Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გიკრძალავთ ამ საქმიანობას" - არძინბას "რუსული პოლიტიკა" და ქართულ-აფხაზური შეხვედრების ბედი


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი ინალ არძინბა 19 იანვარს აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ გარკვეული პროექტების განხორციელება აუკრძალა.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი ინალ არძინბა 19 იანვარს აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ გარკვეული პროექტების განხორციელება აუკრძალა.

"მსგავსი პროექტების მეშვეობით შევხვდი პირველად აფხაზ თანატოლებს, მანამდე მათთან კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ გალის რაიონში გავიზარდე, არ მქონია" - ამბობს გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი გელა ხასაია.

"მახსოვს, მე-8 კლასში ვიყავი და ისე მეშინოდა, ხმა მიკანკალებდა. ვფიქრობდი, ნეტავ რამე არასწორად არ ვთქვა, შევძლებთ თუ არა მეგობრობას, იმედია, აგრესიულები არ იქნებიან და ა.შ." - უყვება ის რადიო თავისუფლებას.

დღემდე ქართულ-აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივითა და დაფინანსებით ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხვდებოდნენ. გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის ასეთი შეხვედრები აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქშიც იმართებოდა.

დღეს ასეთი შეხვედრების შესაძლებლობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

რა მოხდა?

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი ინალ არძინბა 19 იანვარს აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ გარკვეული პროექტების განხორციელება აუკრძალა. World Vision-ის, DRC-ისა (დანიის ლტოლვილთა საბჭო) და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არძინბამ თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

მართალია, არძინბამ დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარებისკენ არის მიმართული, თუმცა, იქვე დაამატა, რომ ზოგიერთი პროექტის განხორციელება დაუშვებლად მიაჩნია.

კერძოდ, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ "COBERM-ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) პროექტებს აფხაზეთის მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს".

"ამ პროექტის განხორციელება აფხაზეთის ტერიტორიაზე მიუღებელია. ჩაინიშნეთ თქვენთვის და აღარ გააკეთოთ მსგავსი პროექტები აფხაზეთში. ჩვენ გიკრძალავთ ამ საქმიანობას", - განაცხადა არძინბამ.

აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ობიექტები პერიოდულად აქამდეც ხდებოდნენ. სოხუმში მიაჩნიათ, რომ მათი პროექტები აფხაზების თვალში საქართველოს, როგორც მტრის, იმიჯს ანადგურებს და ქართულ მხარესთან დიალოგს უწყობს ხელს.

"ამ ყველაფერმა მოგვიტანა ის, რომ აფხაზებს დავუახლოვდით"

2010 წელს, გელა ხასაია მე-7 კლასში იყო, როცა დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ტრენინგი გავლილი არ ჰქონდა და არც მისი მნიშვნელობა ესმოდა. თემა გარემოს დაცვა იყო. შემდეგ უკვე იყო ტრენინგები კულტურის, ისტორიის, სპორტის საკითხებზეც - იმართებოდა შეჯიბრებები - რა? სად? როდის? და ასე შემდეგ.

გელა ხასაია
გელა ხასაია

"მორცხვი ვიყავი, აზრის გამოთქმის მრცხვენოდა და თან მეშინოდა. ერთ ტრენინგს მოჰყვა შემდეგი და ასე ნელ-ნელა გავიზარდე. რაც მთავარია, ვისწავლე აზრის გამოთქმა და სხვისი აზრის პატივისცემა. შემდეგი პროექტები იყო უკვე სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში. პირველი-ორი წელი რთული მეჩვენებოდა, რადგან ეს ორივე მხარისთვის სიახლე იყო. აფხაზები და მეგრელები ბანაკში დაყოფილად დავდიოდით. არც ჩვენ ვდგამდით პირველ ნაბიჯს მათ გასაცნობად და არც ისინი", - იხსენებს გელა.

გერმანელი მსახიობების დახმარებით თეატრალურ წარმოდგენებსაც დგამდნენ. ორ კვირაში დადგეს სპექტაკლი "ლელა", რომლის პრემიერა გაგრაში, სოხუმში, ოჩამჩირესა და გალში გაიმართა.

"ამ ყველაფერმა მოგვიტანა ის, რომ აფხაზებს დავუახლოვდით. ისევე ვურთიერთობდით მათთან, როგორც გალელ თანატოლებთან. ტრენინგების დროს არ იგრძნობოდა ის, რომ ჩვენ შორის განსხვავება დიდი იყო. თითქოს ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდა, თუმცა ჩვენ სტერეოტიპების დამსხვრევა მაინც შევძელით", - ამბობს გელა. წლების განმავლობაში ის DRC-ის, World Vision-ის, Berghof Foundation Caucasus-ის პროექტებში მონაწილეობდა.

"ზოგიერთი აფხაზი გვთხოვდა, ქართული გვესწავლებინა"

მაია ხურცილავაც დანიის ლტოლვილთა საბჭოს ორგანიზებული ტრენინგების მონაწილე 2010 წელს იყო. გელას მსგავსად, ისიც გალის რაიონის სოფელ საბერიოდანაა. იხსენებს, რომ მის სკოლაში შერჩევის პროცესი რთული იყო, რადგან გალელ მშობლებს სოხუმში შვილების გაშვების ეშინოდათ.

მაია ხურცილავა
მაია ხურცილავა

"თან მაშინ ეს პირველი პროექტი იყო, მერე კი ასეთ ტრენინგებში მონაწილეობა ყველას უნდოდა. ტრენერებად როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელები გვყავდა. თემატიკა ახალგაზრდების უკეთესი მომავლისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას ეხებოდა. აქტიური დისკუსიები გვქონდა, სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, კულტურული საღამოები, ქართული და აფხაზური კულტურისა და სამზარეულოს გაცნობა და სხვა", - ეუბნება მაია რადიო თავისუფლებას.

მაიაც და გელაც ამბობენ, რომ აფხაზ თანატოლებთან შეხვედრები სტერეოტიპების მსხვრევაში დაეხმარათ, შეეცვალათ წარმოდგენა ერთმანეთზე და დამეგობრდნენ კიდეც.

"ზოგიერთი აფხაზი გვთხოვდა, ქართული გვესწავლებინა. მაშინ ჩვენ შორის ეთნიკური განსხვავება არ იგრძნობოდა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო და ნათელი მოგონება იყო ჩემს ცხოვრებაში", - ამბობს მაია.

"ეს მოსალოდნელი იყო, უბრალოდ ფორმა იყო საკმაოდ უხეში"

"არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვის მიზანი აფხაზეთში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეშლაა", - ამბობს კონფლიქტოლოგი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ის დარწმუნებულია, რომ სწორედ ამის გამო დაინიშნა პოსტზე ინალ არძინბა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის გარდა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მუშაობდა.

"ყველამ, და მათ შორის მეც, შევაფასეთ, რომ ინალ არძინბა რუსული პოლიტიკის გამტარებელი იქნებოდა. არა პრორუსული-აფხაზური პოლიტიკის, არამედ წმინდა წყლის რუსულის. ეს მოსალოდნელი იყო, უბრალოდ ფორმა იყო საკმაოდ უხეში. შეიძლება ყოფილიყო უფრო დიპლომატიური, მაგრამ გამომწვევად უხეში იყო, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ თავიანთი დამოკიდებულება ეგრძნობინებინათ", - მიაჩნია ზაქარეიშვილს.

მისი თქმით, არძინბას მთავარი ამოცანა, ქართულ მხარესთან დიალოგის ყოველგვარი ფორმის შეწყვეტაა. ის ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტსაც აკრიტიკებს, რომელიც ბჟანია-ანქვაბის დე ფაქტო მთავრობის სათავეში მოსვლის შემდეგ შეთავაზებულ პირდაპირი დიალოგის ფორმატს არ დათანხმდა. კონფლიქტოლოგი იხსენებს, რომ ცხინვალის მიმართულებით საკითხი წინ არ მიდიოდა, მაგრამ აფხაზების მიმართულებით გარკვეული პერსპექტივები შეიმჩნეოდა.

"მთელი ორი წელი ითხოვდნენ აფხაზები ქართულ მხარესთან შეხვედრას, დიალოგისკენ მოგვიწოდებდნენ და ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი თვლიდა, რომ ეს რუსული პროექტი იყო, ჩვენი შეტყუება უნდოდათ თურმე დიალოგში. აღმოჩნდა, რომ პირიქითაა. საექსპერტო საზოგადოება მართლები აღმოვჩნდით, ვინც ვხედავდით აფხაზური საზოგადოების გულმხურვალე დამოკიდებულებას დიალოგის მიმართ. აშკარად ჩანდა, რომ ქართულ მხარესთან დიალოგი ადარდებათ, რაღაცის გადარჩენა უნდოდათ. მთიანი ყარაბაღის მოვლენების შემდეგ ეს ყველაფერი გაჩერდა", - ამბობს ის და ამ ყველაფერს ქართული მხარის პოლიტიკის კრახს უწოდებს.

კიდევ ერთი კონფლიქტოლოგის, გიორგი კანაშვილის აზრით, მთლიანობაში ტენდენცია მკაფიოა და მიმართულია იმისკენ, რომ ქართულ-აფხაზური კავშირები მინიმუმამდე დავიდეს. მისი თქმით, ქართულ-აფხაზურ კავშირებზე დარტყმა სერიოზული პრობლემა გახდება:

"თუ ეს მოთხოვნა აღსრულდა, ეს ნიშნავს, რომ ისედაც მიზერული, არცთუ ისე მჭიდრო და ფართომასშტაბური ქართულ-აფხაზური ურთიერთობები კიდევ უფრო შეიზღუდება, რაც არა მგონია, ჩვენს ან აფხაზების ინტერესში იყოს. შემდეგი ნაბიჯი რუსეთში მოქმედი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შემოღება შეიძლება იყოს, რაც აფხაზეთში სამოქალაქო სექტორის ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს", - ამბობს კანაშვილი.

კანაშვილის მიერ ხსენებულ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროში უკვე მუშავდება. კანონის შემოღებას აფხაზები სოციალური ქსელებიდან პერიოდულად მოითხოვენ. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული პროექტების გამო, აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს.

აფხაზეთის ბავშვთა ფონდის თავმჯდომარე ასიდა ლომია რადიო თავისუფლების პროექტ "ეხო კავკაზასთან" ამბობს, რომ ბოლო დროს აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციისთვის აქტიური კამპანიაც არის დაწყებული.

აფხაზეთში ომის დასრულებიდან თითქმის 30 წლის გასვლის მიუხედავად, აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან რაიმე კავშირების არსებობა მაინც ძნელად აღსაქმელი და მტკივნეულია. აფხაზები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ძირითადად უფასო სამედიცინო სერვისების მისაღებად ჩამოდიან, თუმცა ეს ფარულად ხდება, რადგან ნებისმიერი საჯაროობა მათ პრობლემებს შეუქმნის.

კიდევ რა გააკრიტიკა არძინბამ?

19 იანვარს UNDP-ის წარმომადგენელთან საუბრისას ინალ არძინბა ორგანიზაციის მიერ 2021 წლის ივნის-აგვისტოში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვასაც შეეხო, რომელიც, მისი თქმით, "შიდაპოლიტიკური ხასიათის საკითხებს და ასევე საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას სწავლობდა".

არძინბას მტკიცებით, "აფხაზეთში სტატისტიკური საქმიანობის შესახებ" კანონის თანახმად, სოციოლოგიური კვლევების ჩატარება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ".

"თქვენს ორგანიზაციას უბრალოდ არ აქვს ასეთი საქმიანობის უფლება. გარდა ამისა, ეს საქმიანობა შესაბამის დეპარტამენტთან - სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან უნდა იყოს კოორდინირებული", - აღნიშნა მან.

რას აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთში?

სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია აფხაზეთის 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აძლევს გრანტებს. ძირითადად სოციალურ პროექტებს აფინანსებენ - ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერიდან, საგანმანათლებლო პროგრამებამდე. მაგრამ ასევე აქვთ პროექტები, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციისკენაა მიმართული.

დანიის ლტოლვილთა საბჭო აფხაზეთში 2005 წლიდან მუშაობს და ოფისი ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ გალსა და სოხუმშიც აქვთ. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათი მუშაობის ძირითადი ფოკუსი ეკონომიკური და სოციალური მიმართულებაა.

"დანიის ლტოლვილთა საბჭო აფხაზეთში საქმიანობას დღემდე აგრძელებს. ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულებაა: საარსებო წყაროების უზრუნველყოფა დევნილებისა და ადგილობრივი თემებისთვის, ახალგაზრდების გაძლიერება სხვადასხვა აქტივობის განხორციელებით და სოციალური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა".

COBERM (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) ევროკავშირისა და UNDP-ის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება. ორგანიზაციის განმარტებით, მხარს უჭერენ სწრაფად განხორციელებად და კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებს, რომელთაც კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში შეაქვთ წვლილი. მათივე თქმით, COBERM-ის პირველი სამი ეტაპის შედეგად (2010-2018), ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების 200-მდე ინიციატივის განხორციელება ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობისათვის პრიორიტეტულ სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ახალგაზრდების განათლება, სახალხო დიპლომატია, წყვლადი თემების საცხოვრებელი პირობებისა და შემოსავლების გაუმჯობესება, ეროვნული უმცირესობები, ქალთა მონაწილეობის გაძლიერება თუ სხვ.

რას ითხოვს სოხუმი?

სოხუმმა საერთაშორისო პროექტების დე ფაქტო საგარეო უწყებასთან შეთანხმების აუცილებლობაზე ბოლო განცხადება გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გააკეთა.

6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ "უცხოურმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარ უნდა შეუთანხმონ" ახალგაზრდების შეხვედრები, დისკუსიები, მრგვალი მაგიდები და სემინარები, საინფორმაციო მასალების გავრცელება და, ასევე, საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მომზადება.

გარდა ამისა, უცხოურმა ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ თავიანთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ანგარიშები, თანამშრომელთა პერსონალური შემადგენლობა და დოკუმენტები დაფინანსების წყაროებისა და სახსრების ხარჯვის მიზნების შესახებ.

რას ამბობენ თბილისში?

პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება, კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით ახალ დინამიკას არ უნდა ველოდოთ.

"მთავარი ჩვენი იარაღი არის დემოკრატია, თავისუფალი სასამართლო, პარლამენტი და ასე შემდეგ, რაც გვჭირდება ჩვენ თვითონ და ეს სჭირდება, სხვათა შორის, კონფლიქტის მოგვარებასაც. რაც უფრო დემოკრატიული იქნება საზოგადოება, მით უფრო საინტერესო იქნება აფხაზური და ოსური საზოგადოებებისათვის. ვიდრე "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, კონფლიქტის მიმართულებით არავითარი ძვრები არ იქნება, პირიქით, გაუარესდება ვითარება", - ამბობს ის.

აფხაზეთის დე ფაქტო უწყების ახალ გადაწყვეტილებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG