Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახდება სერბეთის ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვუჩიჩი პრემიერ-მინისტრი?

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი თავისი სერბული პროგრესული პარტიის მიტინგზე ბელგრადში, 2026 წლის 27 ივნისი
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი თავისი სერბული პროგრესული პარტიის მიტინგზე ბელგრადში, 2026 წლის 27 ივნისი

პოლიტიკური უკან დახევა თუ ხელისუფლებაში დარჩენის ტაქტიკა? - ეს შეკითხვა გაჩნდა სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის ბელგრადის ცენტრში შეკრებილი ათასობით მხარდამჭერის წინაშე გამოსვლის შემდეგ, 27 ივნისს.

ვუჩიჩმა ხალხს მიმართა, რომ ის ქვეყნის პრეზიდენტი „კიდევ რამდენიმე კვირით“ იქნებოდა.

თუ ეს მოხდება, ის თანამდებობას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ერთი წლით ადრე დატოვებს - კანონით, მას 2027 წლის მაისამდე აქვს დრო.

ვუჩიჩი ორჯერ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად და რადგან კონსტიტუციით მესამედ არჩევის უფლება არ აქვს, კენჭისყრაშიც ვერ ჩაერთვება.

თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის გადადგომის შესახებ აცხადებს. მას საჯაროდ ადრეც გამოუცხადებია, რომ თანამდებობას ტოვებდა. ეს ხდებოდა ხოლმე მცირე და დიდი პოლიტიკური კრიზისის დროს. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ის აღმოჩნდა ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული პრობლემის წინაშე: კორუფციის შეჩერებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამართული საპროტესტო გამოსვლების სახით.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობა?!

ამ დრომდე, ის უარს ამბობდა არჩევნებისკენ მოწოდებაზე.
ბელგრადის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დუშან სპასოევიჩი მიიჩნევს, რომ მის ბოლო განცხადება შეიძლება გავიგოთ როგორც ვუჩიჩის განზრახვა, გახდეს სერბეთის პრემიერ-მინისტრი.

„პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი შესაძლო მოხვედრა მას მხოლოდ დააკავებინებს იმ ადგილს, სადაც ის კონსტიტუციურად უკვე არის - ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პოლიტიკური ფიგურისა“, - განუცხადა სპასოევიჩმა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს.
სპასოევიჩი ლაპარაკობს, რამდენიმე „ვარიანტზე“, რამაც შეიძლება მიიყვანა ვუჩიჩი გადადგომის შესახებ განცხადებამდე.

„ერთ-ერთი ის არის, რომ მას აღარ შეუძლია პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა ანუ, სხვა თანამდებობაზე უნდა იყაროს კენჭი, რათა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შესაძლო ერთად ჩატარებამ მას საარჩევნო კამპანიაში სრულყოფილად მონაწილეობის საშუალება მისცეს“, - ფიქრობს სპასოევიჩი.

ბელგრადში გამართულ მიტინგზე ვუჩიჩმა თავისი სერბეთის პროგრესული პარტიის წევრებს განუცხადა, რომ მათ საპარლამენტო არჩევნებში ხალხის ნდობის მოპოვებაში დაეხმარება.

ვუჩიჩს თუმცა, არ უთქვამს, როდის დაინიშნებოდა არჩევნები და რა გზით აპირებდა საარჩევნო რბოლაში ჩართვას.

„კიდევ ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ ვუჩიჩი თვლის, რომ სერბეთის პროგრესული პარტიის კანდიდატს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება და წინასწარ გარკვეულ დათმობებზე მიდის, რათა კონსტიტუციურად უფრო ძლიერი პოზიცია დაიკავოს“, - ვარაუდობს ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვუჩიჩმა არ გამორიცხა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობა.
არც ვუჩიჩის პარტიამ და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ უპასუხეს რადიო თავისუფლების შეკითხვებს ამ თემის გარშემო.

რას ამცნობს ის მთავრობის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს?

2024 წლის ნოემბრიდან სერბეთში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო მასობრივ აქციები იმართება.

სტუდენტური მოძრაობა, რომელიც საპროტესტო აქციებს აწყობს, მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.

"[ვუჩიჩი] მათ ამცნობს, რომ პროცესის დინამიკას კვლავ ის განსაზღვრავს. მაგალითად, რომ მას შეუძლია გამოვიდეს საპარლამენტო არჩევნების შედარებით სწრაფად დანიშვნის წინადადებით, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების დაჩქარების, მათი ერთად თუ ცალ-ცალკე გამართვის სურვილით“. - განმარტავს სპასოევიჩი.

საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები მოითხოვდნენ ვუჩიჩისგან, პატივი ეცა ქვეყნის პრეზიდენტის, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებებისთვის.

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად, ხოლო პრეზიდენტის ფუნქცია ძირითადად პროტოკოლურია.

სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტი წარმოადგენს სერბეთს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მეთაურობს არმიას, აქვეყნებს კანონებს, პარლამენტს სთავაზობს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს და გასცემს შეწყალებებსა და ჯილდოებს.

ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა არაერთხელ დაადანაშაულეს იგი ამ უფლებამოსილებების დარღვევაში და სერბეთში არსებული მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციაც ამაზე ლაპარაკობდა.

„პუტინ-მედვედევის გეგმის ამოქმედება“

ეს ავტორიტარული ლიდერი და მისი - სერბეთის პროგრესული პარტია 2012 წლიდან მთავრობის ხერხემალია. ამ პერიოდში ვუჩიჩი ვიცე-პრემიერი იყო, შემდეგ პრემიერ-მინისტრი, ხოლო 2017 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია.

„მისი მთავრობა 2012 წლიდან ისე შეიცვალა, რომ დროთა განმავლობაში ის სხვა აქტორებზე სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებული გახდა და პოლიტიკურად კი - სულ უფრო და უფრო გავლენიანი“, - ამბობს პროფესორი დუშან სპასოევიჩი.

ის თვლის, რომ მისი გადადგომით ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვლება.


„მე მგონი, ეს პუტინ-მედვედევის გეგმის, ან იმგვარი ქმედებების დაწყებაა, რომლებსაც (მონტენეგროს ყოფილმა ლიდერმა) მილო ჯუკანოვიჩმა მიმართა რამდენჯერმე “, - უთხრა რადიო თავისუფლებას სპასოევიჩმა.
რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, 1999 წლიდან უწყვეტად არის ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში დარჩენის კონსტიტუციური შეზღუდვების თვის გვერდის ასავლელად ის მონაცვლეობით იკავებდა ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს.
ჯუკანკოვიჩიც მსგავსი მოდელით მართავდა ქვეყანას. ის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო მაშინდელი მმართველი სოციალისტების დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მონტენეგროს არაერთგზის პრემიერ-მინისტრი და ორჯერ პრეზიდენტი.

სპასოევიჩი აღნიშნავს, რომ ეს განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არ არის მიღებული.

„ვფიქრობ, ეს კვლავ სერბულ-მონტენეგროულ-რუსული ტრადიციის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ლიდერთან ერთად მოდის და არა ფუნქციასთან ერთად“, - დასძენს ის.

საჭიროა თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვუჩიჩის მოსახვედრად არჩევნები?

თუ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება, ახალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასანიშნად ვუჩიჩისთვის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა აუცილებელი არ არის.

ვუჩიჩის პროგრესულ პარტიას ამჟამად უმრავლესობა ჰყავს სერბეთის პარლამენტში - 250-დან 136 ადგილს ფლობს.

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს პრეზიდენტის წინადადებით ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა.

კონსტიტუცია არ მოითხოვს, რომ პრემიერ-მინისტრი მხოლოდ არჩევნების შემდეგ შეიძლება აირჩიონ.

მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ჯურო მაჩუტის გადადგომის ან მისი კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, მოქმედ საპარლამენტო მოწვევას შეუძლია ახალი პრემიერ-მინისტრისა და ახალი მთავრობის არჩევა.

ეს ნიშნავს, რომ თუ ის გადადგება, როგორც მან განაცხადა, ვუჩიჩი შეიძლება გახდეს სერბეთის მთავრობის მეთაური.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ასეთი სცენარი, მმართველმა პარტიამ არ უპასუხა.

რა მოხდება პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ?

თუ ვუჩიჩი გადადგება, როგორც მან განაცხადა, კანონის თანახმად, საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ავტომატურად ხდება მოვალეობის შემსრულებელი პრეზიდენტი და შეუძლია ამ თანამდებობაზე მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში დარჩენა.

ამ შემთხვევაში, ეს არის ანა ბრნაბიჩი, რომელიც ასევე სამი ვადით იყო სერბეთის პრემიერ-მინისტრი.

მან უნდა დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები, რათა ის ჩატარდეს გადადგომიდან არაუგვიანეს სამი თვისა.

„რაც ჰიპოთეზურად ნიშნავს, რომ თუ ვუჩიჩი, მაგალითად, ივლისის ბოლომდე გადადგება, საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გვექნება“, - ამბობს დუშან სპასოევიჩი.

რადიო თავისუფლებამ ვერც ვუჩიჩის კაბინეტისგან და ვერც მისი - სერბეთის პროგრესული პარტიისგან ვერ მიიღო პასუხები შეკითხვებზე, შეიძლება თუ არა ან როდის უნდა ველოდოთ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.

XS
SM
MD
LG