Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ლიპარტელიანის ოჯახის ღია წერილი


მედიის წარმომადგენლებს, უფლებათადამცველებს და დიპლომატიურ მისიებს

მივმართავთ მთელ ქართულ საზოგადოებას! დადგა დრო, როცა ჩვენც უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი და ყველას გავაგებინოთ იმ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი დევნის შესახებ, რასაც ჩვენი ოჯახი განიცდის ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამ კარგად ორგანიზებულმა კამპანიამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ სცნო წაყენებულ ბრალდებაში, რაც 12 წლის სალომე ტატიშვილის, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ორი კვირაში ჩვენ თავს დაგვატყდა ენით აუწერელი ზიზღისა და სიძულვილის ტალღა.

2018 წლის 25 თებერვალს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც გიორგი ლიპარტელიანზე საუბრობდნენ, როგორც რეალურ დამნაშავეზე და მას მოიხსენიებდნენ, როგორც მკვლელს. ხსენებულ სიუჟეტში გამოიყენეს მისი პირადი ფოტოები, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს მთლიანად ჩვენი ოჯახი, უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ დაგვაბრალეს სასამართლოზე ზეწოლა, კორუფციული გარიგება და მისი მოსყიდვა. სიუჟეტი იყო გადაუმოწმებელი ინფორმაციით გაჯერებული და ცალმხრივი, სადაც ძირითადი დრო დაეთმო მომჩივანი მხარის გამოსვლებსა და მოსაზრებებს, მაშინ როდესაც თავად ,,ბრალდებულთან“ დაკავშირება და მისი პოზიციის მოსმენა არც კი უცდიათ. ამ სიუჟეტით, უპირველეს ყოვლისა, დაირღვა გიორგი ლიპარტელიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან იმ მომენტისთვის, მისი საქმე გადაცემული იყო სააპელაციო სასამართლოზე და პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

მოვლენების განვითარება ამით არ დასრულებულა, მოგვიანებით, ეს სიუჟეტი აიტვირთა Facebook-ში და სოციალური ქსელითა დ აცალკეული ინტერნეტ მედიის საშუალებით გავრცელდა მოწოდებები, ყოველგვარ რეალურ მტკიცებულებას მოკლებული ინტერვიუები, ცალმხრივი სიუჟეტები, რამაც ხელი შეუწყო არაობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორსირებას. სოციალურ სივრცეში გავრცელებული მოსაზრებები და კომენტარები სულ მალე გასცდა ყოველგვარ ცივილიზებულ ნორმებს და გიორგისა და მთელი ჩვენი ოჯახის მისამართით აგორდა სახალხო ბრალდების, დადანაშაულებისა და შეურაცხყოფის უზარმაზარი ტალღა.

ასე მიზანმიმართულად მიმდინარეობდა მცდარი საზოგადოებრივი აზრის შექმნა, მუდმივად ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები და სიძულვილის ენით საუბარი მთელ ჩვენს ოჯახზე. საჯარო სივრცეში გიორგი ლიპარტელიანის დევნის წამქეზებლები აღმოჩნდნენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნებები, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვის პრეტენზია აქვთ.

ამ ყველაფერს კი, სამწუხაროდ, ამოძრავებდა არა სიმართლის დადგენის სურვილი, არამედ მხოლოდ ერთადერთი მიზანი - მანიპულაცია და ფსიქოლოგიური ზეწოლა მომავალ სააპელაციო სასამრთლოზე, რაც მოხდა კიდეც და ამ წლის 25 აპრილს სააპელაციო სასამართლომ, ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულებების გარეშე (რომლებიც რეალურად დაასაბუთებდნენ ეჭვმიტანილის ბრალეულობას), გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახლა გთავაზობთ თავად გიორგის ღია წერილს, რომელიც ერთი თვის წინ დაიწერა, მაგრამ არ გამოქვეყნებულა, მისივე ადვოკატის თხოვნით... რადგან, ადვოკატი თვლიდა, რომ ეს წერილიც ერთგვარი მცდელობა იქნებოდა, მცირედი, მაგრამ მაინც მცდელობა, მიმდინარე სასამართლო პროცესზე ზემოქმედების.

ღია წერილი

„მე ვარ გიორგი ლიპარტელიანი და მე არ ვარ მკვლელი

გადავწყვიტე ორწლიანი დუმილის შემდეგ ხმა ამოვიღო და ყველას გავაგებინო იმ ცილისმწამებლური და უსამართლო კამპანიის შესახებ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ხორციელდება. უკვე რამდენიმე თვეა ქართული მედიასაშუალებებით გადაიცემა ტენდენციური და ცალმხრივი სიუჟეტები, სადაც მომიხსენიებენ მკვლელად, ნაძირალად და უპასუხისმგებლო ადამიანად.

ყოველთვის მჯეროდა იმის, რომ სასამართლო იყო დავის გადაწყვეტის და სიმართლის დადგენის ბოლო ინსტანცია. ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვინარჩუნებდი დუმილს და ვცდილობდი ღირსეულად შევხვედროდი ყველა განსაცდელს. მაგრამ დადგა დრო, როცა სიჩუმე უნდა დავარღვიო და დაწვრილებით მოგიყვეთ ჩემი საქმის ყველა დეტალი.

წინასწარ გთხოვთ მომიტევოთ ჩემი ზედმეტი ემოცია და აღელვება, რაც განპირობებულია იმითაც, რომ უკვე რამდენი ხანია ვხედავ და ვისმენ, თუროგორ მლანძღავენ არა მხოლოდ მე, არამედ მთელ ჩემს ოჯახს, ჩვენ უკვე ვიქეცით დევნისა და საჯარო შეურაცხყოფის ობიექტებად.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დაახლოებით ორი წლის წინ ბრალი წამიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მიხედვით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს. თუმცა წელიწადნახევრის მანძილზე მიმდინარე სასამართლო გამოძიების შემდეგ, საქართველოს საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მცნო წაყენებულ ბრალში და ჩემს წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, დაღუპულის ოჯახი, მედია, არასამთავრობო სექტორი და ცალკეული პირები ყველანაირად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიმდინარე სააპელაციო სასამართლოზე ზეწოლის მოხდენას.

ყველაფერი 2016 წლის 10 იანვარს დაიწყო, დაბა-გუდაურში, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი. ისე მოხდა, რომ ტრასაზე სრიალისას ვერ დავიმორჩილე თხილამური, წავიქეცი და დავეცი თავით, რის შემდეგაც გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მანქანით წამიყვანეს თბილისში, როგორც შემდგომში გაირკვა, თავის მძიმე ტრავმით, უგონო მდგომარეობაში მომათავსეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

რამდენიმე დღის შემდეგ ჩემმა ოჯახმა გაიგო, რომ არსებობდა ეჭვები, თითქოს მე ვიყავი მონაწილე იმავე დღეს მომხდარი შეჯახებისა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 12 წლის სალომე ტატიშვილი. ეს ინფორმაცია მათთვის შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ ვინაიდან უკონტაქტო ვიყავი, ჩემგან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახლდათ. ამასთან, ჩემი ტრამვა და თვითმხილველი მეგობრები გავრცელებული ეჭვის საწინააღმდეგოს ადასტურებდნენ.

დაკითხვები დაიწყო მანამ, სანამ მე გონზე მოვიდოდი და რაიმე ტიპის კონტაქტს შევძლებდი, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, როცა ფიზიკურად შევძელი, გამოძიებაზე მეც დამიბარეს და მოვყევი ყველაფერი, რაც მახსოვდა.

მე თავად განვაცხადე, რომ იმ ტრაგიკულ დღეს, დილით, ძალიან მცირე დოზით მივიღე ალკოჰოლური სასმელი. ამ ფაქტს ხაზი განსაკუთრებით მინდა გავუსვა, რადგან დღემდე ყველანი: პროკურატურა, დაღუპულის ოჯახი, მედია და

არასამთავრობო სექტორი - ყველაზე მეტად სწორედ იმ ფაქტზე აპელირებენ,

რომ, თითქოსდა, მე მთვრალი ვიყავი. ეს ასე არ არის! და... რაც მთავარია,

ეს ინფორმაცია მხოლოდ ჩემი და ჩემი მეგობრების წყალობით გახდა ცნობილი პროკურატურისთვის, თორემ ალკოჰოლის დოზა იმდენად მცირე იყო, რომ სისხლის სამედიცინო ექსპერტიზამ სისხლში ალკოჰოლის არსებობა არ დაადასტურა. თავად განსაჯეთ - ეს ფაქტი აჩვენებს თუ არა ჩემი და ჩემი მეგობრების პატიოსნებას და ობიექტური რეალობის დადგენის სურვილს.

გამოძიების პროცესში ჩემს ტანსაცმელს, სათხილამურო ეკიპირებას, გარდაცვლილის ტანსაცმელს, მის ეკიპირებას და შემთხვევის ადგილზე არსებულ ყველა მონაკვეთს ჩაუტარდა ათამდე ექსპერტიზა, რომელთაგანაც არცერთი არ ადასტურებს ჩემი და გარდაცვლილის შეხებას. ეს ყველაფერი საქმის მასალებში წერია და მისი განხილვა პროკურატურას სადაოდ არასდროს არ გაუხდია.

სიმართლით დაინტერესებულ საზოგადოებას უნდა ვუთხრა ისიც, რომ მე დაბარებული ვიყავი საქართველოს პროკურატურაში, სადაც მივიღე შემოთავაზება ხელი მომეწერა განრიდების დოკუმენტებზე, რაც იმავე წუთიდან გამათავისუფლებდა ყოველნაირი პასუხისმგებლობისაგან. განრიდების შემოთავაზების მიზეზი იყო ის, რომ ბრალის წაყენების მომენტში ვიყავი 19 წლის და არსებული მუხლი მიეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. პროკურატურა მოითხოვდა ხელი მომეწერა საბუთზე, რომელიც ბრალის აღიარების სანაცვლოდ მთავაზობდა ჩემს წინააღმდეგ ყოველგვარი სამართლებრივი დევნის შეწყვეტას. მე იმ მომენტში ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ამ შემოთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში წინმელოდა სასამართლო პროცესები,. თუმცამაინც მტკიცე უარი განვაცხადე, რადგან,უპირველესად, მინდოდა ობიექტური გამოძიების გზითგარკვეულიყო და დამტკიცებულიყო ჩემი სიმართლედა ამასთან ერთად, მჯეროდა საქართველოს მართლმსაჯულების.

ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო მოსმენები, რომელთან ერთადაც მე გავიზარდე:

საქმის დაწყებისას ვიყავი 19 წლის და საქმის დასასრულს 22 წელს ვუახლოვდებოდი. ამ პერიოდში მოვისმინეთ უამრავი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მოწმის ჩვენება, დაიკითხნენ სამთო- სათხილამურო სპორტში გათვითცნობიერებული ადამიანები, ტრასაზე იმ დროს მყოფი ბავშვები და ზრდასრულები. გამოქვეყნდა ექპერტიზის დასკვნები და მოვისმინეთ პროკურორის ბრალდებები.

ყველა მოწმე ერთხმად აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილას დაიღვარა უამრავი სისხლი, გამოიკვეთა შეჯახების სავარაუდო სურათიც. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი ჩემი სისხლი სალომეს ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა, არც ჩემს ტანსაცმელზე - სალომეს სისხლი. და საერთოდ, საავადმყოფოში მიყვანისას არანაირი ჭრილობა, მოტეხილობა ან სხვა ტიპის დაზიანება არ მქონია, რაც შესაძლო შეჯახებას აუცილებლად უნდა გამოეწვია, ერთადერთი გახლდათ თავის მძიმე ტრავმა,რომელიც მივიღე მხოლოდ და მხოლოდ დაცემის მომენტში.

უამრავი სასამართლო პროცესის ჩატარების და მტკიცებულებათა შეჯამების შემდეგ მოსამართლემ გამოაცხადა განაჩენი და უდანაშაულოდ მცნო წარდგენილ ბრალდებაში.

როგორც წესი, ცივილიზებულ სამყაროში ყველა ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც დაფიქსირებულია ყველა ქვეყნის სახელმწიფოებრივ აქტში და არის სისხლის სამართლის ძირითადი პრინციპი, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა - საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი ტელევიზიის ეთერში გადაიცა სიუჟეტები, სადაც მე მომიხსენიებდნენ, როგორც მკვლელს, მიწოდებდნენ ნაძირალას, აჩვენებდნენ ჩემს ფოტოებს და განიხილავდნენ ჩემს პირად ცხოვრებას. მათი განცხადებით, მე, თითქოსდა პრაღაში ამ უბედური შემთხვევის შემდეგ გამაპარეს მშობლებმა მაშინ, როდესაც, სინამდვილეში, მე აქ ინციდენტამდე ორი წლით ადრე ჩამოვედი სასწავლებლად და სამუშაოდ.

აქვე მინდა ვუპასუხო ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გამოთქმულ კიდევ ერთ უსამართლო ბრალდებას, რაზეც თითქმის ყველა წერს და საუბრობს... კერძოდ, თუ რატომ არ მივიდნენ ჩემი ოჯახის წევრები ბოდიშის მოსახდელად სალომეს ოჯახში. მსურს განვმარტო - ერთი, რომ მათ თავს უფლება ვერ მისცეს ჩემს მაგივრად მოეხადათ ბოდიში, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავდა იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი და რომელშიც საფუძვლიანად ეპარებოდათ ეჭვი და თან, იურიდიულად, დაზარალებულ მხარესთან ნებისმიერი სახის კონტაქტი შეიძლება ჩათვლილიყო მოლაპარაკების მცდელობად და ძიების შემაფერხებელ დამამძიმებელ გარემოებად. ხოლო რაც შეეხება ამ ბრალდების მორალურ მხარეს და ჩვენს დადანაშაულებას უგულობასა და მომხდარის მიმართ გულგრილობაში, ამაზე პასუხის გაცემა და განმარტებაც კი მიჭირს, რადგან ღმერთია მოწამე იმ გულწრფელი წუხილისა და განცდებისა, რაც მე და ჩემს ოჯახს გვქონდა და გვაქვს მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო, უბრალოდ, ზოგჯერ სიტყვები უძლურია გრძნობის გადმოსაცემად.

რაკი ოჯახი ვახსენე, ისიც მინდა ვთქვა, რომ მე უკვე სერიოზულად მაღელვებს თბილისში მყოფი ჩემი ოჯახის ბედი, მადარდებს მათი უსაფრთხოება. სოციალურ სივრცეში ჩვენს წინააღმდეგ გავრცელებული კომენტარები და სიძულვილის ენა გასცდა ყოველგვარ ფარგლებს. ზოგიერთი ჩემს სიცოცხლეს დაუფარავადაც კი ემუქრება.

აი, ამიტომ მე აღარ მაქვს გაჩუმების უფლება.“

07.04.2018

ამ ყველაფრის დაწერა ან თქმა ჩვენ ბევრჯერ შეგვეძლო ამ ორი წლის განმავლობაში, მაგრამ ჩუმად ვიყავით და ეს სიჩუმე არ იყო ადვილი, მაგრამ... არ გვინდოდა ჩვენს ემოციებსა თუ სუბიექტურ განცდებს რაიმე ტიპის ზემოქმედება მოეხდინა სასამართლოზე. სრული აბსურდი და უსინდისო ტყუილი იყო ჩვენი დადანაშაულება კორუფციულ გარიგებებში. ყოველთვის გვჯეროდა და იმედი გვქონდა სამართლებრივი გზით ყველაფრის გარკვევის, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც საქართველოში დღეს ლამის ჩაანაცვლოს ხელისუფლება, ცდილობს ჩაანაცვლოს სასამართლო და, რომელსაც მონოპოლიზებული აქვს მედია თუ სოციალური სივრცე - არასდროს არ სჭიდებოდა სიმართლე, მათ მხოლოდ ერთადერთი რამე სურდათ: გიორგის დამნაშავედ ცნობა და მისი ციხეში გამომწყვდევა.

მათ ამ მიზანს მიაღწიეს.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ზეწოლას ვერ გაუძლო და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გიორგი ლიპარტელიანს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ფეისბუკპროკურორებს , ფეისბუკმსაჯულებსს და სოციალური სივრცის ინკვიზიტორებს სიხარულის ზეიმი აქვთ გამართული. მათ შორის არიან - არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. ქალბატონი ნინო ჟვანიას განცხადებით მან საქართველოში პრეცენდენტი შექმნა, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ წარსულშიც მრავალი შემთხვევა გვახსენდება, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლით სასამართლომ განაჩენი შეცვალა.

ვის შეუძლია დაუპირისპირდეს ამ ძალას ქვეყანაში, სადაც ამ, ეგრეთ წოდებული, სამოქალაქო სექტორისთვის კოჭის გაგორება ხელისუფლების ლამის ყველა შტოს საქმიანობის აუცილებელი დანამატია?! ,,შეზიარებულთა ქვეყანაში“ სამართლის პოვნის იმედი შეიძლება გვქონდეს?! - ეს ეჭვები და გულისტკივილი არ გვასვენებს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიცავთ კანონით დადგენილ ყველა პროცედურას, ჩვენი ადვოკატი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხოლო გიორგი კი ჯერჯერობით დარჩება იქ, სადაც მისი უფლებები დაცულია. იმ მოლოდინით, რომ კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის იმედი სამშობლოში, რომელიც ასე ძალიან უყვარს, არ გაუცრუვდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG