Accessibility links

"ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს ელექტორატის შენარჩუნების ცდუნებას"


29 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გვანცა დოლუაშვილი და ნინო დალაქიშვილი, საინიციატივო ჯგუფ "მაროს" აქტივისტები. ამ ჯგუფის ერთ-ერთი ინიციატივაა გორში სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა. ნინო დალაქიშვილის თქმით, მეგობრებისა და თანამოაზრეების ეს ჯგუფი უკვე მესამე წელია მოქმედებს და მარო მაყაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, სახელი მოგვიანებით დაირქვეს. მათ წამოწყებას გორში საზოგადოების ნაწილი კრიტიკითა და აგრესიითაც კი შეხვდა. "თუ საზოგადოება ისევ იქ ჩარჩა, სადაც იყო, ისევ იმ წარული ქიმერების გარშემო იტრიალა, ასეთი საზოგადოება ვერასდროს შექმნის კეთილდღეობას, კარგ ცხოვრებას, საითკენაც მივილტვით", - ამბობს ნინო დალაქიშვილი და მოგვითხრობს, როგორ მიმართეს გორის მერს პეტიციით სტალინის ქუჩის სახელის შესაცვლელად. ელექტრონული პეტიცია მალევე, ხელმოწერების დაწყებამდე გაქრა მერის ვებგვერდიდან. ამ საკითხზე ჯგუფი უკვე გადის კონსულტაციებს იურისტებთან. ნინო დალაქიშვილი თვლის, რომ სტალინის ქუჩის სახელი არა ვინმეს მოთხოვნით, არამედ კანონის - "თავისუფლების ქარტიის" თანახმად უნდა შეიცვალოს. გვანცა დოლუაშვილი ყვება, რომ ქუჩის გადარქმევის ინიციატივის სამი წლის წინაც ამბობდნენ, მაგრამ მაშინ ასეთი აგრესია არ მოჰყოლია: "მე არ ვუკავშირებ ამას მხოლოდ ჩვენს ინიციატივას. საზოგადოებას აქვს შიში ზოგადად განსხავავებულის და სიახლის მიმართ და ურჩევნია კარგად მიჩვეულ "ჭეშმარიტებაში" გააგრძელოს ცხოვრება. ბევრი მათგანისთვის სტალინი, მგონია, რომ არის იდენტობის ნაწილი, რადგან ზოგიერთი წერდა - თუ სტალინის ქუჩა აღარ იქნება, რაღად გვინდა გორში არსებობაო". გვანცა დოლუაშვილის შეფასებით, ხელისუფლება უფრო პრინციპული უნდა იყოს ასეთი საკითხების მიმართ, რადგან ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე საქართველოს ხელისუფლებამ "უნდა გაუძლოს ელექტორატის შენარჩუნების ცდუნებას", რადგან "თუ ჩვენ ვინარჩუნებთ ასეთი დიქტატორების სახელებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისინი გვეამაყება და გვინდა ასეთებთან ვასოცირდებოდეთ".

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG