Accessibility links

გზა წმინდა ნინოს წყარომდე ბოდბეში 3 მილიონამდე ლარი ჯდება


საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული დაფინანსებით სიღნაღში წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტში 2 950 000 ლარს გადაიხდის.

გასაკეთებელი მონაკვეთი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზიდან იწყება და წმინდა ნინოს წყაროსთან მთავრდება. გზის ეს მონაკვეთი მთლიანად გადის ფაქტობრივად დაუსახლებულ ზონაში და ამ გზას ძირითადად მონასტრის სტუმრები იყენებენ. გზის მონაკვეთი სამი კილომეტრის სიგრძის არის და სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეისყიდა, მის მოასფალტებას გულისხმობს.

საეკლესიო საიტებზე მითითებულია, რომ ლეგენდის თანახმად, წყაროს სასწაულმოქმედი ძალა აქვს, რადგან იგი წმინდა ნინოს ლოცვის შედეგად გაჩნდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2019 წლის 27 დეკემბერს გააფორმა. ტენდერში “საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია “სერპანტინმა” გაიმარჯვა.

ამ კომპანიის მიერ საეჭვო გარემოებებში მოგებულ ტენდერებზე იყო საუბარი კვლევაში, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2020 წლის თებერვალში გამოაქვეყნა.

კომპანია “სერპანტინი” სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიაა და მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის. მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013 წლიდან 2020 წლის თებერვლამდე, 105 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

კვლევაში საუბარია იმაზე, რომ გიორგი ზედელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად ითვლება და მიუხედავად იმისა, რომ მისი დედის კომპანია 2007 წელს არის დაარსებული, დიდი რაოდენობით მსხვილი ტენდერების მოგება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. მხოლოდ 2012 წლიდან 2013 წლამდე კომპანიის ბრუნვა 8-ჯერ გაიზარდა.

2020 წლის თებერვალში თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ კომპანია “სერპანტინის” მიერ მოგებული ტენდერების რაოდენობის ზრდის შესახებ, დეზინფორმაციად წარმოაჩენს.

ბოდბის მონასტერთან წმინდა ნინოს წყაროსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის გარდა იგეგმება მონასტერთან ორდონიანი პარკინგის მოწყობაც, რაც 1,8 მილიონი ლარი ჯდება.




დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG