Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა მაქარაშვილი ბრძოლას მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს


10 ოქტომბერს გიგა მაქარაშვილი გორის მერიასთან მივიდა, კიბეებზე ფუნა და ხორბალი დაყარა და გორის მერის განცხადება გორიდან ცხინვალის დაბომბვის შესახებ ამ პერფორმანსით გააპროტესტა.
10 ოქტომბერს გიგა მაქარაშვილი გორის მერიასთან მივიდა, კიბეებზე ფუნა და ხორბალი დაყარა და გორის მერის განცხადება გორიდან ცხინვალის დაბომბვის შესახებ ამ პერფორმანსით გააპროტესტა.

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის ადმინისტრაციის უფროს თემურ მანველიშვილს საყვედური გამოუცხადა. მანველიშვილმა აქციაზე მყოფ სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე ჩამოამხო.

10 ოქტომბერს გიგა მაქარაშვილი გორის მერიასთან მივიდა, კიბეებზე ფუნა და ხორბალი დაყარა და გორის მერის განცხადება გორიდან ცხინვალის დაბომბვის შესახებ ამ პერფორმანსით გააპროტესტა. აქცია უკვე დამთავრებული იყო, მაქარაშვილი კი კიბეებს ასუფთავებდა, ამ დროს მერიის შენობიდან თემურ მანველიშვილი გამოვიდა და მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე ჩამოამხო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცემის მუხლით აღძრა, თუმცა ადამიანის უფლებადამცველები არაადამიანური მოპყრობის მუხლით ითხოვდნენ ამ საქმის წარმოებას.

მუხლის გადაკვალიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა. არც გამოძიება დასრულებულა. გორის მერმა კი შიდა მოკვლევა დაასრულა და მანველიშვილის მიმართ მხოლოდ საყვედურით შემოიფარგლა. გიგა მაქარაშვილი გორის მერისგან სხვა გადაწყვეტილებას არც ელოდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის აცხადებს, რომ ბრძოლას გააგრძელებს და ყველა ინსტანციას გაივლის იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს და მანველიშვილი დაისაჯოს. ახლო მომავალში იგი საქმის გამოძიების მოთხოვნით უკვე მთავარ პროკურატურას მიმართავს.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მანველიშვილისთვის საყვედურის გამოცხადებას დასჯერდა. მისი თქმით, საჯარო მოხელის ქმედებაში სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ დაუნახავს. რაც შეეხება ადამიანის უფლებადამცველების მოთხოვნას, მანველიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თავზარაშვილი ამბობს, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ადეკვატური დისციპლინური სასჯელი გამოიყენა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელ ქეთი ბებიაშვილის განცხადებით სახეზე იყო, არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობა, საჯარო მოხელის მძიმე დისციპლინური გადაცდომა, ეთიკის ნორმების დარღვევა და საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ქმედება. მისი აზრით, მერის მიერ გამოტანილი სასჯელი არაადეკვატურია. ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ მერის ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, საჯარო მოხელეები წაახალისოს და მსგავსი ქმედების ჩადენისკენ უბიძგოს.

მაქარაშვილ-მანველიშვილის საქმე ამით არ სრულდება. სამოქალაქო აქტივისტი გამოძიების დასრულებას ელოდება. გარდა ამისა, სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ გორის მერის წინააღმდეგ ახალი საპროტესტო ტალღის დასაწყებად ემზადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG