Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ნოდია: ხელისუფლება ხელს უწყობს ნაციონალისტური ძალების გაძლიერებას


11 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პოლიტოლოგი გია ნოდია. მან ილაპარაკა საქართველოში ნაციონალისტური ძალების შესაძლო გაძლიერების საფუძვლებზე და პერსპექტივებზე.

10 დეკემბერს „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ საქმიანობის გაგრძელებას პოლიტიკური მოძრაობის სახით. გია ნოდიას, თქმით, ჯერჯერობით რთულია ამ ძალების მასშტაბურობაზე საუბარი, თუმცა შესაძლებელია არსებული შიდა პოლიტიკური და გარე ფაქტორების ერთობლიობის გათვალისწინებით გარკვეული ალბათობის დაშვება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ იდეოლოგიის ძალებმა შეძლონ თავის მეტად წარმოჩენა.

„რამდენად ძლიერია, ჯერ არ ვიცით. მაგრამ ყველა ასეთ ძალას სურს წარმოაჩინოს, რომ ძლიერია და აბუქებს თავის შესაძლებლობებს. თუმცა, ასეთი ძალების გააქტიურება თავისთავად შემაშფოთებელი ნიშანია. მაგრამ კონკრეტულად რამდენი შეუძლიათ ჯერ არ ვიცით. ის რაც აქამდე ვიცით არის ის, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ დიდი გაჭირვებით გადალახა 5%-იანი ბარიერი საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ერთადერთი პარტია იყო, რომელმაც უკეთესი შედეგები აჩვენა ადგილობრივ არჩევნებზე, ვიდრე საპარლამენტოზე. რაც მიანიშნებს, რომ ერთგვარად მზარდი ძალაა. „ქართული მარში“ სხვა ინდივიდებისგან შედგება, მაგრამ დაახლოებით იგივე სენტიმენტებზე და სლოგანებზე აპელირებენ და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ გაერთიანების შემთხვევაში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაძლიერდნენ“.

ამ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას გია ნოდიას აძლევს ის პოლიტიკური გარემოც, რომელიც ამ ძალების ხელშემწყობია.

„ხელისუფლება ამ ძალებს აშკარად უწყობს ხელს და მათ მოკავშირეებად ხედავს, მათ ძირითადი მოწინააღმდეგის - „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ“ პოტენციურად ხელისუფლებისთვისაც შეიძლება ეს ძალა საფრთხის შემცველი იყოს, მაგრამ ეჭვი მეპარება. ხელისუფლებას აქვს შიში, რომ საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებიდან გამომდინარე მართლაც არ შეკრას სხვა მესამე ძალა და ამიტომ ცდილობს მესამე ძალის იარლიყი და ბრენდი იმ ძალას მიაკეროს, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობასთან ჭიდილში მოკავშირედ განიხილავს“,- ამბობს გია ნოდია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG