Accessibility links

"თვითდამშვიდება ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც გაკეთდა, იქნება წყალში გადაყრილი და მყისიერად მოხდება ეპიდემიური სიტუაციის გაუარესება"


გიორგი შაქარიშვილი, თბილისის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელი

თბილისის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელი, გიორგი შაქარიშვილი საქართველოში COVID-19-ის გავრცელების მხრივ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, სხვა ქვეყნებთან შედარებით, „ჯერჯერობით სახარბიელოდ“ აფასებს. მისი მთავარი გაფრთხილებაა, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ახლა იქნება თვითდამშვიდება.

რადიო თავისუფლების ეთერში გიორგი შაქარიშვილმა, რომელსაც გლობალური ჯანდაცვის სფეროში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს და ეს გამოცდილება მოიცავს მუშაობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში, შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის გლობალურ ფონდში, გააანალიზა COVID-19-ის გავრცელების როგორც გლობალური სურათი, ისე მდგომარეობა საქართველოში:

„საქართველოში არის 200-ზე ცოტა მეტი შემთხვევა, სამი ლეტალური შემთხვევა, ვიმყოფებით ეპიდემიის მეშვიდე კვირაში - ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჯერჯერობით არის შედარებით სახარბიელო, ვიდრე სხვაგან. ხაზს ვუსვამ სიტყვას „ჯერჯერობით“. თუ შევხედავთ ევროპის რეგიონს და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონს, რომელიც გეორგრაფიულ ევროპაზე მეტია (შედის შუა აზია, თურქეთი და სხვა ქვეყნები - სულ 53 ქვეყანა), ჩვენ სიის ბოლოში ვართ ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით. ვფიქრობ, შედეგი ყველაზე კარგი შემფასებელია ინტერვენციების“.

გიორგი შაქარიშვილი ჩამოთვლის ოთხი სახის ინტერვენციას. ესენია:

1.პრევენციული, ანუ შეკავების ინტერვენციები, რომელშიც რამდენიმე აქტივობა შედის. მათ შორის არის: ტრანსპორტის შეზღუდვა, სკოლების დახურვა, საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვა, თვითიზოლაციის კამპანია და ა.შ..

2. ლაბორატორიული დიაგნოსტირება, ანუ ტესტირება. აქაც რამდენიმე აქტივობა შედის: გეოგრაფიული გადანაწილება, შესყიდვები, მიწოდების ჯაჭვის უზრუნველყოფა, მედიცინის მუშაკების ტრეინინგი და ა.შ..

3. კონტაქტების გამოვლენა - ე.წ. საველე ეპიდემიოლოგია. აქ შედის: სამართალდამცავი ორგანოების, სასაზღვრო და სხვა უწყებების კოორდინირებული მუშაობა;

4. ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაცია: პაციენტების გადანაწილება, საწოლების გამოთავისუფლება, მიწოდების ჯაჭვის აწყობა, საინფორმაციო სამსახურის აწყობა და ა.შ..

გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტის შეფასებით, ყველა აქტივობა საქართველოში დაიგეგმა, როცა ამას მოითხოვდა ეპიდემიოლოგიური მრუდი და „განხორციელდა შედარებით ეფექტიანად“. როცა შედარებაზე მიდგება საქმე, გიორგი შაქარიშვილი განმარტავს, რომ ძალიან რთულია ქვეყნების პირდაპირი შედარება, რადგან არსებობს უამრავი თანაფაქტორი, რომელიც ქვეყნების მდგომარეობას ერთმანეთისგან განასხვავებს:

„ეპიდემიოლოგიური შედარების დროს უნდა გამოვიყენოთ პროპორციული ინდიკატორები და არა - პირდაპირი ინდიკატორები. ამ შემთხვევაში გამოიყენება: ერთ სულ მოსახლეზე ავადობა, ერთ სულ მოსახლეზე ლეტალობა, ერთ სულ მოსახლეზე ტესტირება და ა.შ..

შედარების საილუსტრაციო მაგალითად გამოვიყენოთ ისეთი ინტერვენცია, როგორიცაა ტესტირება. ამ კრიტერიუმით შედგენილი ქვეყნების სიაში გამონაკლისებად ითვლება მდიდარი სახელმწიფოები (საერთო ეროვნული შემოსავლით ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოს ტოპ ათეული). მათ არ აქვთ ფინანსური დაბრკოლება. აგრეთვე ჯუჯა სახელმწიფოები, სადაც ძალიან მცირეა მოსახლეობა და ერთი ტესტიც რომ ჩაატარო, მილიონ მოსახლეზე გათვლით მაღალ შედეგს იძლევა.

ამ ქვეყნებს თუ ჩამოვაშორებთ სიას, საქართველო არის ქვეყნების ჩამონათვალის დაახლოებით შუაწელში. რასაკვირველია, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ არის ჩვენზე წინ სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი? მაგრამ, ასევე ბუნებრივად, ალბათ, უნდა გააჩნდეს კითხვა: რატომ არის ჩვენზე უკან უკრაინა, არგენტინა, ან თუნდაც იაპონია? იაპონიაში ერთ სულ მოსახლეზე ტესტირება ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. ამიტომ მხოლოდ ერთი ინდიკატორით ქვეყნებს შორის შედარება არასწორია. ეს უნდა გაკეთდეს კომპლექსურად“.

ამ შედარებაზე მსჯელობისას გიორგი შაქარიშვილი, როგორც ხედავთ, შეეხო ტესტირების საკითხს, რომელიც დღეს საქართველოში აქტიური დისკუსიის საგანია. ამიტომ „დილის საუბრების“ სტუმარმა ამ საკითხზეც გაგვიზიარა თავისი მოსაზრება:

„რაც შეეხება საქართველოში ტესტირების საჭიროებას და შესაძლებლობას, ყველა სახის ტესტს (PCR, ანტისხეულების, ანტიგენის) აქვს სხვადასხვა კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა: გადაწყვეტილებები ტესტირებების შესახებ ყველა ეტაპზე სწორად მისდევდა ეპიდემიოლოგიური მრუდის დინამიკას. ამავე დროს, ამ გადაწყვეტილებებში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო და ჩემი აზრით, იყო კიდეც, ის ფაქტორები, რომლებიც კრიზისულ პერიოდებში არ გვახსენდება ხოლმე“.

ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად გიორგი შაქარიშვილი ასახელებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების გამოწვევას:

„მოდით, გავიხსენოთ, რომ სულ ორიოდე თვის წინ იყო ძალიან დიდი აჟიოტაჟი ე.წ. „520-ე დადგენილებაზე“. ეს დადგენილება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჯანდაცვის ფინანსური სისტემა არის არახარჯთეფექტური. საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტს ყოველწლიურად აქვს დეფიციტი წლის ბოლოსკენ.

დღევანდელ ვითარებაში უნდა ვიცოდეთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო დეფიციტური იქნება, რადგან საქართველოც, გარე სამყაროს მსგავსად, განიცდის ეკონომიკურ კრიზისს. ის კიდევ უფრო დეფიციტური იქნება, რადგან კორონას სახით საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტს გაუთვალისწინებელი მნიშვნელოვანი ხარჯი გაუჩნდა. კიდევ უფრო დეფიციტური იქნება, რადგან იმავე კორონას გამო სხვა ნოზოლოგიები უფრო რთულდება. გარდა ამისა, არ გვაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქრონიკული დააავადებების რაოდენობა, ტრავმები, ონკოლოგიური დავადებების რაოდენობა შემცირდება.

ახლა დაიწყო მეორე კვარტალი. გვაქვს არჩევანი - ან მოვახდინოთ წლის განმავლობაში გასახარჯი თანხის ძალიან მკვეთრი მობილიზება წლის დასაწყისში და გავაკეთოთ ტესტირებით უნივერსალური მოცვა, რასაც ბევრი გვთავაზობს (ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამას დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა არ ექნება და შეგვიძლია სხვა ქვეყნების მაგალითზე ეს ვნახოთ), სამაგიეროდ, ეს გამოიწვევს იმას, რომ წლის მეეორე ნახევარში აუცილებლად გაგვიჩნდება ფინანსური კრიზისი ჯანდაცვის დარგში. ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ დაფინანსდება ძირითადი სამედიცინო პროგრამები - ონკოლოგიური, დიაბეტი და ა.შ., გაკოტრდება სამედიცინო დაწესებულებები და რაც მთავარია, წლის მეორე ნახევარი და წლის ბოლო ეს ნიშნავს შემდეგი ზამთრის სეზონის დაწყებას და დიდი ალბათობით, ჩვენ შეიძლება ჩაგვივარდეს გრიპის ვაქცინაცია და იმუნიზაციის სხვა პროგრამები, რომლებსაც საზოგადოებრივი ჯანრთელობის თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, არ შეიძლება ფოკუსირება მხოლოდ ერთი საკითხზე.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ტესტირება კეთდება საჭიროების მიხედვით, ეპიდემიოლოგიური მრუდიდან გამომდინარე“.

რაც შეეხება პროგნოზებს, „დილის საუბრების“ სტუმარი ძალიან ფრთხილად უდგება ამ საკითხს და თვლის, რომ ზუსტი პროგნოზირების გაკეთება არა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული ვარაუდების განხილვა მოდელირების საფუძველზე:

„მოდელირება არის ანალიტიკური მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ალგორითმებში გარკვეული სტატისტიკური მონაცემების შეყვანას და შედეგის კალკულაციას. მაგრამ, არის რიგი ფაქტორები, რომელთა ციფრული თარგმნა და ალგორითმში შეყვანა არის ძალიან რთული. ასეთი ფაქტორებია: საზოგადოების ქცევა, გაუთვალისწინებელი შემთხვევა, როგორიც შეიძლება იყოს ტესტების პარტიის უხარისხობა, რაც რამდენიმე ქვეყანაში განიცადეს. ესპანეთმა დააბრუნა დიდი პარტია. საქართველოს ჰქონდა კონტრაქტი და გააუქმა. ნებისმიერი მოდელირება იძლევა სავარაუდო, მიახლოებულ სურათს. მოდელირებაზე დაფუძნებული კვლევები მიმდინარეობს. ძალიან საინტერესო სტატიებია დაბეჭდილი Imperial College-ში, სიდნეის უნივერსიტეტში, ოქსფორდში და ა.შ.. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოშიც გაკეთდა ამგვარი კვლევა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს რეგულარული ვიდეოკონფერენციები იმ კომპანიების მონაწილეობით, რომლებიც მოდელირებას ახდენენ, რომ გაცვალონ ანალიზი“.

მოდელირების გარდა, გიორგი შაქარიშვილი ლაპარაკობს მეორე გზაზეც - რომ ეს ვარაუდები დაეფუძნოს სხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგიურ მრუდებსა და ეპიდემიის დინამიკას იმ ქვეყნებში, სადაც ის უფრო ადრე დაიწყო:

„ექსპერიმენტის სახით შეგვიძლია რამდენიმე ქვეყანას შევხედოთ და ვნახოთ, რა ვარაუდის გაკეთება შეიძლება საქართველოსთვის:

პირველი ქვეყანა, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევა, არის ჩინეთი, რომელიც რვა კვირით გვასწრებს. შემდეგ მოდის აშშ და სამხრეთ კორეა, რომლებიც დაახლოებით 5-5 კვირით გვასწრებენ. შემდეგ არის იტალია, რომელიც დაახლოებით 3,5 კვირით გვასწრებს.

რომ შეხვედოთ მრუდებს, სადღაც 15 თებერვალს, ანუ მეშვიდე კვირაში, რომელიც შეესაბამება საქართველოს ახლანდელ მდგომარეობას, ჩინეთის მრუდმა აღმავალი კალთიდან დაიწყო ჰორიზონტალურ პლატოზე გადასვლა და დღეს ეს ჰორიზონტალური პლატო სტაბილურად არის შენარჩუნებული. მრუდის მსგავსი გარდასახვა კორეაში მოხდა მერვე კვირაში. იტალიაში დღეს არის მეათე კვირა, მაგრამ ჯერჯერობით აღმავალი კალთის გადასვლა ჰორიზონტალურ პლატოზე არ მომხდარა, მაგრამ მოხდა ის, რომ აღმავალი კალთის კუთხე დაბლაგვდა, ანუ მიდის იმ მიმართულებით, რომ საბოლოო ჯამში გახდეს ჰორიზონტალური. აშშ-ში სამწუხაროდ ეს ცვლილებაც არ გვაქვს.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ჩინეთში ერთ მილიონ მოსახლეზე არის დაახლოებით, 60 შემთხვევა, კორეაში არის 202 შემთხვევა, აშშ-ში არის 1200, იტალიაში - ორჯეერ უფრო მეტი, 2400. იგივე სურათი გვაქვს ლეტალობის მხრივ: კორეასა და ჩინეთში ეს არის ერთეულები (2 და 4), ხოლო აშშ-სა და იტალიაში არის ათეულობით (40 და 280). საქართველოში მილიონ მოსახლეზე ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არის 49, ხოლო მილიონ მოსახლეზე ლეტალობა არის 0,8. რა თქმა უნდა, ეს მეტნაკლებად სახარბიელო პოზიციაა დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ 3-დან 8 კვირამდე ჩამოვრჩებით დასახელებულ ქვეყნებს“.

„დილის საუბრების“ სტუმარი განსაზღვრავს საქართველოს დღევანდელ ამოცანას:

„შევხედოთ მრუდს და მის რაღაც მონაკვეთზე გავავლოთ ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც პირობითად იქნება ის ზღვარი, რომლის მაღლაც იწყება ჰოსპიტალური სექტორის კრიზისი. ჩვენი მაქსიმალური ამოცანა არის ის, რომ მოვახდინოთ დროში გახანგრძლივება ეპიდემიის იმგვარად, რომ არც ერთი წუთით პიკი არ აცდეს ამ ჰორიზონტალურ ხაზს და არ მივიღოთ ის, რაც ხდება აშშ-სა და იტალიაში. ამის წინაპირობა, რა თქმა უნდა, არსებობს.

ის ღონისძიებები, რაც აქამდე გატარდა და ახლა ტარდება, არის ეფექტიანი, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა იქნება თვითდამშვიდება, რადგან თვითდამშვიდება ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც აქამდე გაკეთდა, იქნება წყალში გადაყრილი და მყისიერად მოხდება ეპიდემიური სიტუაციის გაუარესება“.

საუბრის დასასრულს გიორგი შაქარიშვილი ეხება ერთ ძალიან აქტუალურ საკითხს - რა ეტაპზე და რა პირობებშია შესაძლებელი შეზღუდვების შემსუბუქება, რომ ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა განახლდეს და მოსახლეობამ შეძლოს ჩვეულ რუტინაში დაბრუნება:

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკები და ეკონომისტები სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ ერთსა და იმავე პრობლემას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი უყურებს: ავადობას, სიკვდილობას, ტესტირების რაოდენობას. ეკონომისტი უყურებს: საფონდო ბირჟებზე აქციების ფასებს, უმუშევრობას, ეროვნული დოვლათის შემცირებას და ა.შ.. პრიორიტეტებიც არის სხვადასხვა. ამიტომ, ბევრი ქვეყანა და საქართველოც მათ შორის, გარკვეული წრეებისგან წნეხის ქვეშ არის იმისთვის, რომ მოხდესარსებული ვითარების შემსუბუქება.

ევროპის რიგ ქვეყნებში ეს დისკუსიები ხმამაღლა მიმდინარეობს. ავსტრია და დანია იქნება პირველი ორი ევროპული ქვეყანა, რომლებმაც უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კათოლიკური აღდგომის შემდეგ, ანუ მომავალ კვირაში ისინი შეამსუბუქებენ იზოლაციის ზომებს: გაიხსნება მაღაზიები, მაგრამ არ გაიხსნება რესტორნები, სკოლები. თუმცა, უფრო თავისუფლად იქნება შესაძლებელი ქუჩებში გადაადგილება. იქნება ეს სახიფათო ან სასარგებლო ეკონომიკისთვის ან ეპიდემიისთვის? ამის ვარაუდი შეუძლებელია. ეს უნდა ვნახოთ.

შვეიცარიაში მიმდინარეობს დისკუსია ორი მიმართულებით. ერთი მიმართულებაა, რომ მოხდეს ასაკობრივი ჯგუფების დიფერენცირება: ჯერ მოხდეს 40 წლამდე ასაკის მოსახლეობისთვის შეზღუდვების შემსუბუქება. ამასთან, ჩატარდეს მათი ინტენსიური ტესტირება იმისთვის, რომ გაიზომოს რამდენად ხდება ჯგუფური იმუნიტეტის გამომუშავება. ერთი თვის შემდეგ ამას მოჰყვეს 40-65 წლის ასაკის მოსახლეობა და ტესტირება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფებში იქნება საკმარისი იმუნიტეტი, უკვე ყველაზე მოწყვლად პოპულაციას - 65 წლისაზე ხნიერს შეეხოს შეზღუდვების მოხსნა. მეორე მიმართულება, რაც განიხილება, არის, რომ მთელ მოსახლეობაზე მოიხსნას შეზღუდვა და მთელი მოსახლეობის მასობრივი ტესტირება, მასობრივი სკრინინგი და ყველა შემთხვევის მკაცრი კარანტინი მოხდეს. ეს მოსაზრება მაშინვე უკუაგდეს, რადგან განუზომლად დიდი ოდენობის ხარჯთან არის დაკავშირებული. შვეიცარიისნაირ მდიდარ ქვეყანაშიც კი ეს არის მიუღებელი.

შვედეთში არც შემოუღიათ ისეთი ხარისხის შეზღუდვები, როგორიც სხვაგან და ვხედავთ, რომ აქ არ არის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაცილებით უარესი, ვიდრე სხვაგან. მაგრამ ამ საზოგადოებისთვის ასეთი მიდგომა უფრო ხელსაყრელი იყო. თვითდისციპლინა მეტია. თუმცა, აქაც ფიქრობენ, რომ გაამკაცრონ“.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG