Accessibility links

გიგოს გორა - დახვრეტილების სამარხები თელავში


გიგოს გორა, თელავი

მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ თელავში უამრავი ადამიანი დახვრიტა. დახვრეტის ადგილზე მაშინ ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ხალხის მტრებს“ გიგოს გორაზე ხოცავდნენ და იქვე მარხავდნენ, საზოგადოებაში მაინც ვრცელდებოდა. განსაკუთრებით თელავს 5 სექტემბრის ტრაგედია დაამახსოვრდა.

1924 წლის 30 აგვისტოს თელავში, დღევანდელი 9 აპრილის ქუჩაზე, აწყურელი აზნაური საშა გამყრელიძე და ნინო რცხილაძე ქორწილს იხდიდნენ. თელავის მაზრის ,,ჩეკას’’ ე.წ. ,,პოლიტბიუროს’’ თანამშრომლებმა ქორწილში მისული თხუთმეტამდე მამაკაცი დააპატიმრეს და... 5 სექტემბერს დახვრიტეს.

გიგოს გორაზე ტყვიებს დღემდე პოულობენ
გიგოს გორაზე ტყვიებს დღემდე პოულობენ

თელავში ეს ამბავი სისხლიანი ქორწილის სახელით შემორჩა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასტიკი რეპრესიები დაიწყო, მათ შორის თელავშიც, სადაც აჯანყებულების აქტიური გამოსვლები არც ყოფილა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი ჰყვება, რომ ხალხს სწორედ გიგოს გორაზე უსწორდებოდნენ. სიმაშვილის კვლევები ძირითადად ეყრდნობა არქივებში მოძიებულ დოკუმენტებს, ასევე მასალებს, რომელთა ნაწილი "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა მოიძია.

გიგოს გორა გორა კი იყო, მაგრამ თავის დროზე, როცა საქართველოში ჯერ კიდევ არსებობდა კერძო საკუთრება, თავად გიგო ვახვახიშვილის საკუთრებას წარმოადგენდა. სახელიც აქედან მიიღო. მდებარეობს თელავის აღმოსავლეთით. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საკმაოდ მიყრუებულ ადგილს წარმოადგენდა.

„არა მარტო გორაზე, არამედ მის ასასვლელშივე დიდი სამარხი იყო მოწყობილი. ეს იმითაც დასტურდება, რომ შემდეგ იქ აშენებული სახლების საძირკველში ადამიანის ძვლები აღმოჩნდა“, - ამბობს თენგიზ სიმაშვილი.

ის, რასაც ბავშვები შეესწრნენ

საძირკველში ნაპოვნი ძვლების გარდა, შემორჩენილია მოგონებები. გიგოს გორაზე დახვრეტილთა შორის იყო მღვდელი იოსებ დალაქიშვილი. მისი ერთ-ერთი შთამომავლის მემუარებში წერია, რომ მოწყობილი იყო ბაქანი, ქვევით კი ხარო. როდესაც დაკავებულს ტყვიას დაახლიდნენ, ის ორმოში ვარდებოდა, მერე აყრიდნენ მიწას.

მამა იოსები (დალაქიშვილი)
მამა იოსები (დალაქიშვილი)

თენგიზ სიმაშვილი: „დალაქიშვილის ისტორია საშინელია. მის ვაჟს მოუძებნია ცხედარი და ურმით სოფელ ფშაველში წაუსვენებია. გვამი გაშეშებული იყო და რომ დაესვენებინა, ცხედრის შუაზე გადაჭრა მოუხდა“.

აქვე უპირებდნენ დახვრეტას იღუმენ ზენონს (სუმბაძე), რომლის საფლავი ახლა ალავერდშია. ფოტოგრაფმა ვასილ როინიშვილმა იღუმენის გამოსახსნელად მილიციელი მოისყიდა. როდესაც თოკში ჩაბმული პატიმრები გიგოს გორაზე აჰყავდათ, მილიციელმა თოკი გადაჭრა. მამა ზენონი პირდაპირ ხრამში გადახტა და თავს უშველა.

ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „სამანის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ადამ ბობღიაშვილის შესახებ დაწერილ მოგონებაში აღნიშნულია, რომ 1920-იან წლებში სკოლაში სწავლისას ადამი და მისი მეგობრები გიგოს გორაზე იპარებოდნენ ხოლმე. მათ ხშირად წაუსწრიათ, თუ როგორ ხვრეტდნენ ადამიანებს.

ჩაქვავებული დათა და დავითი

1924 წლის სექტემბერში გარდა იმისა, რომ თავადაზნაურობის ნაწილი დახვრიტეს, გლეხობაც წააქეზეს ბატონებს გასწორებოდნენ. გლეხები თავადებს კეტებით დაერივნენ. არსებობს დოკუმენტები, სადაც წერია, რომ სიღნაღის მაზრაში, კარდენახში, მოსახლეობამ ჩაქოლა, „ჩააქვავა“ თავადები დათა თორაქიშვილი, დავით ვაჩნაძე და სხვები.

თენგის სიმაშვილი
თენგის სიმაშვილი

თენგიზ სიმაშვილი: „გიორგი მირიანაშვილი თავის გამოუქვეყნებელ მოგონებებში აღწერს, თუ როგორ ეყარნენ გლეხების მიერ ჩაქვავებული და დაჩეხილი თავადები. აქ წერია: "წამქეზებლები თელაველები იყვნენ, მათ გვითხრეს, თელავში მთელი თავადები დავხოცეთო“. რეალურად ეს არ მომხდარა. თელავში თავადები არ ჩაუქოლავთ, თუმცა მათი დიდი ნაწილი გიგოს გორაზე დახვრიტეს“.

დახვრეტის ბრძანებას გასცემდა სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ადგილობრივი ბიურო. ამ ე.წ. სამეულებს, რომლებიც 1918 წელს ლენინის ბრძანებით შეიქმნა, შეეძლოთ ადამიანი გაუსამართლებლად მოეკლათ.

საარქივო დოკუმენტებში დაცულია დასახვრეტთა სიები, სადაც გვარების გასწვრივ მათი სტატუსიც არის მითითებული, მაგ: ინტელიგენტი, მღვდელი... თენგიზ სიმაშვილი ამბობს, რომ ეს მინაწერი მიუთითებს იმაზე, რომ დასახვრეტ პირებს სოციალური კუთვნილებითაც არჩევდნენ.

სისხლი ქვედა სართულამდე ჩამოვიდა

თელავში დღესაც შემორჩენილია შენობა, რომელშიც ,,პოლიტბიურო“ ფუნქციონირებდა, ასევე დღემდე ამჩნევია წარწერები საკნების კედლებს. ამ საკნებში მოიყვანეს ქორწილის სტუმრებიც. სავარაუდოდ, სწორედ მათ შორის იყო ვინმე ვლადიმერ ჯორჯაძე. მისი შვილი, კომკავშირელი საშა ჯორჯაძე, რამდენჯერმე შესულა მილიციის უფროს ჯაფარიძესთან თხოვნით, მამამისი მაინც შეეწყალებინათ. ბოლოს მილიციის უფროსმა განუცხადა, თუ კიდევ მომმართავ, საკუთარი ხელით დაგახვრეტინებო. ამის შემდეგ საშა ჯორჯაძემ ჯაფარიძეს ესროლა.

თენგიზ სიმაშვილი: „იქვე მდგარ ჯარისკაცებს მამა-შვილი ჯორჯაძეები ხმლებით აუჩეხიათ და რამდენიმე პატიმარიც მოუკლავთ. ეს ყველაფერი ზედა, მესამე სართულზე ხდებოდა. ქვედა სართულზე სხვა პატიმრები ჰყავდათ დამწყვდეული. ამბობენ, რომ დახოცილების სისხლი მათ ეღვრებოდათ თავზე. ამ ისტორიას კიდევ ვხვდებით მიხეილ ჯავახიშვილის უბის ჩანაწერებში. „თელავში დასახვრეტი ადამიანები სათითაოდ აჰყავდათ და ხვრეტდნენ. პატიმრებს თავზე სისხლი ჩამოსდიოდათო“.

თენგიზ სიმაშვილი ამბობს, რომ პირადად იცნობდა ერთ-ერთი დახვრეტილის, ივანე ჯაფარიძის, შვილს, გიორგი ჯაფარიძეს, და მამის დახვრეტის ამბავი უშუალოდ მისგან აქვს მოსმენილი.

თენგიზ სიმაშვილი: „ზაირა არსენიშვილის რომანშიც ,,ვა სოფელო (კახური ქრონიკები)“ წერია, თუ როგორ აპოვნინეს გიორგი ჯაფარიძეს გიგოს გორაზე მამამისის საფლავი თანატოლებმა. მიცვალებულებს ღრმად არ მარხავდნენ და გიორგიმ მამა მიწიდან ამოშვერილი ულვაშით იცნო, რომელსაც ნიავი არხევდა“.

თენგიზ სიმაშვილისა და შსს არქივის მასალებზე დაყრდნობით, რეჟისორი მიხეილ ბერინაშვილი დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ფილმის სახელწოდება „გიგოს გორა - თელავის გოლგოთა“ იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG