Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო კანის კინოფესტივალი


რა განასხვავებს კანის კინოფესტივალს ყველა დანარჩენი კინოფორუმისგან?

ოდესღაც ფესტივალის დირექტორმა ჟილ ჟაკობმა რამდენიმე სიტყვით უპასუხა ამ კითხვას. “კანის ფესტივალზე მთავარია არა რაზეა ფილმი, რის შესახებ გვიამბობს მისი ავტორი, არამედ მთავარია როგორი კინოა, როგორაა გაკეთებული!”

ასეთი ფილმი მეორედ ნახვის სურვილს ბადებს, გინდა უჩვენო ფილმი შენს მეგობრებს, მათთან ერთად უყურო, დააკვირდე მათ რეაქციებს. ასეთი კინო რამდენჯერაც უნდა ნახო, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კანის კინოფესტივალი, მსოფლიო კინემატოგრაფისტთა ეს ერთგვარი მექა, თავისუფალია ყოველგვარი კონიუნქტურისგან და აქ მართლაც ასეთ კინოს უჩვენებენ? ცხადია, არა. სურვილი ერთია და რეალობა სხვა. მაგრამ ფაქტია - კინოს სამყაროში არ არსებობს რეჟისორი, რომელიც არ ოცნებობდეს თავისი ფილმის პრემიერაზე სწორედ კანში, საფრანგეთის ამ პატარა ქალაქში, რომელიც ფესტივალის დროს მართლაც კინოთი ცხოვრობს; სადაც პურის გამყიდველი ყოველ დილით ეკითხება კინოკრიტიკოსს, როგორ ჩაიარა წუხელ ფილმის პრემიერამ; ქალაქში, რომლის წლიური ბიუჯეტის ნახევარი სწორედ კანის ფესტივალის დღეებიდან ივსება.

მსოფლიო კინოში, მგონი, ჟან-ლუკ გოდარი დარჩა მარტო, კანის კინოფორუმს “უგემოვნო შოუს”, “სიყალბეს”, “იაფფასიან გლამურს” რომ უწოდებს. 87 წლისაა, მაგრამ მაინც იღებს კინოს. აგერ, წელს კანის კონკურსში ჩართულია მისი ახალი ფილმი “სურათებიანი წიგნი”... დასცინის ფესტივალს, ახლოს არ ეკარება, მაგრამ ესენი მაინც ეპატიჟებიან, მის ფილმებს უჩვენებენ. წელს, საერთოდ, გოდარის ფილმის, “შეშლილი პიეროს” კადრი ფესტივალის ოფიციალურ პოსტერზე გამოისახა. მაგრამ გოდარი მაინც არ ჩამოვიდა

დასჯილი რეჟისორების კინოფესტივალი

კანში წელს არ ჩამოვა არც საკონკურსო პროგრამაში ჩართული რუსული ფილმის, “ზაფხულის” რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი. ის შინაპატიმრობაშია. ვიქტორ ცოის ბიოგრაფიის ერთი პატარა ეპიზოდის “ეკრანიზაცია” სერებრენიკოვმა... თავისი ბინიდან დაასრულა. საეჭვოა ჩამოვიდეს კიდევ ერთი საკონკურსო პროგრამის ფილმის, “სამი სახის” რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი. შინაპატიმრობა მას ახლახან დაუმთავრდა. სამაგიეროდ კანში ვიხილავთ კიდევ ერთ “დასჯილ” რეჟისორს, ლარს ფონ ტრიერს, შვიდი წლის წინ თავად კანის დირექციამ რომ აუკრძალა ფესტივალზე ჩამოსვლა, მას შემდეგ, რაც აქ, კანში გამართულ პრესკონფერენციაზე, არც მეტი არც ნაკლები ადოლფ ჰიტლერის მიმართ თავისი სიმპათია გამოხატა. კანში მაშინ გვარწმუნებდნენ, რომ ტრიერი სამუდამოდ დაემშვიდობება მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფორუმს. მაგრამ ბაზარმა, როგორც ჩანს, “დაარეგულირა” - ტრიერმა დაასრულა თავისი ახალი ფილმი “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა”, რომელიც კანის წლევანდელი ფესტივალის კონკურსგარეშე პროგრამაში ჩართეს. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი არა იმდენად ტრიერის ფილმს, რამდენადაც მის პრესკონფერენციას უკავშირდება. არაა გამორიცხული, დანიელმა პროვოკატორმა რაღაც ისეთი თქვას, ახალი სასჯელი არ აცდეს.

კანის წლევანდელ ფესტივალზე “ოფიციალურად დაისაჯა” კინოკომპანია “ნეტფლიქსიც”: “ფილმები, რომლებიც “ნეტფლიქსის” ფულით არის გადაღებული, არასდროს იქნება ნაჩვენები კანის ფესტივალის კონკურსში” - გვარწმუნებენ ორგანიზატორები. ესაა კანის კინოფორუმის კიდევ ერთი ცდა, დაუპირისპირდეს სატელევიზიო და ვიდეოინდუსტრიას, ყველას, ვინც შეეცდება დაანგრიოს კინემატოგრაფისტთა სალოცავი ტაძარი - კინოთეატრი და შეცვალოს ის ტელევიზორით, კომპიუტერითა და ლეპტოპებით. მით უფრო უცნაურია, რომ კანის 71-ე კინოფესტივალი გაიხსნა ირანელი რეჟისორის, ასგარ ფარჰადის ფილმით “ყველამ იცის” - ლათინურ-ამერიკული სერიალების ამ გაუგებარი კინოვარიანტით... სწორედაც რომ გაუგებრით! რატომ გადაიღო ცოტა არ იყოს ზედმეტად ნაქებმა, მაგრამ მაინც ერთი კარგი ფილმის, “გაყრის” ავტორმა (ყველაფერთან ერთად ფარჰადი ამერიკული “ოსკარის” ლაურეატია) ეს ესპანურ-არგენტინული დეტექტივი? საეჭვოა, ამ კითხვაზე თავად რეჟისორს ჰქონდეს დამაჯერებელი პასუხი... რა მოსდით ირანელ რეჟისორებს, როცა დასავლეთში იწყებენ მუშაობას? სად იკარგება მათი ფილმების პოეტურობა, სიღრმე და სილამაზე? ეს ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი რჩება.

ჰოლივუდის ფიასკო და კინოკრიტიკოსები ძალაუფლების გარეშე

წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მხოლოდ ორი ამერიკული ფილმია. დევიდ რობერტ მიჩელი და სპაიკ ლი იმ დონის რეჟისორები არ არიან, რომ დაამარცხონ კანის წლევანდელი კინოფორუმის “აღმოსავლური დესანტი” და პირველ რიგში დიდი ავტორები, ჩინელი ცზია ჯანკე და კორეელი ლი ჩან დონი. ამ უკანასკნელის ახალი სურათის პრემიერას, პირადად მე დიდი ხანია ველოდები. რადგან მისი “პოეზია”, საერთოდ, საუკეთესოდ მიმაჩნია 21- ე საუკუნის კინოში.

ჰოლივუდი კანში უკვე მერამდენედ იჩაგრება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამერიკელებს აქ მხოლოდ იმიტომ ეპატიჟებიან, რომ ხალხმა წითელ ხალიჩაზე კინოვარსკვლავები იხილოს. მაგრამ წელს არტისტებს არა მარტო სელფების გადაღება აუკრძალეს წითელ ხალიჩაზე, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირეს მათი რიცხვიც. დიდი ხანია კანის ფესტივალზე პოპულარული ვარსკვლავების ასეთი დეფიციტი არ ყოფილა. შესაძლოა, ამიტომაც შეავსეს დანაკლისი ჟიურის შემადგენლობით (წლევანდელ ჟიურიში მსახიობების რაოდენობა სარეკორდოა) და კონკურსგარეშე ფილმებით, რომელთა ჩვენებას სავარაუდოდ მათში მონაწილე ვარსკვლავები დაესწრებიან.

ოფიციალური პრემიერები კი წელს კანის ფესტივალზე უფრო საინტერესო უნდა იყოს, ვიდრე წინა წლებში. საქმე ისაა, რომ 71-ე კინოფესტივალი დაარღვევს ტრადიციას, რომელიც თითქმის ყველა დიდ ფესტივალზეა დამკვიდრებული: თითქმის ყველა კინოფორუმზე პრესა, კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები - ფილმებს უყურებენ ოფიციალურ პრემიერამდე ერთი დღით ადრე, რათა პრემიერის დღისთვის გაამზადონ მასალა - რეცენზია, დღიურის ჩანაწერი საპრემიერო ფილმზე. მაგრამ დრო შეიცვალა: კრიტიკოსები არა მარტო გაზეთებისა და ჟურნალებისთვის წერენ, არამედ სოციალურ ქსელებშიც აქტიურობენ. ფილმის დასრულებისთანავე გამოხატავენ თავიანთ აზრს ტვიტერზე და ფეისბუკში - თანაც უკვე მოკლედ, ერთი-ორი სიტყვით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე: “მომეწონა”, “შედევრია”, “ნაგავია”, დამეძინა”... კრიტიკოსი დაწერს “დამეძინას” და ფილმის ოფიციალურ პრემიერამდე - კანში წითელი ხალიჩით, საღამოს კაბებით, მაღალი ქუსლებით და სმოკინგებით, გაღიმებული სახეებით და გამარჯვების მოლოდინით - ვრცელდება ჭორი, რომ “ვიღაცას დაეძინა”... ასეთი ჭორები, როგორც კანის ფესტივალის დირექცია ამტკიცებს, მოქმედებს რეჟისორზე, რომელსაც კრიტიკოსებმა, შესაძლოა, ჩაუშხამონ პრემიერა.. მოქმედებს ჟიურიზეც: რამდენჯერ ყოფილა ჟიურისთან ახლოს ვმჯდარვართ ქართველი კრიტიკოსები და ხმაურით, ხითხითით გამოვსულვართ ფილმიდან. ვინ იცის, რამდენ ფილმს გავუფუჭეთ საქმე!

ჰოდა, მორჩა კინოკრიტიკოსების თავგასულობა. კანის ფესტივალის დირექციამ ძალაუფლება წაგვართვა - ამიერიდან პრესა წინასწარ აღარ ნახავს ფილმს. კინოს ახლა პარალელურად, ორ დარბაზში აჩვენებენ - ოფიციალური პრემიერა ერთ დარბაზში გაიმართება, პრესისთვის ჩვენება კი - მეორეში.

რადიო თავისუფლების მეგობრებს და კინოს მოყვარულებს ვპირდები, რომ მაინც მივაგნებ გამოსავალს და ახლა უკვე ჩვენი პირდაპირი ჩართვებით კანიდან მოგახსენებთ მსოფლიოს მთავარი კინოფორუმის ჩვენებზე. რაც შეიძლება სწრაფად!

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG