Accessibility links

"ეს ამოტრიალებული მანქანების კამპანია კარგია, მაგრამ განათლება გვინდა კიდევ"


ეკა ლალიაშვილი და გელა კვაშილავა

6-დან 12 მაისი ჩათვლით გაეროს ეგიდით მიმდინარეობს საგზაო უსაფრთხოების კვირეული, რომელსაც საქართველოც უერთდება და ამ სფეროში მომუშავე პირები და ორგანიზაციები ცდილობენ იმ საკითხების წამოწევას, რაც არსებითად შეცვლიდა ვითარებას ქვეყანაში, სადაც 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 459 ადამიანი დაიღუპა და 9047 დაშავდა. 2016-ში წელს მსხვერპლის რაოდენობა 581 იყო, 2017-ში - 517. 2019 წლის პირველ სამ თვეში მსხვერპლის რაოდენობა 116-ია.

გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავა რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ ჯერ კიდევ ძალიან მაღალია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი და საჭიროა საკითხისადმი სისტემური მიდგომა:

„შსს-მ დაიწყო რეფორმები. ვიყავით ჩართული ქულების სისტემაში, ახლა კამერებთან ხდება მისი დაკავშირება. ეს საქმე მოითხოვს გაძღოლას და ეს კვირეული ეძღვნება იმას, თუ როგორ ხდება ამ ყველაფრის მართვა“.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი, ეკა ლალიაშვილი ინდივიდუალურ და სახელმწიფოს პასუხისმგებლობებზე ლაპარაკობს:

„პირველ რიგში, საკუთარ თავს ვუთხრათ, რომ დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები. ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს. მაგრამ არის რიგი საკითხები, რომლებიც ხელისუფლების წილია და უნდა მოვითხოვოთ მათი მოგვარება. ესაა ინფრასტრუქტურული გამოწვევები; საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.“.

ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი სიმპტომია საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მაღალი სიხშირე - „საკუთარი მანქანა არ უნდა გვჭირდებოდეს ყოველღიურ რეჟიმში“.

ალიანსის ხელმძღვანელი დადებით მოვლენად თვლის წლევანდელი კვირეულის ორგანიზებაში ხელისუფლების აქტიურობას, თუმცა, კვლავაც ხარვეზად ასახელებს იმას, რომ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობას აკლია კოორდინაცია:

„ყველა ამ უწყებას სჭირდება კოორდინაცია და ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვთქვათ - საჭიროა უწყება, რომელიც ყველა სამინისტროს მონიტორინგს და შეფასებას გააკეთებს“.

გელა კვაშილავა ყურადღებას ამახვილებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ინფორმირებულობის საკითხზე:

„ეს ამოტრიალებული მანქანების კამპანია კარგია, მაგრამ განათლება გვინდა კიდევ. მაგალითად, მართვის მოწმობის გაცემის სისტემაა დასახვეწი. ყველა ვამბობთ ამას და ველოდებით დღე-დღეზე ცვლილებას. ფაქტობრივად, ვინც აბარებს, ნახევარს მანქანა ვერ მოყავს და მერე სწავლობენ ტარებას. ხუთვარსკვლავიანი გზაც რომ გქონდეს და მანქანაც გამართული გყავდეს, თუ გზის მომხმარებელი წესებს არ იცავს, ყველაფერი ჩაფლავდება. განათლების სამინისტროს მეტი აქტიურობა გვინდა. გვინდა მეტი კონკრეტული პროექტი. რაც შეიძლება მეტი მცოდნე უნდა იყოს ჩართული და ყველაზე დაბალი საფეხურიდან - ბაღიდან უნდა დაიწყოს ამ სფეროში განათლება“.

ეკა ლალიაშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს არსებული კანონებისა და სამოქმედო გეგმის ადმინისტრირებას:

„ადმინისტრირება სუსტი იმიტომაა, რომ შსს-ს არ აქვს განცდა, რომ ზემოდან ვინმე მოთხოვს პასუხს - აბა, რას მიაღწიე შენ იმ კანონის აღსრულებით, რომელიც გაქვს? შეამცირე დაღუპულთა რიცხვი? მაშინ უფრო გააქტიურდება და 5 ათას კამერას კი არ გააკეთებს, 50 ათასს გააკეთებს“.

გელა კვაშილავა გამოყოფს სამ მიმართულებას:

„მაკოორდინირებელი უნდა გაძლიერდეს; საგზაო უსაფრთხოების ფონდი უნდა არსებობდეს - საწვავის ბიზნესისგან იქნება, თუ დაზღვევისგან და ამ ფონდის მეშვეობით უნდა დაფინანსდეს კვლევები; მესამე ყველაზე დიდი პრობლემა - ადგილობრივი ცოდნა, კვალიფიკაცია - გზები როგორ დავაგეგმაროთ, ტრანსპორტი როგორ განვავითაროთ. მნიშვნელოვანია ადგილებზე ადამიანებს ჰქონდეთ თანამედროვე ცოდნა ამ სფეროში. შეიძლება ფული გვქონდეს, მაგრამ არასწორად დავგეგმოთ“.

6 მაისს გამართულ შეხვედრაზე შსს-მ დააანონსა სანქციების გამკაცრება საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ადმინისტრაციულ დარღვევაზე, მათ შორის - ნასვამობაზე.

„დილის საუბრების“ სტუმრები უკიდურეს აუცილებლობად თვლიან ბავშვის სავარძლისა და უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრის მიერ ღვედის სავალდებულო გამოყენების შემოღებას:

„2010 წელს როცა შევიდა ძალაში ჩვენი და ჩვენი თანამოაზრეების დიდი ძალისხმევით ღვედის სავალდებულო გამოყენებაზე კანონი, ვთქვით, მოდი, ჯერ წინა სავარძლის ღვედები შევიდეს ძალაში, შეეჩვიოს ხალხი და მერე უკანა ღვედებზე გადავიდეთ. ამ 8-9 წლის განმავლობაში ინიციატორი არავინ გამოჩნდა, ისევ ჩვენ თუ არ დავძარით ეს საკითხი. უკან მჯდომი მგზავრი წინა მგზავრისთვისაც საშიშია, რადგან საგზაო შემთხვევისას თავისი წონის 10-ჯერ და მეტად გაზრდილი ძალით ეჯახება წინა მგზავრს. ჩვენ დღის წესრიგში ვაყენებთ აგრეთვე ბავშვის სავარძლებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია. დიდებს ვიცავთ და პატარებს არა? უკანა ღვედები ბავშვის სავარძლებთან ერთად უნდა შევიტანოთ დღის წესრიგში“, - ამბობს ეკა ლალიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG