Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია დანელიას კინო - ყველას “თავისი ფილმი” აქვს


გია დანელია აღარ არის. ხალხი საყვარელი რეჟისორის საყვარელ ფილმს ასახელებს.

დიახ, გია დანელია ნამდვილად სახალხო რეჟისორია, ნეკროლოგებში კი წერენ “რუსი რეჟისორი”, “რუსი-საბჭოთა რეჟისორი”. ჩვენ გვწყინს და “არ დაიდარდოს”, “მიმინოს” ვიხსენებთ. მე ელდარ რიაზანოვის სიტყვა მახსენდება გია დანელიას საიუბილეო საღამოზე: გია ისეთივე რუსი რეჟისორია, როგორც ქართველი და საერთოდ, გია დანელია მსოფლიოს ეკუთვნისო. მისი ფილმების ჟანრიც ზუსტად ვერ დაადგინეს, “კომედიებს იღებდაო” წერდნენ, არადა თავად რეჟისორი ამბობდა, ჩემი ფილმები კომედიებად იმიტომ მონათლეს, რომ სწორედ კომედია იყო საბჭოთა ეპოქაში ყველაზე პოპულარული ჟანრი, ხალხს გართობა უნდოდაო.

“მიმინო”გია დანელიას ყველაზე წარმატებულ ფილმად ითვლება. ეს სურათი თავის დროზე თვით კრემლის ჩინოვნიკებსაც კი მოეწონათ. რაღაცეები ამოიღეს, შეასწორეს, მაგრამ მაინც დიდ კინოთეატრებში გაუშვეს, ქება-დიდება არ მოაკლეს. ვიღაცისთვის, ქართულ-რუსული მეგობრობის თუ არა, ქართველების და რუსების “ერთად ცხოვრების” სახე იყო ეს ფილმი, თავისი “ჩიტო-გვრიტოთი”.

ჰოდა, რატომ უნდა აეკრძალათ ვითომ?

საქართველოში ძალიან უყვართ “არ დაიდარდო”. გია დანელიას ყველაზე ქართული ფილმი. შეიძლება ყველაზე სევდიანიც. ფილმი, რომელიც ერთგვარ ზღვარზეა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. უდარდელობის და სიხარულის ესთეტიზაციაცა და იმის განცდაც, რომ ბედნიერება ამ წამს დასრულდება.

უყვართ “შემოდგომის მარათონიც” - სისტემის ლპობის აბსოლუტური წინასწარმეტყველება. პრემიერის შემდეგ უამრავმა ადამიანმა რომ შეაფასა როგორც ანტისაბჭოთა ფილმი. მახსოვს როგორ გვიკვირდა, რანაირად დაუშვა ცენზურამ ეს სურათი ეკრანებზე.

მე ჩემი რჩეული ფილმი მაქვს გია დანელიას შემოქმედებაში. მისი ერთადერთი აკრძალული ფილმი - მთელი 23 წელი რომ იდო თაროზე.

ესაა “ოცდაცამეტი”. დანელიას კომედია, რომელიც 1966 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ აიკრძალა.

სურათი მოიხსნა ეკრანებიდან “მშრომელთა” კოლექტიური წერილებისა და აღშფოთებული კრიტიკოსების რეცენზიების შემდეგ.

იმხანად საბჭოთა კინემატოგრაფისტებს შორის პოპულარული იყო ანეკდოტი მხატვარზე, რომელიც თავის სურათებს კუთხეში ძაღლებს მიახატავდა ხოლმე. როცა სპეციალური კომისიის სხდომაზე, სადაც მხატვრის ნამუშევარი უნდა განეხილათ, ავტორს ეკითხებოდნენ: ”ეს ძაღლი რაღად გინდათ?” ისე, სიმყუდროვისთვისო, - პასუხობდა მხატვარი. ”წაშალეთ, წაშალეთ!”- უბრძანებდნენ ხოლმე მას. ეს ”ძაღლი” რომ არ ყოფილიყო, კომისია სხვა რამეს დაიხვევდა ხელზე.

თავის მოგონებებში გია დანელია სწორედ ამ ანეკდოტს იხსენებს:
”სიუჟეტის თანახმად, ”ოცდაცამეტის” გმირს, ტრავკინს, 33 კბილს აღმოუჩენენ. რადიო და ტელევიზია მხოლოდ და მხოლოდ ტრავკინის ამბავს აშუქებს. მას კაგებეში იბარებენ და ეკითხებიან: ”ვისი კარნახით გაავრცელეთ ინფორმაცია, თითქოს არა 32, არამედ 33 კბილი გქონდეთ? ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ჯობს, თავად აღიაროთ !" თუ არ გჯერათ, დათვალეთ,” - პასუხობს ტრავკინი. "მოქალაქე ტრავკინ, ამ ქვეყანაში 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობს...რა, კბილები ყველას უნდა დავუთვალოთ ახლა?!” - გაცოფებულმა რედაქტორებმა ეს ეპიზოდი სასწრაფოდ ამოიღეს ფილმიდან, დანარჩენს კი ყურადღება არ მიაქციეს.”

დანარჩენს ყურადღება არ მიაქციეს. მაგრამ მხოლოდ ფილმის ჩაბარების დღეს.

სცენარი ხრუშჩოვის გადაყენებამდე იყო დაწერილი. იმ დროს, როცა გია დანელია კრემლშიც კი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ რეჟისორად მიაჩნდათ (ფილმი “დავდივარ მოსკოვის ქუჩებში” , გია დანელიას პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი ბევრისთვის ხრუშჩოვის “ოტტეპელის” ეპოქის კინოსიმბოლოდაც კი აღიარეს), მაგრამ ხრუშჩოვი მოხსნეს და ქვეყანაში ვითარება შეიცვალა.

კინოთეატრებში საჩვენებლად მომზადებული ”33” მოულოდნელად თაროზე შემოდეს. გია დანელიას ფილმი ვერც იმდროინდელმა კინოვარსკვლავებმა გადაარჩინეს - ნონა მორდიუკოვამ, საველი კრამაროვმა, ინა ჩურიკოვამ და, რა თქმა უნდა, მთავარი როლის შემსრულებელმა ევგენი ლეონოვმა, რომელიც მოგვიანებით გაიხსენებს: ”ფილმის აკრძალვის შემდეგ მატარებელში დამემგზავრა კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა: ”33”-ის ყურების დროს სიცილით გავსკდიო... ”მაშ, რატომ აკრძალეთ ფილმი?” - გულწრფელად ვიკითხე, და მანაც გულწრფელად მიპასუხა: ”ე, ძმაო, ერთია, როცა ფილმს უყურებ როგორც ადამიანი, და სულ სხვაა, როცა უყურებ როგორც ჩინოვნიკი.”


გაგახსენებთ რა ხდება:

ევგენი ლეონოვის გმირი, ტრავკინი, პატარა ქალაქ ვერხნი იამკის უალკოჰოლო სასმელების ქარხნის მორცხვი თანამშრომელია. უყვარს თავისი ოჯახი, უყვარს თევზაობა... ესაა და ეს - არაფრით გამოირჩევა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს იგი სახელგანთქმული ხდება - ქარხნის პოლიკლინიკაში მას 33-ე კბილს აღმოუჩენენ. ამის შემდეგ იგი ასრულებს ყველაფერს, რასაც უბრძანებენ - მიემგზავრება მოსკოვში, მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემაში, ხვდება ჟურნალისტებს, მარსზე მიფრინავს... კბილი ძალიან სტკივა, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებს ვერ ღალატობს და ბრძანებებს ემორჩილება.

დიახ, ტრავკინს, როგორც ”სახელგანთქმულ ადამიანს”, თანაქალაქელები მარსზე გზავნიან უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დასამყარებლად, მშობლიურ ქალაქში კი ძეგლს უდგამენ, როგორც ”სანიმუშო მეოჯახეს”.

ლეონოვს გადაღების დროს ასეთი ძეგლი მართლაც დაუდგეს. როსტოვის ოლქის ხელისუფლებამ გადაღებების დასრულების შემდეგ ძეგლის აღებაზე უარი თქვა (ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდი პატივი იყო მოსკოველ კინემატოგრაფისტთა სტუმრობა რუსულ პროვინციაში). მოგვიანებით ფილმი აიკრძალა, ძეგლი კი დარჩა.პირველი ძეგლი რუსეთში, რომელიც ფილმის პერსონაჟს აუგეს, ბედის ირონიით, აკრძალული ფილმის გმირის ძეგლი აღმოჩნდა.

პირველად გია დანელიას ფილმის პრემიერა მოსკოვის კინოს სახლში გაიმართა. ”ოტტეპელის” ეპოქის ლიბერალური იდეებით შთაგონებულმა კინოკრიტიკოსებმა ”33” ტოტალიტარული სისტემის ყველაზე გაბედულ კრიტიკად მიიჩნიეს საბჭოთა კავშირში. თუკი იქ, სადაც ერთნაირობა და ერთფეროვნება ფასობს, ადამიანს რაღაც განსაკუთრებული, რაღაც განსხვავებული აღმოაჩნდა, იგი აუცილებლად გახდება ”თითით საჩვენებელი”, ”ზოოპარკის მაიმუნი”, რომლის სანახავადაც მთელი ქვეყანა გაემართება. მაგრამ გია დანელიას კინოკომედიის განსაკუთრებულობა სწორედ ისაა, რომ ”ოცდაცამეტში” ზოოპარკის ამ მაიმუნს არავინ ერჩის - პირიქით, საზოგადოება მის განსხვავებულობას აღიარებს და ცდილობს გამოიყენოს კიდეც თავისი ინტერესებისთვის.

საბჭოთა კინოს ცენზორებს თავდაპირველად, როგორც ჩანს, სწორედ ეს მოეწონათ ფილმში - ”აი, ბატონო, მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ აფასებს ჩვენი ქვეყანა ყველაფერს, რაც განსხვავებულია.”

მაგრამ კინოცენზორებს შორის, ეტყობა, ჭკვიანი კაციც აღმოჩნდა - ბევრი იცინა გია დანელიას ფილმზე და, როცა დაფიქრდა, მიხვდა, რომ დანელიამ შარჟად აქცია იდეა, რომელსაც დეკლარაციის დონეზე ამკვიდრებდნენ კომუნისტები: ”ჩვენს ქვეყანაში ყველა პატიოსან მშრომელს შეუძლია იყოს ბედნიერი”. სხვათა შორის, ადამიანის უფლებათა დეკლარაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღესაც რჩება მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის დონეზე. უმცირესობათა ინტერესების დაცვა არცთუ ისე იშვიათად გამოხატავს ქედმაღლურ დამოკიდებულებას თავად უმცირესობების მიმართ. მერე რა, რომ ”ზოოპარკის მაიმუნია”, მერე რა, რომ მთლად არაა ნორმალური, 33 კბილი აქვს, - შევიცოდოთ, შევიბრალოთ, გამოვიყენოთ, გამოვიკვლიოთ და ქვეყანას თუ დასჭირდება - მარსზე გავგზავნოთ.

ნაცნობი თემაა არა? ფარისევლური ტოლერანტობა, ან, სხვაგვარად, “პოზიტიური დისკრიმინაცია”, რომელიც გია დანელიამ ჯერ კიდევ მაშინ ამხილა, როცა “განსხვავებულის” ეგზოტიზაციის პროცესი არც ჩვენში და არც დასავლეთში აქტუალური არ იყო.

ამიტომ მგონია, რომ “33” გია დანელიას ყველაზე თანამედროვე ფილმია. თუკი “შემოდგომის მარათონში” საბჭოთა სისტემის ლპობა იწინასწარმეტყველა, “ოცდაცამეტში” მან უკვე მართლაც რომ “მთელი მსოფლიო” გააფრთხილა - თუკი ისე არ იცხოვრებთ, როგორც გული გიკარნახებთ, აი, თუნდაც ისე, როგორც ცხოვრობდა მაგალითად, ბენჟამენ ღლონტი “არ დაიდარდოში”, ყველანი სასაცილოები, ძალიან სასაცილოები გახდებით!

შემთხვევითი ხომ არ არის, რომ სწორედ “33”-ს მიიჩნევდა დიდი მაესტრო “ერთადერთ კომედიად” თავის შემოქმედებაში.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG