Accessibility links

გიორგი გახარია ჩაკეტილ წრეშია?


მინისტრი, რომელმაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სასარგებლოდ არაერთხელ განმუხტა კრიზისული სიტუაცია, ახლა თავად აღმოჩნდა კრიზისულ სიტუაციაში.

გიორგი გახარიას დამცველებიც ჰყავს, მაგრამ უფრო ხილულია ხალხის ტალღა მისი გადადგომის მოთხოვნით. აქვს თუ არა „ქართული ოცნების“ საყრდენ ფიგურას სამი მაღალი პოსტის შენარჩუნების შანსი? ვისთვის რა აჯობებს?

წადი, წადი, წადი...

ძლევამოსილი მინისტრი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოში ერთდროულად ვიცე-პრემიერიც არის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც, ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდა.

მისი გადადგომა პერმანენტული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, 21 ივნისის შემდეგ. უპირობოდ დგას საკითხი - გიორგი გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომიტინგეების დარბევის გამო.

ჩამონათვალშია არაერთი მიზეზი:

  • სამართალდამცველებმა სათანადოდ არ გააფრთხილეს მომიტინგეები, რომ აქციის დარბევას სპეცსაშუალებებით აპირებდნენ;
  • აქციის დასაშლელად გამოიყენეს იმ სახის რეზინის ტყვიებიც, რომლებიც სიკვდილსაც იწვევს;
  • მომიტინგეებს ესროდნენ დამიზნებით და ბევრს რეზინის ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი;
  • დარბევის შემდეგ გაქცეულ მომიტინგეებს სამართალდამცველები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ;
  • საავადმყოფოში მოხვდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის - 80 სამართალდამცველი;
  • ორი ადამიანი დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაშია;
  • თვალი დაკარგა ორმა, მათ შორის - 18 წლის მაკო გომურმა;
  • დაშავდა სულ მცირე 34 ჟურნალისტი.

მისთვის, ვინც გახარიას უპირობო გადადგომას ითხოვს, არაფრისმთქმელია მისი გამამართლებელი არგუმენტი, რომ - მინისტრი პირადად არ მისცემდა დავალებას სპეცრაზმელებს ხალხისთვის თავში სროლისა თუ თვალების დათხრის შესახებ.

ასეთები სვამენ რიტორიკულ შეკითხვებს:

  • თუკი მინისტრს ხელქვეითები არ უჯერებენ, რა გამოდის - გახარია სუსტი მინისტრია?!
  • თუკი მის ნაცვლად ხალხის სასტიკად დარბევის დავალება სხვა პირებმა გასცეს, რა გამოდის - გახარია სუსტი მინისტრია?!
  • ... და რატომ უნდა დარჩეს პოსტზე სუსტი შს მინისტრი?!
  • თუკი მინისტრმა დარბევის პროცესში გამოვლენილი სისასტიკე დაინახა და არ შეაჩერა, გამოდის თუ არა ისიც სისასტიკის თანამონაწილე?!
  • ... თუკი ვერ შეაჩერა, ესეც ხომ სისუსტეა?!

„ამ საქმეს ბოდიში არ უშველის“... „ბოდიში არ მიიღება“ - ხშირად იმეორებენ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ ხალხმრავალ აქციებზე გიორგი გახარიას გასაგონად - ერთხელ მოგვატყუა ბოდიშით, ღამის კლუბების დარბევის შემდეგ და აღარ მოვტყუვდებითო...

შს მინისტრის ბიუსტი, რომელიც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული რეიდების წლისთავისთვის დამზადდა და ღილაკზე თითის დაჭერისას იხდის ბოდიშს, ამჟამინდელი აქციების დეკორაციად იქცა.

გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიათა წამომადგენლები, მათ შორის - „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებიც.

„თუ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ ადამიანები, რომლებმაც უნდა აიღონ (და ბოდიშები აქ არ კმარა და იმ ქმედებების სპეცრაზმელებზე გადაბრალება...), მაშინ, აგერ მე და აგერ თქვენ, შედეგს ნახავთ როგორი იქნება“, - გააფრთხილა ყოფილი თანაგუნდელები დეპუტატმა ეკა ბესელიამ, 25 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე.

  • „სად იყავით მაშინ, როცა ბავშვებს თვალებს თხრიდნენ?!“
  • „ვისი ბრძანებით დასდევდნენ ქუჩებში ახალგაზრდებს მაშინ, როდესაც აღარ იყო რევანშის საფრთხე, პარლამენტში შემოჭრის საფრთხე და მიტინგიც დაშლილი იყო?!“
  • „გინდათ თქვათ, რომ - ჩემიანი თუ აკეთებს, ყველაფერი მოსულა?!“
  • „არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინისტრმა (გახარიამ)?!“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი შეგვახსენებს, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის ძალისმიერი დაშლის საქმეზე პატიმრობა აქვს მისჯილი შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს „და სამართლებრივად ეს საკითხი არავის გაუპროტესტებია“.

„ის რაც 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს ვიხილეთ, ეს იყო ყველაფერი ერთად - 26 მაისიც და 2007 წლის 7 ნოემბერიც და ყველა ის უმძიმესი დღე, რაც რუსთაველის გამზირს ახსოვს... ობიექტური გამოძიება უნდა დაიწყოს და ბატონი გახარია უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას“, - ამბობს თინა ხიდაშელი რადიო თავისუფლებასთან.

თითი ოპოზიციისკენ - გახარიამ შანსი გაუშვა?

„გახარიას ჰქონდა ერთადერთი შანსი, რომ 21 ივნისს, დილითვე დაეგმო აქციის დარბევის დროს გამოვლენილი ძალადობა და დაედო პირობა, რომ ყველა მოძალადე დაისჯებოდა... ახლა უკვე არაფერს აღარ აქვს აზრი. ყველაფერი დაგვიანებულია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

გახარიას შანსს, ანალიტიკოსების აზრით, მისმა პირველმა კომენტარებმა დაუსვეს წერტილი.

21 ივნისს გაკეთებულ კომენტარში გახარიამ თითი ოპოზიციისკენ გაიშვირა:

  • ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გადაზარდეს ძალადობაში;
  • მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაში შეღწევის მიზნით;
  • მოქალაქეების მაპროვოცირებელი პოლიტიკოსები შემდეგ „მოედნიდან გაქრნენ“;
  • პოლიციელებმა დიდხანს ითმინეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს აქციის დაშლა კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებებით;
  • მიმდინარეობს გამოძიება და ყველა, ვინც წაახალისა მშვიდობიანი აქციის შტურმში გარდაქმნა, „უმკაცრესად იქნება დასჯილი“.

გიორგი გახარია იმ დილით თავს არიდებდა საუბარს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით და ერთ-ერთ ჟურნალისტს ისიც უთხრა, რომ არ აინტერესებს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა.

ამის შემდეგ, მხოლოდ 24 ივნისს გამოაცხადა შს სამინისტრომ, რომ უწყების გენინსპექცია აწარმოებს „აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას“, აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება და „მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“.

ასევე 24 ივნისს გახდა ცნობილი, რომ გამოძიება დაიწყო საქართველოს პროკურატურამ - აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. უწყებამ საზოგადოებას ფოტო-ვიდეო მასალებისა და სხვა მტკიცებულებების მიწოდებაც სთხოვა.

ის, რომ, რაც 20-21 ივნისს მოხდა, ყველაფერი ოპოზიციის ბრალია, ამ დღეებში „ქართული ოცნების“ არაერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა. დაზარალებულების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვას ცდილობს ყველა, მაგრამ პოლიციის მოქმედებას სრულად ამართლებს და თითს საბოლოოდ მხოლოდ ოპოზიციისკენ იშვერს.

25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ 26 ივნისს დაიბარა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი ნიკა მელია, მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით.

გაერთიანებული ოპოზიცია პირველსავე დღეს აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების“ დავალებით, იმ ღამით პარლამენტის შენობის წინ მოქმედებდნენ „სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომლებმაც ყველაზე პროვოკაციულად იქცეოდნენ“.

„გარკვეული ჯგუფის მიერ პარლამენტზე იერიშის მცდელობა იყო არაკანონიერი და შესაძლოა, არსებობდა აქციის დაშლის საფუძველიც მაგრამ ის, რაც შემდეგ მოხდა, არაფრით გამართლდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უსაფრთხოების ექსპერტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ თეონა აქუბარდიამ.

„ვხედავდით, რომ რუსთაველის თეატრთან და ოპერასთან მისდევდნენ პოლიციელები მომიტინგეებს, არადა ამის საჭიროება უკვე აშკარად აღარ იყო... სასტიკად უსწორდებოდა ხალხს, დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს ზოგიერთი სამართალდამცველი“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

აქუბარდიას თქმით, თუკი პოსტს არ დატოვებს გიორგი გახარია, 2020 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ის შეიძლება პრობლემად იქცევა - „რადგან ხალხი ამ სიბრაზეს არ დაივიწყებს“.

თუმცა, მეორე მხრივ, "გახარიას ჰყავს ფან-კლუბიც და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას "ქართული ოცნება" იოლად შეელიოს".

ახლა რა გამოსავალი აქვს გიორგი გახარიას?

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ გახარიას გამოსავალი პრაქტიკულად არა აქვს, რადგან მთავარი დაკარგა და აქციის დარბევის შემდეგ, მისი იმიჯი და წონა პრაქტიკულად განულებულია.

„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა იბრძოლოს მის დასატოვებლად მინისტრის პოსტზე... მაგრამ ის ფაქტობრივად იქცა ე.წ. „კოჭლ იხვად“ და ეს პრობლემატურია „ქართული ოცნებისთვის“... 20 ივნისიდან გახარია იქცა ძალიან დრამატული, ტრაგიკული მოვლენის სიმბოლოდ... ის პოლიტიკურ სარგებელს ვეღარ მოუტანს „ქართულ ოცნებას“... არ მგონია, რომ ამას ვერ ხვდებოდეს ბიძინა ივანიშვილი“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ჯიუტობს“ და ამას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს:

  • საზოგადოების მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილება არ უნდა და ნაწილ-ნაწილ ურჩევნია „ბარტყების გადაყრა“;
  • ანდა ამით თავისიანებს ეუბნება, რომ დაიცავს ბოლომდე.

გია ხუხაშვილის აზრით, ახლა უკვე დაგვიანებულია იმის თქმაც, რომ რუსთაველის გამზირზე მიტინგის სასტიკი ფორმებით დაშლის ბრძანება სხვა პირმა ან პირებმა გასცეს - „მაშინ სად იყო თავად გახარია?! ეს ვარიანტი შესაძლოა უარესიც იყოს მისთვის“.

შესაძლოა, სხვა მოქმედი პირების დასახელება დაგვიანებული იყოს, მაგრამ თეონა აქუბარდია არ გამორიცხავს, რომ ეს მაინც მოხდეს და, გიორგი გახარიას შენარჩუნების მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ სხვა მაღალჩინოსნები "შესწიროს" ამ პროცესს. თუმცა სხვა საკითხია, ვინ დაიჯერებს ამას.

„ძნელი იქნება გიორგი გახარიას პოსტზე შენარჩუნება და ეს კიდევ უფრო გააგრძელებს კრიზისს... საპროტესტო აქციებზე მდგარი ახალგაზრდები დათმობას არ აპირებენ... ნერვების გამოცდა იქნება“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

„არ გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია!“ - ამ მოწოდებით ინტერნეტსივრცეში პეტიცია 25 ივნისს გამოჩნდა და 20:00 საათის მონაცემებით 630 ხელმომწერს ითვლის.

ამასთან, შს მინისტრის მხარდამჭერები სოციალურ ქსელ ფეისბუკში მიმართავენ ჰეშტეგს #გახარიაჩვენიმინისტრია. კეთდება მხარდამჭერი განცხადებები, რომელთა ავტორებს შორისაც - „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ვხვდებით.

არის საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი კომენტარიც:

  • ის ადამიანი, ვინც მოსვლის დღიდან ებრძვის: კრიმინალს, ბარიგებს, მკვლელებს, ოკუპანტებს, ჩანერგილ მანიაკებს - მარტო არ არის!!!
  • ამაზე უკეთესი და ძლიერი მინისტრი არ ჰყოლია ქვეყანას ჯერ. არ უნდა გადადგეს!
  • საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ისტორიაში! ის არ უნდა გადადგეს!
  • ჩაერივნენ აბა რას იზამდნენ, რაც თქვენ მაგ აქციაზე გააკეთეთ! მაგიჟებთ რაა! რა შტურმი ხალხო?! ხოდა იყავით ახლა ჩასისხლიანებული და ნუ გადაიტანთ თქვენ ბრალს სხვაზე!!!
  • ზუსტად ვიცი, ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ქართველ ხალხს არ უღალატებს! გიორგი გახარია უნდა დარჩეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე.

გიორგი გახარიას მხარდამჭერები საპროტესტო აქციას გეგმავენ პარლამენტის შენობასთან - 28 ივნისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, სავარაუდოდ მინისტრი პარლამენტში უნდა მივიდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG