Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენიოსის საცვლები და დიდი კინოხულიგნობა


“მუსიკის მოყვარულები” (“The music lovers”, 1970, დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი კენ რასელი)

კვირას, ”ანარეკლებში” პეტრე ჩაიკოვსკის საქართველოში მოგზაურობაზე გიამბეთ. მას მერე არაერთმა კინოს მოყვარულმა მომწერა გადაცემაში ნახსენებ ფილმზე, ბრიტანელი კინორეჟისორის, კენ რასელის, ”მუსიკაში შეყვარებულებზე”, რომელიც რუსი კომპოზიტორის ბიოგრაფიის თავისუფალი ეკრანიზაციაა. თუ მოინდომებთ, ფილმს აუცილებლად მიაგნებთ ინტერნეტში, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე თბილისის კინოფესტივალზე მოეწყობა ლონდონელი ”კინოხულიგნის” ფილმების დიდი რეტროსპექტივა და ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დიდ ეკრანზე იხილონ რასელის ”მალერი”, ველური მესია”, ”ლისტომანია” და, რაღა თქმა უნდა, როკ-ოპერა ”ტომი”, 70-იანი წლების მსოფლიო კინოს მარგალიტი.

ეპატაჟისა და სკანდალების მოყვარულმა კენ რასელმა 1969 წელს განაცხადა, რომ მუშაობს სცენარზე ფილმისთვის, რომელიც პეტრე ჩაიკოვსკის პირადი ცხოვრების შესახებ გვიამბობს. ეს თემა (ჩაიკოვსკის ”ჰომოსექსუალური ვნებები”) საბჭოთა კავშირში თითქმის ტაბუდადებული იყო. მოსკოვში შეშინდნენ, რომ ფილმის მსოფლიო პრემიერის შემდეგ საბჭოთა ადამიანი, რომლისთვისაც ჩაიკოვსკის მუსიკა წმიდათაწმიდა იყო, ანუ, შეიძლება ითქვას, ”რუსული სულის უმანკოებას გამოხატავდა”, ყველაფერს შეიტყობდა ჩაიკოვსკის შესახებ. სსრკ კინოკომიტეტში სასწრაფოდ შედგა თათბირი, გამოიყო დიდძალი თანხა ”საბჭოთა ჩაიკოვსკის” გადასაღებად. პროექტის შესასრულებლად მოიწვიეს იგორ ტალაკინი, რომელსაც საკმაოდ კარგი რეპუტაცია ჰქონდა კინემატოგრაფისტთა წრეებში (გია დანელიასთან ერთად მან ”სერიოჟა” გადაიღო). ”ჩაიკოვსკის” მსოფლიო პრემიერა კენ რასელის ფილმის პირველ ჩვენებაზე უფრო ადრე უნდა გამართულიყო. ამისათვის საბჭოთა ხელისუფლებამ უზარმაზარი თანხა გამოყო. მთავარი როლი საბჭოთა კინოს მაშინდელმა ვარსკვლავმა, ინოკენტი სმოკტუნოვსკიმ შეასრულა. პირადი ცხოვრება, რომელმაც მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩაიკოვსკის მუსიკაზე, თითქმის სრულიად ამოვარდა ფილმიდან. დარჩა ისტორია უდიდესი ნიჭის ადამიანზე, რომელსაც უყვარდა რუსული ბუნება, უბრალოდ, ადამიანები (გლეხები), სძულდა თავად-აზნაურთა წრე… დარჩა ტყუილი კომპოზიტორზე, რომელსაც იმდენად უყვარდა მუსიკა, რომ პირადი ცხოვრებისთვის არ ეცალა. სხვათა შორის, ჩაიკოვსკის მიმართ სწორედ ასეთი დამოკიდებულება გამოხატა ამას წინათ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

საბჭოთა ფილმის პრემიერიდან ორი კვირის შემდეგ ლონდონში პირველად უჩვენეს კენ რასელის ფილმი ”ჩაიკოვსკი”, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნებში გადიოდა სათაურით ”მუსიკის მოყვარულები”. მაგრამ ის სკანდალი, რომლისაც ასე ეშინოდათ კომუნისტ იდეოლოგებს, არ მომხდარა. რასელის ფილმი არც ისე ეპატაჟური გამოდგა, როგორც ამას მოელოდნენ. კენ რასელის ბიოგრაფები ამბობენ, რომ რეჟისორმა სცენარი მას შემდეგ გადააკეთა, რაც რუსების გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო. კომპოზიტორის პირად ცხოვრებას მან ყურადღება დაუთმო, მაგრამ იმდენი არა, რამდენსაც მოელოდნენ. ”ჩემი ფილმი ჩაიკოვსკის მუსიკის ეკრანიზაციაა და არა მისი ბიოგრაფია”, - აღნიშნა რეჟისორმა პრემიერის წინ. მართალია, ზოგიერთ ეპიზოდში მან მაინც ვერ შეიკავა თავი და თავის ლამის საყვარელ საქმეს მიმართა - უხამსობის, უგემოვნების ”ესთეტიზაციას” (საქორწილო ღამე მატარებელში ანტონინა მილიუკოვასთან, ქალთან, რომელიც ჩაიკოვსკიმ საზოგადოების ”დასაბრმავებლად” შეირთო, კომპოზიტორის სექსუალური უძლურება ”გაფორმებულია”, არც მეტი და არც ნაკლები, მეექსვე ”პათეტიკური” სიმფონიით), ისევ არ შეეშინდა უტრირების. კენ რასელის ”ჩაიკოვსკის” მთავარი ღირსება მაინც სხვა რამეა - მუსიკის განსაკუთრებული შეგრძნება, მუსიკისა და კინოს ენების ისეთი მაღალი დონის სინთეზი, რომლის მსგავსი სახელგანთქმული მიუზიკლების ავტორებსაც კი არ დასიზმრებიათ.

კენ რასელი სამართლიანად ითვლება თანამედროვე მუსიკალური კლიპის ერთ-ერთ პირველ ავტორად. ”მუსიკის მოყვარულები” მისი პირველი ცდაა ”სრულმეტრაჟიანი კლიპის” გადაღებისა. რასელმა, ფაქტობრივად, გადატრიალება მოახდინა მუსიკალური კინოს ენაში, დაარწმუნა მაყურებელი, რომ არაა აუცილებელი გამოსახულება ჰარმონიულად მიჰყვებოდეს მუსიკას. პირიქით, განსხვავებული შინაარსის მუსიკალურ ტექტს შეიძლება დავუქვემდებაროთ სრულიად გასხვავებული გამოსახულება და ამ დისონანსით მივაღწიოთ შესაბამის მხატვრულ ეფექტს. ეს ძიება გაგრძელდება რასელის მომდევნო ფილმებში (განსაკუთრებით ეფექტურად წარმოჩნდება ფილმში ”მალერი”). მაგრამ ”ჩაიკოვსკის” კენ რასელის სხვა ფილმებთან მხოლოდ სტილი როდი აერთიანებს. ბრიტანელ რეჟისორს ყოველთვის აინტერესებდა დიდი ადამიანების ცხოვრება - უფრო სწორად, საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ. აინტერესებდა ეჩვენებინა, როგორ ქმნის საზოგადოება ხელოვანისგან კერპს, როგორაა მზად ემსახუროს მას და შემდეგ, როცა კერპი მის მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებს, როგორ ულმობლად უსწორდება მას - შეიძლება ითქვას, ნაკუწებად გლეჯს.

უცნაური რაღაც მოხდა - რასელისგან მოელოდნენ ფილმს რუსი კომპოზიტორის სექსუალურ თავგადასავლებზე, მან კი გადაიღო ფილმი, მართლაც რომ, მუსიკაში შეყვარებულ კაცზე. ჩაიკოვსკი გამოიხატა, როგორც ჰანს ქრისტიან ანდერსენი, ”სევდიანი ზღაპრების” დიდოსტატი, რომელიც მშვენივრად გრძნობს თავს ზღაპრების სამყაროში დ არ სურს რეალობასთან კონტაქტი. რეალური სინამდვილე კი გამოხატულია როგორც ჯოჯოხეთი, რომელიც დიდ მეზღაპრე-კომპოზიტორს თავისკენ ექაჩება და არ აძლევს მუსიკის აბსტრაქტულ სამყაროში ნეტარების საშუალებას. სიკვდილი მისთვის გამოსავალიც კი ხდება, რადგან თავისი განდეგილი ცხოვრებით უამრავ ადამიანს ანიჭებდა ტკივილს.

”რეალობა ჩემთვის საზიზღარი სიტყვაა. ვიცი, რომ ადამიანების უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, მაგრამ რეალობა მეტისმეტად ბევრია ჩვენ გარშემო”, - აღნიშნა კენ რასელმა გარდაცვალებამდე (იგი 2011 წლის მიწურულს გარდაიცვალა) ცოტა ხნით ადრე. ამ მხრივ იგი, ცოტა არ იყოს, ჰგავდა თავისი ფილმის, ”მუსიკის მოყვარულების”, გმირს.

”მუსიკის მოყვარულები” საბჭოთა პრესამ არათუ გააკრიტიკა, კენ რასელს საერთოდ აეკრძალა პეტრე ჩაიკოვსკის სამშობლოში ჩასვლა. გაზეთებში იბეჭდებოდა რეცენზიები ამ ფილმზე, ლანძღავდნენ რეჟისორს, თუმცა ჩაიკოვსკის ბიოგრაფიის დეტალებს მაინც არ აღიარებდნენ. არსებითად რუსეთის ოფიციოზი დღესაც ერიდება საუბარს დიდი კომპოზიტორის პირად ცხოვრებაზე. ”რა საჭიროა დიდი კომპოზიტორის საცვლებში ქექვა”, - უთქვამს პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს. კენ რასელის აზრით კი, დიახაც, შეიძლება. პირიქით, ძალიან საინტერესო გამოდის, როცა ”საცვლებიდან” იბადება დიდი მუსიკა და დიდი ხელოვნება!

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG