Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია და მისი მოადგილეები ამბობენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ


სახალხო დამცველი ყოველწლიურ, საპარლამენტო ანგარიშთან ერთად აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც სრულად ეძღვნება 20-21 ივნისის აქციის დარბევას და გამოძიებას, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევებს ეხება. ამ გამოძიების ფარგლებში ბრალი წარუდგინეს 3 სამართალდამცველს.

სპეციალური ანგარიშის მიხედვით, გამოძიების ფარგლებში დაკითხვისას, მაშინდელი შს მინისტრი, გიორგი გახარია და მისი მოადგილეები ადასტურებენ იმას, რომ გასცეს ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება, თუმცა ამბობენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება მათ არ გაუციათ. იმას, რომ რეზინის ტყვიები შესაბამისი ბრძანების გარეშე გამოიყენეს, ჩვენებებში აღნიშნავენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეებიც.

სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების გამოვლენასა და მათი ინდივიდუალური როლის შეფასებაზე, და არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ არ ჩატარებულა რიგი საგამოძიებო ღონისძიებები, რომლებიც, საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ეფექტიანად მიმდინარეობისათვის აუცილებელია. მაგალითისათვის, არ არის დათვალიერებული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, არ არის დანიშნული და ჩატარებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების რაციების ჩანაწერების ექსპერტიზა.

სახალხო დამცველი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ, ვინაიდან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მისი სამართლებრივი ვალდებულება იყო, აღეკვეთა უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები (სპეციალური საშუალების არაპროპორციული გამოყენება) და როგორც საქმის მასალებიდან გამოიკვეთა, მას ჰქონდა ამგვარი მოქმედების შესაძლებლობა. ასევე, საქმეში ამ ეტაპისთვის მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.

სახალხო დამცველის 20-21 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე მომზადებული ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ის პირები, ვინც 2019 წლის 20-21 ივნისს თოფები გამოიყენეს, უთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს სიტუაციის მიხედვით იყენებდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ზოგადი ნებართვა, მზად ყოფილიყვნენ ყველა სიტუაციისთვის. ისინი ასევე უთითებდნენ, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა, მათთვის არ მიუციათ ბრძანება შეეწყვიტათ რეზინის ტყვიების გამოყენება. ომბუდმენის ანგარიშის მიხედვით, ჩვენებები ფაქტობრივად იდენტური ინფორმაციის შემცველი იყო ამ მიმართებით.

მასალების შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამოძიების მიერ ჩატარებული მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების, ასევე იმ სამართალდამცავების გამოკითხვა, რომლებმაც გამოიყენეს აქტიური სპეციალური საშუალებები, არ იყო სრულყოფილი - არ დგინდებოდა რეზინის ჭურვების გამოყენების შესახებ გაიცა თუ არა ბრძანება და ვის მიერ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიების ფარგლებში ყოფილი შს მინისტრი და მისი მოადგილეები კიდევ ერთხელ და ნაკლებ ლოიალურად უნდა დაიკითხონ.

სახალხო დამცველის მიაჩნია, რომ ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების შესრულებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტების დადგენა, არამედ იმ პირთა მოქმედებისა თუ უმოქმედობის სამართლებრივი შეფასება, ვინც ხელმძღვანელობდა ამ პროცესს.

20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაზე დაშავდა 200-ზე მეტი მოქალაქე. მშვიდობიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

XS
SM
MD
LG