Accessibility links

გიორგი შენგელაიას სახიფათო მოგზაურობა


”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” ( 1984. კინოსტუდია ”ქართული ფილმი”. რეჟისორი გიორგი შენგელაია. ”ვერცხლის დათვი” დასავლეთ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე)

1984 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული კინოს ისტორიაში. შეიძლება ითქვას, გარდატეხის წელია. იანვარში ეკრანებზე გამოდის ელდარ შენგელაიას ”ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი”. წლის ბოლოს სრულდება გადაღება გიორგი შენგელაიას ფილმისა ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, რომელსაც საფუძვლად ოთარ ჩხეიძის რომანი, ”ბორიაყი”, დაედო. ძმები შენგელაიების შემოქმედებას (და არამარტო შემოქმედებას) ხშირად ადარებენ ერთმანეთს, განუწყვეტლივ აღნიშნავენ, რომ ელდარ და გიორგი შენგელაიები - ესაა განსხვავებული ტემპერამენტი, სამყაროს აბსოლუტურად განსხვავებული აღქმა, ადამიანის მიმართ, კინოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება. ამ ორი სურათის ერთსა და იგივე დროს დასრულება უკეთ იძლევა შედარების საშუალებას - მით უმეტეს, რომ ორივე ფილმი ერთმა და იმავე ოპერატორმა, ლევან პაატაშვილმა, გადაიღო.

1984 წელი ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირის კომპარტიის პირველი მდივნის პოსტზე დანიშნეს ასაკში შესული პარტჩინოვნიკი, კონსტანტინე ჩერნენკო, რომლის მმართველობის ხანმოკლე პერიოდში (ჩერნენკო 1985 წელს გარდაიცვალა), ფაქტობრივად, დაიწყო მეოცე საუკუნის ”მთავარი იმპერიის”, საბჭოთა კავშირის, დანგრევა.

”ცისფერი მთები” არის ფილმი-წინასწარმეტყველება. თბილისის რომელიღაც რედაქციის თანამშრომლები აქ იმდენად შეჰგუებიან საპყრობილეში ცხოვრების რიტმს, იმდენად ჩართული არიან ამაოებაში, რომ საერთოდ ვერ გრძნობენ მოახლოებულ კატასტროფას, იმ შენობის დანგრევის საფრთხეს, რომელშიც ფუსფუსებენ.

”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” ასევე ფილმი-საპყრობილეა. ოღონდ აქ უკვე არა აწმყო, არამედ წარსული, 1905 წლის საქართველოა აღბეჭდილი. დამარცხდა რევოლუცია. დამარცხდნენ ეროვნული გმირები. დამარცხდა მთელი ქვეყანა და თავის თავში ჩაიკეტა. ირგვლივ მძარცველთა რაზმები დათარეშობენ. ხალხი შეშინებულია, ჩაკეტილია თავის სახლებში, ქალაქიდან სოფელში გაღწევა თითქმის შეუძლებელია. თუკი გარემო, რომელიც აღწერილია ”ცისფერ მთებში” ყველასთვის ნაცნობია, ხოლო ავტორი, ელდარ შენგელაია, თავის თავს ამ გარემოს ან ხალხის ნაწილად წარმოგვიდგენს, გარემო, რომელიც იქმნება ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში” , პირიქით, ჩაკეტილია, სურათოვანი, გამიჯნული მაყურებლისგან, მთელი თავისი ბნელი კადრებით, უცნაური ქართულით (”ქალბატონი დედა ბრძანებს”), გუსტავ მალერის მუსიკით... ეს დისტანცია და სურათოვნება უჩვეულო ეფექტს ქმნის. კადრი განტვირთულია იმ დროის ამსახველი ყოფის დეტალებისგან, რადგან ისტორიული სიმართლის მიღწევა რეჟისორს არ აინტერესებს - სახვითი გადაწყვეტა სტილიზებულია მეცხრამეტე საუკუნის პეიზაჟური ფერწერით, პორტრეტებით.

ფილმის მსვლელობისას ნათელი ხდება: გიორგი შენგელაია პირობითად აღადგენს წარსულს, მაგრამ თავისი ძმის, ელდარის, მსგავსად, ცდილობს იწინასწარმეტყველოს მომავალი, როცა იმპერიის დანგრევას მოჰყვება ”განთავისუფლებული ქვეყნების” დანგრევაც, მოჰყვება შიმშილი, უიმედობა, ძალადობა. ფერისცვალების ზეიმი დასრულდება ხანძრით ეკლესიაში. დაიქცევა და და დაიშლება ისიც კი, რაც წმინდაა, რაც ღირებულია... და გიორგი შენგელაია, ელდარის მსგავსად, ვერ გაემიჯნება ამ პროცესებს, ამ სახიფათო მოგზაურობას. ის ისტორიის ”შიგნით” იქნება, თავისი ფილმის გმირივით, ნიკუშასავით.

ამბავი ინტელიგენტ კაცზე, რომელიც ხალხური სიმღერების ჩასაწერად მოგზაურობს, - მაგრამ ხალხს არ სჯერა, რომ ნიკუშა კომპოზიტორია (რევოლუციონერი ჰგონია, გმირი ჰგონია. - გმირის მოთხოვნილება საქართველოს ისტორიის ლამის ”მთავარი სიუჟეტია”), - ფაქტობრივად, იგავს ემსგავსება. რუკა, რომელზეც ის ადგილებია აღნიშნული, სადაც მუსიკა უნდა ჩაიწეროს, აღიქმება რუკად ქალაქებისა, სადაც აჯანყება მზადდება. თავისი მასწავლებლის სახლიდან გამოსვლისთანავე ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის” გმირი შეეფეთება მომაკვდავ, ნაცემ ადამიანს, რომელიც მიწაზე გდია. ასე შეაღწევს გულუბრყვილო, თავმდაბალი, მორიდებული ახალგაზრდა ინტელიგენტის ცხოვრებაში პოლიტიკა, ასე შეაღწევს პოლიტიკა ხელოვნებაში. მთავარია ახლა ადამიანმა ღირსება, წესიერება შეინარჩუნოს ძალადობისა და შიშის გარემოში. ესაა ყველაზე ძნელი.

ინტელექტუალს უჭირს მიაგნოს საერთო ენას უბრალო ადამიანებთან.

ახალგაზრდა ინტელექტუალი იძულებულია მიატოვოს თავისი საქმე და ჩაერთოს ისტორიის ამოებაში.

ახალგაზრდა ინტელექტუალი მუსიკის, ბგერების სამყაროში ცხოვრობს. მაგრამ ხალხს ეს ”უცხო კაცი” ლამის მესია ჰგონია, რომელმაც ქვეყანა უნდა გადაარჩინოს.

ნაცნობი თემებია, არა? აკი ვამბობ, იგავია, რომელიც მუდმივად მეორდება, რომელიც არ ძველდება, რომელიც, აგერ რამდენი წელია უკვე, ჩვენი ცხოვრების აჩრდილად იქცა, არ გვანებებს თავს.

”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” - ესაა ჩრდილების სამყარო, აჩრდილების სივრცე. ესაა ისტორია, რომელსაც აჩრდილები ქმნიან. ლევან პაატაშვილი წერდა, რომ ”ფერადი ჩრდილის” ეფექტის მიღწევა ყველაზე რთული იყო ფილმში. დე ლატურისა და კარავაჯოს ფერწერის იმიტაცია, ღამის გადაღება, ფართოკუთხიანი ოპტიკა, შუქი, რომელიც ლამპიდან ეცემა და თითქოს ჩვენს თვალწინ ძერწავს სახეებს - ყველაფერი ეს ქმნის ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის” უაღრესად საინტერესო სახვით გადაწყვეტას და, მართალი გითხრათ, მერიდება კიდეც, რომ გიორგი შენგელაიას ფილმის ნახვა თქვენს კომპიუტერებში უნდა გირჩიოთ. სხვა გზა არაა. ქართული კინოს კლასიკას დღეს კინოთეატრებში არ უჩვენებენ. არადა, დიდ ეკრანზე უკეთ შეიგრძნობდით გიორგი შენგელაიას შემოქმედების ყველაზე ძლიერ მხარეს - ატმოსფეროს შექმნის უნარს.

სწორედ ატმოსფეროს შესახებ წერს აკაკი ბაქრაძე თავის შესანიშნავ რეცენზიაში, რომელიც ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობას” მიუძღვნა. ”იწამე გადარჩენა!” - ასე ჰქვია სტატიას, რომელიც ასევე შეიძლება ჩაითვალოს წინასწარმეტყველებად (წერილი პირველად ჟურნალ ”საბჭოთა ხელოვნებაში” დაიბეჭდა 1984 წელს). ფაქტობრივად, აკაკი ბაქრაძე ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობას” წარმოგვიდგენს, როგორც სახეს ე.წ. ”ზასტოის” ეპოქისა, ბრეჟნევის, ანდროპოვოს, ჩერნენკოს ეპოქისა. ესაა სახე ”ავის მომასწავებელი მყუდროებისა”, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს რაღაც მნიშვნელოვანით. გაშეშებული, გაქვავებული ქვეყანა უნდა დაინგრეს. ზუსტად ისე, როგორც ინგრევა ”ცისფერ მთებში”.

”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” სათავგადასავლო ფილმია, თუმცა სათავგადასავლო ფაბულის მნიშვნელობა ფილმის მსვლელობის პროცესში სრულიად იკარგება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ავტორი განგებ აშორებს თავგადასავალს რომანტიკას და ”სასპენსს”, მას ეს ყველაფერი არ აინტერესებს, მას სურს თავგადასავალი გადაიზარდოს ფიქრში და იმაში, რასაც აკაკი ბაქრაძე ”მყუდროებას” უწოდებს. უფრო სწორად, სურს მაყურებელმა იგრძნოს ამ მყუდროებაში რაღაც საშიში, დამანგრეველი.

თუკი მოახლოებულ კატასტროფას ვერ ვიგრძნობთ, თუკი თავად არ ჩავერთვებით სახიფათო მოგზაურობის პროცესში, თუკი გმირების ძებნას დავიწყებთ და საკუთარ პასუხისმგებლობაზე უარს ვიტყვით, ისევ გვეყოლებიან ცრუგმირები და ფერისცვალების დღესასწაული მშვიდობით ისევ ვერ დასრულდება.

ისევ მოეკიდება ტაძრებს ცეცხლი. თანაც, შეიძლება, ისე მოეკიდოს, რომ მთელი ქვეყანა სამუდამოდ გაანადგუროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG