Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელათის რესტავრაცია სახელმწიფომ საპატრიარქოს გადააბარა - სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება?


გელათის მონასტერი
გელათის მონასტერი

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გელათის კომპლექსის რეაბილიტაციას საპატრიარქო ჩაიბარებს და უხელმძღვანელებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ 24 თებერვალს გამოცხადდა შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრი წულუკიანი, ეპისკოპოსები, მეცნიერები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მიწვეულთა დიდმა ნაწილმა არ იცოდა, რომ გელათის რესტავრაციის მართვის შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფოს უკვე მიღებული ჰქონდა. თეა წულუკიანის საპატრიარქოსთვის გაკეთებულ შეთავაზებას წინ უძღოდა არაერთი კრიტიკული დასკვნა გელათში ბოლო პერიოდში ჩატარებული სამუშაოების თაობაზე და ეკლესიის მკვეთრი განცხადება იმის შესახებ, რომ გელათში მდგომარეობა კრიტიკულია.

გეგმა, როდის და როგორ განახლდება გელათში სამუშაოები ან კონკრეტულად ვინ იქნება ამ პროცესში ჩართული, ჯერ არ არსებობს. არც ის არის ცნობილი, რა თანხას გამოყოფს სამინისტრო 2023 წელს ამ საქმისთვის.

“ჯერ ადრეა, ასე მყისიერად როგორ შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული”, - უპასუხა რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კითხვაზე, შეიძლება თუ არა უკვე იმის თქმა, რომელი ჯგუფი იმუშავებს გელათის გადარჩენისთვის და როდის, რა გეგმით განახლდება სამუშაოები სამონასტრო კომპლექსში.

ითქვა მხოლოდ ის, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. ახლა ყველა ელოდება მთავრობის განკარგულებას, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს მხარეთა ვალდებულებები, ბიუჯეტი, სამუშაოები და მათი შესრულების ვადები.

“ორი კვირის განმავლობაში უნდა გაფორმდეს შეთანხმება და შემდეგ უკვე საპატრიარქო დაიწყებს მოქმედებას, როგორც საჭიროდ ჩათვლის. რა თქმა უნდა, [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის] სააგენტოსა და ჩუბინაშვილის დაწესებულების ჩართულობით იქნება ეს პროცესი, ასე ითქვა”, - გვეუბნება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა გაჩეჩილაძე. მან ჯერ არ იცის, კონკრეტულად რა ფორმით ჩაერთვება ცენტრი და ან რომელი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას ძეგლის აღდგენაში.

ჩუბინაშვილის ცენტრი საპატრიარქოსა და სამინისტროს ჯერ კიდევ გასულ წელს სწერდა, რომ კრიზისული სიტუაციის სამართავად საჭირო იქნებოდა დაინტერესებული ჯგუფის, ერთგვარი კომიტეტის, მრავალდარგობრივი, საერთაშორისო ბორდის შექმნა, რომელიც შეარჩევდა სამუშაო ჯგუფს, პასუხისმგებელი იქნებოდა მეთოდოლოგიასა და სრულად გელათის შენარჩუნების პროცესზე. მაშინ ამ გეგმის განხორციელების საკითხი დღის წესრიგში არ დადგა. მიუბრუნდება თუ არა მეცნიერების შეთავაზებულ დოკუმენტს საპატრიარქო, უცნობია. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, საპატრიარქო უკვე ეძებს სპეციალისტებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

შეხვედრა, რომელზეც კულტურის მინისტრმა საპატრიარქოს გადააბარა გელათის რეაბილიტაციის პროექტი, ეროვნული მუზეუმის შენობაში გაიმართა. მას ესწრებოდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და პარლამენტარი მიხეილ სარჯველაძე, ასევე თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია, კულტურის მინისტრის მოადგილე კარლო (კახა) სიხარულიძე, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი.

მედია ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არ იყო. დღის ბოლოს ფრაგმენტული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე.

საპატრიარქოდან შეხვედრაში მონაწილეობდა პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ქუთაის-გაენათელი ეპისკოპოსი იოანე, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი, რომელიც საზოგადოებას ახსოვს, როგორც “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთი მთავარი მოწმე.

“საპატრიარქოს გადაეცემა ყველანაირი რესურსი, ფინანსური ბიუჯეტი, ხარაჩო, რომელიც მნიშვნელოვანია იქ სამუშაოების გასაგრძელებლად და აუცილებლად იმ პირობით, რომ იუნესკოდან გამოგზავნილი ჯგუფი იქნება სამუშაოების წარმმართველი. თუ ერთობლივი შეხვედრებისას გამოიკვეთება ჯგუფის ჩანაცვლების აუცილებლობა, გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, მაგრამ ამ ეტაპზე სამუშაოების წარმოება, პასუხისმგებლობა თითოეულ მიმართულებაზე, შესაძლებლობა ფინანსური თუ ადამიანური, გადაეცემა საპატრიარქოს. სამინისტრო იქნება ასევე ჩართული ამ პროცესში, როგორც ადგილზე მონიტორინგის, შემოწმების კუთხით, ასევე იქ სამონასტრო კომპლექსზე ზრუნვის კუთხით. დღეს კონკრეტულ პირებზე არ ყოფილა საუბარი. ალბათ ეს შემდგომი შეხვედრების უფლებამოსილება იქნება”, - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალავერდელმა ეპისკოპოსმა. ის საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარეა, ანუ იმ განყოფილების, რომელიც პასუხისმგებელია მართლმადიდებლურ ეკლესიებში ჩატარებულ იმ სამუშაოებზე, რომლებიც სასულიერო პირების ინიციატივით ტარდება.

საპატრიარქოს ამ განყოფილებას არაერთხელ მოუწია თავის მართლება ბოლო წლებში ისტორიულ ძეგლებზე ჩატარებული არაერთი ძეგლისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების გამო. მაგალითად, 2019 წლის ზაფხულში ყინწვისის მონასტერში ისე დაიგო კერამიკის ფილები, რომ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთან ეს შეთანხმებული არ ყოფილა იმის მიუხედავად, რომ ამის ვალდებულება არსებობდა. საპატრიარქომ დაგვიანებით, პოსტ ფაქტუმ შეიტყო სამთავისში დაგებული ბილიკის შესახებაც, რომელიც ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებლად მიიჩნია 2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ.

“გარიგებად” მიიჩნევს საპატრიარქოსთვის გელათის რეაბილიტაციის მართვის გადაცემას თორნიკე ბარათაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” დამფუძნებელი. ის ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც ღიად დაიწყო საუბარი გელათის პრობლემებზე. დღეს თორნიკე თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო დროს იგებს, რათა მოასწროს პასუხისმგებელი რგოლის შეცვლა და “ყველაფერი სახელმწიფოს არ დაბრალდეს”.

“დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ საპატრიარქოს 3-წლიანი დუმილი ასევე დანაშაულია მომაკვდავი გელათის წინაშე ჩადენილი. დუმილის გარდა, ამ ხნის მანძილზე იშვიათი საჯარო განცხადებებიც ხელისუფლების რეპუტაციის გადარჩენის მცდელობათა ხელშემწყობი იყო და არა გელათის ინტერესებისთვის სასიკეთო.

ეს გარიგება, ერთი მხრივ, სისტემაში შექმნილი სრული კოლაფსის დასტურია და მის სრულ ჩამოშლას ადასტურებს, მეორეს მხრივ, მაშველ რგოლად საპატრიარქოს, როგორც ბევრისთვის ავტორიტეტული ინსტიტუციის ჩაბმა, გელათის საკითხის სიმწვავის შესანელებლადაა გადაწყვეტილი.

ეს ვითარება დიდი ხანია მწიფდებოდა, საერთო კონტექსტის ნაწილია გარკვეული ჯგუფების ხელოვნური, ფრაგმენტული გააქტიურება, რომლებიც თითქმის სამი წელი მშვიდად ადევნებდნენ თვალს, როგორც გვექცეოდა თავზე გელათი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე ბარათაშვილმა.

იმას, რომ საპატრიარქო დიდი ხანია ფიქრობდა ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე, ადასტურებს ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსიც.

“საპატრიარქო დიდი ხანია ცდილობს აქტიურად ჩაერთოს, ჯერ კომუნისტების დროს იყო, შემდეგ სხვადასხვა ხელისუფლებები რომ მოდიოდნენ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ახლა მომწიფდა დრო, შესაბამისმა ცენტრებმა ხელოვნებათმცოდნეობის, კულტურის სამინისტრომ და საპატრიარქომ ერთად ითანამშრომლონ. ორმხრივად არის აქტივობა საჭირო და არა მხოლოდ საპატრიარქოს მხრიდან”, - თქვა ეპისკოპოსმა დავითმა ეროვნულ მუზეუმში გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეიძლება თუ არა, გელათის ამბავი იქცეს პრეცედენტულ შემთხვევად, რის შემდეგაც საპატრიარქო მოისურვებს ჩაერთოს ძეგლთა დაცვის პროცესში, რაზეც დღეს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აქვს? - ვკითხეთ ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულიას. ის ჩუბინაშვილის კვლევის ცენტრს წარმოადგენს და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც გელათის შესახებ გამართულ შეხვედრას ესწრებოდა 24 თებერვალს ეროვნულ მუზეუმში.

“დარგისთვის წარმოუდგენელია!” - გვეუბნება მაკა, რომელიც თვლის, რომ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერთჯერადი გამოსავალი გელათის გადასარჩენად იმ პირობებში, რომ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა არ აიღოს გაფუჭებულ საქმეზე და ადგილზე დარჩეს კულტურის სამინისტროს მენეჯმენტი.

“წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფომ საერთოდ მოიხსნას თავის პასუხისმგებლობა ძეგლთა დაცვაზე. მარტო გელათი ხომ არ არის? თუ არ განხორციელდა სისტემური ცვლილებები და სამუშაო პროცესები ნორმალურ კალაპოტში არ ჩადგა, დღეს გელათია და ხვალ სხვა ძეგლი იქნება. ეს გამოსავალი ვერ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქო თავის თავზე ამას არ აიღებს, რაში სჭირდებათ ამხელა პასუხისმგებლობა?” - ამბობს მაკა.

“საპატრიარქომ ამ ფორმით სახე შეუნარჩუნა წულუკიანს”, - ასე გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი 25 თებერვალს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, სამართავად გელათი საპატრიარქოსთვის გადაეცა. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ სამინისტროს პოლიტიკა იყო მცდარი და დანაშაულებრივი.

“ბოლო პერიოდში საპატრიარქოს მხრიდან ადეკვატური ნაბიჯების გადადგმის ფონზე (კურტოს/იუნესკოს ექსპერტების ჩამოყვანა, ჩუბინაშვილის ინსტიტუტისთვის დასკვნის დაწერის შეკვეთა, ფიზიკური სამუშაოების გაჩერების მოთხოვნა), საპატრიარქოს ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის წინაშე დაეყენებინა კულტურის მინისტრის გადაყენების საკითხი”, - ამბობს ცირა ელისაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ძეგლის მართვის პროცესი სახელმწიფოს ხელში უნდა დარჩენილიყო. იგი თვლის, რომ ამ პრეცედენტის შემდეგ ბევრად გაიზარდა იმის რისკი, რომ სახელმწიფომ იგივე გადაწყვეტილება მიიღოს მაგალითად ანჩისხატთან დაკავშირებით.

სახელმწიფო ფუნქციების რელიგიურ ორგანიზაციაზე გადაცემის პრაქტიკას უტოპიას უწოდებს თორნიკე ბარათაშვილი: “საპატრიარქოს არც რესტავრაციის გამოცდილება არ აქვს და არც ძეგლთა მოვლა-შენახვასა და ზრუნვაშია შემჩნეული… შორს რომ არ წავიდეთ, თავად გელათის მონასტერში ბოლო 5 თვეში 2 ხანძარი მოხდა, რომელთაგან მეორეს საუბედუროდ ტრაგიკული შედეგი მოჰყვა და ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია”, - ამბობს თორნიკე. იგი ფიქრობს, რომ 24 თებერვლის გადაწყვეტილება გელათის მდგომარეობას მხოლოდ დაამძიმებს.

XS
SM
MD
LG