Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ჩალაძე აღარ იბრძოლებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას აღარ აპირებს გიორგი ჩალაძე. ამის შესახებ მან მედიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა. ჩალაძემ თქვა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენებით არის განპირობებული. გიორგი ჩალაძე მიიჩნევს, რომ მთავარი ამოცანა პარტიაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა იყოს.

"ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის. მე იმედი მაქვს, რომ პარტია და ყველა დანარჩენი რესურსი მე ამომიდგება მხარში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გადავარჩინოთ. შესაბამისად, მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას, რაც ნიშნავს, რომ მე აღარ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას.

მე მიმაჩნია, რომ ერთი წლის განმავლობაში იყო არაეფექტური მუშაობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ვიხილავ ეფექტურ, შედეგისმომცემ საქმიანობას", - უთხრა გიორგი ჩალაძემ ჟურნალისტებს. ის რამდენიმე დღით ტოვებს საქართველოს და გეგმავს, რომ უკან დაბრუნებისას შეხვდეს ლევან ხაბეიშვილს, სამოქმედო გეგმების განსახილველად. ფორმალურად ჩალაძე ენმ-ის წევრი არ არის, მას არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ ექნება.

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად საკუთარი თავი ლევან ხაბეიშვილმა დღეს წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირაში ამ პროცესში კანდიდატად მონაწილეობას გამორიცხავდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნებში თავმჯდომარეობისთვის ასევე იბრძოლებენ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია და აქტივისტი გიორგი მუმლაძე.

XS
SM
MD
LG