოებით, 60-70 ლარით მეტი მჭირდება ბენზინისთვის ყოველთვიურად“.

საწვავის გაძვირებას რამდენიმე მიზეზით ხსნის ეკონომისტი პაატა კლდიაშვილი. მისი თქმით, ბოლო თვეებში ლარის სისტემატურმა გაუფასურებამ, სავარაუდოდ, უარყოფითი გავლენა მოახდინა იმპორტიორებზე და ამას დაემატა არასტაბილური გარეშე ფაქტორებიც. პაატა კლდიაშვილი სურსათის გაძვირებას იმით ხსნის, რომ დიდი ნაწილი იმპორტირებული და დოლარზე დამოკიდებულია. ეკონომისტისავე შეფასებით, ბოლო დღეებში ლარის გაუფასურება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, რადგან ამ პერიოდში არ დაფიქსირებულა არც ერთი ეკონომიკური მაჩვენებელი ან გარე ფაქტორი, რომელიც ლარის კურსის ვარდნას გამოიწვევდა. პაატა კლდიაშვილის განცხადებით, სიტუაციის დარეგულირებას სჭირდება პოლიტიკური პროცესების სტაბილურობა და სწორი ფისკალური პოლიტიკა:

ქუთაისი
ქუთაისი

„ლარის გაუფასურება, რასაც ადგილი აქვს ბოლო დღეების განმავლობაში, მთლიანად გამოწვეულია ქვეყანაში არსებული შიდა მდგომარეობით. უარყოფითი მოლოდინები უარყოფით გავლენას ახდენს ლარის კურსზე და იწვევს მის გაუფასურებას. წინასაარჩევნო პერიოდი ყველაზე დაძაბულ ფაზაშია შესული და ძირითადი ფაქტორი და ლარის გაუფასურების მთავარი გამომწვევი მიზეზია. თუ საზოგადოებას მოლოდინები ექნება დადებითი და არ ექნება არასტაბილურობის შეგრძნება, ეს დადებითად აისახება ლარის კურსზეც“.

ეკონომისტი პაატა კლდიაშვილი ვარაუდობს, რომ, არასტაბილური პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, არჩევნების წინა პერიოდში და არჩევნების შემდეგ ლარის გამყარება მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლა დამოკიდებული იქნება როგორც გარე ფაქტორებზე, ასევე ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG