Accessibility links

"მეწარმეები თავიანთ საქმეს მიხედავენ. ყველას უნდა ფული იშოვნოს, მოგება მიიღოს. ამ სურვილით შეეცდებიან გამოასწორონ საქმე თავიანთ კომპანიებში"


გია ჯანდიერი, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცეპრეზიდენტი

11 მაისიდან საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ნაწილი დაშვებულია. რჩება გარკვეული შეზღუდვები, რომელთაგან ყველაზ მტკივნეული მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით, ეკონომიკის გახსნის ყოველ ეტაპს თან უნდა ახლდეს საგულდაგულო მონიტორინგი ეპიდსიტუაციაზე. WHO-ს ორკვირიანი მონიტორინგი ყოველი დაშვების შემდეგ აჩვენებს თუ რა „დაუჯდა“ COVID-19-ის გავრცელების კუთხით სახელმწიფოს ამა თუ იმ შეზღუდვის მოხსნა. ეს მიდგომა ყველა ქვეყნისთვის უნივერსალურია და ასე იქნება საქართველოსთვისაც.

მეორე მხრივ, რას შეიძლება ველოდეთ ეკონომიკის გახსნისგან? „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტ გია ჯანდიერს იმედი აქვს, რომ გამოსავალს და მეტიც, წარმატებისკენ გზას ისევ კერძო ბიზნესი გამონახავს:

„რისი მოლოდინიც მაქვს, ეს არის, რომ ქართველი მეწარმეები თავიანთ საქმეს მიხედავენ, რადგან, ცხადია, ყველას უნდა ფული იშოვნოს, ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოს, მოგება მიიღოს და ამ სურვილით შეეცდებიან გამოასწორონ საქმე თავიანთ კომპანიებში. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი მიიღებს მათგან პროდუქციას/მომსახურებას, ნიშნავს, რომ ადამიანები დასაქმდებიან და ასევე, რაც მთვრობისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ისინი დაიწყებენ და გააგრძელებენ გადასახადების გადახდას.

ჩემი მიდგომა ეს არის, რომ იმის ნაცვლად სხვის იმედზე ვიყოთ, უფასოდ ვიშოვნოთ რაღაცები, ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ კონკურენცია გადავლახოთ და ინვესტორები მოვიზიდოთ, ეკონომიკა უფრო სწრაფად ამუშავდეს, ვიდრე აქამდე ხდებოდა“.

გია ჯანდიერის თქმით, დღეს საქართველო კონკურენციაშია თავისი მსგავსი განვითარების ქვეყნებთან, რომ შეძლოს მათ აჯობოს მიმზიდველობით:

„რა ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება საქართველოს მთლიანად? - ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას გადასახადების საკთხებზე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, დერეგულირების საკითხები. ეს უნდა იყოს გათვლილი იმ დონეზე, რომ ასეთი ეკონომიკური პოლიტიკა ახდენდეს გადაფარვას ჩვენი პრობლემების. ჩემს სტატიაში აღვწერე კიდეც, რომ ამ პრობლემებს შორისაა ჩვენი არც თუ ისე მაღალი კვალიფიკაციის შრომითი რესურსი, რომ მაინცდამაინც ჩვენსკენ გამოიწიოს ინვესტიციებმა. გვაქვს გეოპოლიტიკური პრობლემები. გეოპოლიტიკის დადებით მხარეს ვერ ვიყენებთ წესიერად. უარყოფითი გვაწვება ტვირთად. უპირატესობები უნდა გავზარდოთ ამ უარყოფითი მხარის გადასაწონად.

დერეგულირების მიმართულებით საკმაოდ შეზღუდულები ვართ მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან დავდეთ შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე. მაგრამ ევროკავშირი ვერ გვეტყვის, რომ გადასახადები არ შევამციროთ. ამის ნაცვლად, მაქვს შიში, რომ, გადასახადებს გავზრდით - თუ ვალებს გავზრდით ასეთი სისწრაფით, რასაც მთავრობა აკეთებს, მაშინ შეიძლება სხვა გამოსავალი არც გვქონდეს“.

გია ჯანდიერი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ საერთაშორისო დახმარებების და ვალების იმედად არ უნდა იგეგმებოდეს ეკონომიკური პერსპექტივა, არამედ საქართველომ უნდა ისწავლოს კონკურენციის დაძლევა:

„მსოფლიოში არ არსებობს გამონაკლისი, რომ რომელიმე ქვაყანა დახმარებების მიღებით „აშენდა“. ეს ხდება ყოველთვის უმძიმესი შრომით და გაძლიერებით. ასე მოხდა ჩინეთის შემთხვევაშიც, როცა 30 წლის განმავლობაში ჩინეთი უბადრუკი ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან გარდაიქმნა გლობალურ კონკურენტად. მან გვაჩვენა, რომ ეს შესაძლებელია“.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი ლაპარაკობს იმ გამოწვევებზეც, რასაც ჩინეთი ქმნის თავისი დიქტატორული მმართველობითა და გაუმჭვირვალებით:

„ჩინეთი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ დიქტატურაა. ინტერნეტია აკრძალული. უამრავი პრობლემა არსებობს. კორონაკრიზისმა დაგვანახა მისი სახე კიდევ ერთხელ. ჩინეთი არის გაუმჭვირვალე. მსოფლიოს მომავალი იმის გარეშე, რომ არ გაირკვეს ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთნ და რუსეთის ფედერაციასთან, რომ აიძულონ მეტად გამჭვირვალე იყოს, წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, ამ ქვეყნებთან ომის წამოწყება არავის უნდა. მეორე მხრივ, მათი მონაწილეობა გლობალურ პროექტებში გადამეტებულად სახიფათო გახდა“.

საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობების საკითხზე გია ჯანდიერს მკაფიო პოზიცია აქვს:

„მიმაჩნია, რომ რუსეთისკენ ყურება და რუსეთთან ვაჭრობის თუ ეკონომიკური ურთიერთობის გაჯანსაღება, არავითარი საშველი არ არის საქართველოსთვის და არა მატო იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპრეიბული, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული, კრიმინალიზებული, ბიუროკრატიზებული ქვეყანაა“.

ეკონომიკის ექსპერტს სრულიად შესაძლებლად მიაჩნია რუსეთის ბაზრიდან თავის დაღწევა, თუკი ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსი პრინციპულობა და თანმიმდევრულობა იქნება:

„თუ ლიეტუვამ მოახერხა, ლატვიამ მოახერხა, რომელსაც ნახევარი მოსახლეობა რუსულენოვანი ჰყავს და ესტონეთმა, რომელსაც 40% მოსახლეობის რუსულენოვანი ჰყავს, ჩვენ რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ?“.

Direct link


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG