Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას


ლევან ხაბეიშვილი თანაპარტიელებთან ერთად
ლევან ხაბეიშვილი თანაპარტიელებთან ერთად

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მის გვერდით იდგა რამდენიმე თანაპარტიელიც, მათ შორის პარლამენტის წევრები დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი.

"ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად რამდენიმე დღის კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა.

ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" გასაძლიერებლად... "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია "ვარდების რევოლუციის" იდეალები...

"ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა გამყოფი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა დღეს, 16 ნოემბერს.

რამდენიმე დღის წინ კი მან თქვა, რომ არ აპირებდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატურის დაყენებას.

"ლევან ხაბეიშვილი არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას", - თქვა მან 10 ნოემბერს.

საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ - ნიკა მელიამ, ამ პარტიის წევრმა - გიორგი ჩალაძემ და "მოძრაობა საქართველოსთვის" ლიდერმა - გიორგი მუმლაძემ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

24 სექტემბერს "მთავარი არხის" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ნიკა მელიას ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა მისი თანამდებობიდან გადადგომა.

"ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს - 0,1 პროცენტი არ არის რეალობის. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია... ოდნავ მაინც რომ შეესაბამებოდეს რეალობას, ამას დაგიდასტურებდით. "ნაციონალურ მოძრაობაში" ძირეულ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს და მიიღებს, მომავალში განსაკუთრებით, მისი ამომრჩეველი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს პირველად მოხდა ეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, როცა ამომრჩევლებმა აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე [გულისხმობს თავის თავს]", - თქვა მელიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG