Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ ჰქონდა საზოგადოებას წარმოდგენა თავად სისტემაში მოქმედი მოსამართლეების შესახებ. ეს იყო ძალიან კარგი პროცესი, რადგანაც გაშიშვლდა მთელი სასამართლო სისტემა"


გვანცა წულუკიძე, GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი
გვანცა წულუკიძე, GDI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება. პროცესში მონაწილეობა მიიღო 49 კანდიდატმა, რომლებსაც კითხვებს უსვამდნენ საბჭოს წევრები და ზოგიერთთან გასაუბრებამ მრავალი საათი გასტანა.

გასაუბრებებისთვის თვალყურის დევნების საშუალება ჰქონდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს - ის პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. იმავე ვიდეოსიგნალს ინერნეტით ავრცელებდა კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს“ „ფეისბუკის“ გვერდი.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას უწყვეტად ადევნებდნენ თვალყურს კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლები და ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR).

კოალიციის წევრი ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი, გვანცა წულუკიძე დიდ მონაპოვრად თვლის გასაუბრების პროცესის საჯაროობას:

„ის, რომ ხელმისაწვდომი და ყველასთვის თვალსაჩინო გახდა თავად გასაუბრების პროცესი, არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რამაც ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოგვცა. ერთი, ის, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად და მკაფიოდ დაინახა ის სიტუაცია, რაც არის თავად სასამართლო სისტემაში, ვგულისხმობ მოქმედ მოსამართლეებს:

არ ჰქონდა საზოგადოებას წარმოდგენა თავად სისტემაში მოქმედი მოსამართლეების შესახებ. ეს იყო ძალიან კარგი პროცესი, რადგანაც გაშიშვლდა მთელი სასამართლო სისტემა და ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ამბიცია აქვთ, რომ იყვნენ უზენაეს სასამართლოში, იყვნენ დანიშნულნი უვადოდ და განახორციელონ მართლმსაჯულება ქვეყნის უზენაეს სასამართლოში, ცოდნის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.

და მეორე - დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის შემდეგ, როცა იქნება იგივე ტიპის პროცესი (კიდევ ერთ მოსამართლეს გასდის ვადა და შემოდგომაზე მოუწევთ მსგავსი პროცესის გავლა), დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, ვინც საკუთარ თავში დარწმუნებულები აღარ არიან, ალბათ აღარ გამოვლენ ამ პროცესზე, იმდენად დიდი იყო გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან იმ კანდიდატების მიმართ, რომლებიც ძალიან ელემენტარულ კითხვებს ვერ სცემდნენ პასუხს. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გამჭვირვალების თვალსაზრისით“.

გვანცა წულუკიძე რადიო თავისუფლების ეთერში აჯამებს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის უკვე ჩავლილ ეტაპებს:

„დღეს, ალბათ, არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, როცა ხდება უზენაესი სასამართლოს უმრავლესობის დაკომპლექტება. დღეისთვის სასამართლოში ფაქტობრივად მოქმედია 8 მოსამართლე და ამ პროცესის შედეგად უნდა დაინიშნოს 20 მოსამართლე. ისინი ინიშნებიან უვადოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ უახლოესი 30-35 წლის განმავლობაში ეს ადამიანები შეასრულებენ მოსამართლის უფლებამოსილებას უზენაეს სასამართლოში.

მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა, რაც იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ესეც ძალიან საყურადღებოა, რადგანაც 20 მოსამართლე არის ფაქტობრივად უმრავლესობა სასამართლოსი. აქედან გამომდინარეობდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც, რომ იქნებ არ მოხდეს ყველას ერთდროულად დანიშვნა.

პროფესიული ორგანოს მიერ ხდება ამ მოსამართლეების შერჩევა უფრო მეტად კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების პრინციპებზე დაყრდნობით. შემდეგ, როცა პარლამენტი შემოდის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პროცესი - ანუ, პრეფერენციები ვის მიმართ ექნება მმართველ ძალას.

სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც თქვა ვენეციის კომისიამ - იქნებ, ჯობდეს, რომ, ვთქვათ, ნახევარი დაინიშნოს ამ პარლამენტის შემადგენლობის ფარგლებში და შემდეგ დაინიშნოს მეორე ათი, რომ სასამართლოს უმრავლესობა არ იყოს დაკომპლექტებული ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ და იყოს მეტი მრავალფეროვნება შემადგენლობაში“.

ჯერ კიდევ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აკრიტიკებდა იუსტიციის საბჭოში კანდიდატებისთვის კენჭისყრის ფარულობას. გვანცა წულუკიძე დღესაც ამ პოზიციას იცავს და ლაპარაკობს კანდიდატებისთვის პირველი კენჭისყრის მიმართ გაჩენილ კითხვებზე, რაზეც თავის დროზე სახალხო დამცველიც წერდა და თან ურთავდა კენჭისყრის ცხრილებს, რომლებშიც უჩვეულო დამთხვევები აღმოჩნდა.

მომდევნო კენჭისყრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი თავის რჩეულ ოცეულს შემოხაზავს, რის შემდეგაც საუკეთესო ოცეულში შემავალ თითოეულ კანდიდატს უყრიან კენჭს ინდივიდუალურად. პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში მოსახვედრაც მოსამართლეობის მსურველს საბჭოს წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება. არსებობს თეორიული ალბათობა, რომ 20-მა კანდიდატმა ვერ შეძლოს საბჭოს ორი მესამედის გულის მოგება.

პარლამენტში კანდიდატთა სიის წარდგენის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ კარგად უნდა მოიკვლიოს რამდენად სრულფასოვანია იუსტიციის საბჭოს მიერ მოძიებული ინფორმაცია თითოეული კანდიდატის შესახებ. ამისათვის პარლამენტში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. შემდეგ კი დაიწყება კანდიდატებთან გასაუბრების საპარლამენტო პროცესი.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG