Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ჩიფჩიური, საჯარო სამართლის სპეციალისტი


კვირა, 28 ოქტომბერი

დღეს საქართველოში პირდაპირი არჩევნებით ბოლოჯერ ირჩევენ პრეზიდენტს, ყოველ შემთხვევაში, უმეტესობას ასე სჯერა. ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სახელმწიფოში სახარბიელო ამბად არ მიმაჩნია პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება. მითუმეტეს, ალოგიკურია ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი მთლიანად ამ საკითხში აბსოლუტურად გამოუცდელ პარლამენტს მიენდო.

პოლიტიკურ ვნებებს აყოლილი კონსტიტუციური რეფორმების შედეგებს ყოველთვის დროულად ვიმკიდით ხოლმე და იმედი მაქვს, რომ ეს ახლაც ასე იქნება. თეორიული შეფასების ჭრილში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო მმართველობა საპრეზიდენტო მმართველობაზე უკეთესია, თუმცა არსებულ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოში კონსტიტუციაში ტაშ-ფანდურით ჩაწერილი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის ამუშავებას სიბერეში მაინც მოვესწრები.

დღევანდელ არჩევნებს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, გარდა იმისა, რომ დღეს არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, საგამონაკლისოდ 6 წლის ვადით იქნება ქვეყნის მეთაური, ამავდროულად ამ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები პოლიტიკური პარტიების რეალურ რეიტინგს გაზომავს. შედეგი ყველა შემთხვევაში საინტერესო იქნება.

ჩემი ოჯახიდან პირველმა არჩევანი მამაჩემმა გააკეთა, გადასატანი ყუთი სახლში მას დილითვე მოუტანეს და როდესაც კანდიდატის შემოხაზვის დროს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა წაიგრძელა კისერი და ბიულეტინში ჩახედვა გადაწყვიტა, დედაჩემს, სწორად შერჩეული ადგილის წყალობით, არ დაზარებია გადაფარებოდა მამაჩემის ბიულეტენს და ამით მისი პოზიციის ფარულობა დაეცვა.

მე რადგან სტუდენტების უამრავი ნაწერი მქონდა გასასწორებელი და მინდოდა შეცდომების გამოსასწორებლად შემდეგ სემინარზე მათთვის გასწორებული ნაწერების მიტანა მომესწრო, შუადღის 4 საათამდე ოთახიდან ვერ გამოვედი და როდესაც უკვე მუშაობის რესურსი აღარ მქონდა, დედაჩემთან ერთად საარჩევნო უბანზე წავედი.

უბნამდე მიმავალი ვფიქრობდი თუ რატომ აირჩია დიდი დიღმის მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს წევრად ერთი-ერთი სამბისტი - ავთანდილ ცინცაძე. ცალკე აღებულ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, არაფერს ვერჩი, თუმცა დიდდიღმელების ეს არჩევანი დღემდე მიკვირს, ალბათ იმ ფონზე, რომ მეტი მოლოდინი მქონდა. არც არჩევნებამდე და არც იმის შემდეგ, ბევრჯერ მოვიკითხე და ეს ადამიანი თვალით არავის უნახავს, ალბათ გაყიდვადი ამომრჩეველი იყიდეს. არ მინდა, რომ დღესაც მასე მოხდეს.

საარჩევნო უბანზე სიმშვიდე დაგვხვდა. ჩემი 4-წუთიანი დაკვირვებით, კომისიის წევრები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ. ამჯერადაც დიდი ხნის უნახავ კლასელებს და მეზობლებს გადავაწყდი და მათმა დანახვამ რუხი და მშიერი, თუმცა მაინც ტკბილი 90-იანები გამახსენა. 18 წლის რაც გავხდი, იმის მერე არჩევნებზე დაკვირვება ერთგვარ აზარტად მექცა და დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც არჩევნებზე ერთხელ მაინც ყოფილა დამკვირვებელი, დამეთანხმება, რომ ამ სიამოვნებას შეძლებისდაგვარად აღარ მოიკლებს. მომავალი კვირისთვის ჯამში 400-მდე ნაწერი რომ არ მქონოდა გასასწორებელი, დღეს მეც დამკვირვებლის „ბეიჯით“ მიხილავდით 20:00 საათის შემდეგ დიდი დიღმის რომელიღაც უბანზე.

9 საათამდე ექსითპოლების პირველადი შედეგები გამოაცხადეს და ვაშაძემაც და ზურაბიშვილმაც თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველთა 53%-მდე მხარდაჭერით პირველ ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა. საპირისპიროს ქადაგებდა ოპოზიცია და საბოლოოდ ოპოზიცია აღმოჩნდა მართალი.

12 საათამდე მეღვიძა და ცესკოს საიტზე ოქმების ატვირთვას ველოდებოდი.

გიორგი ჩიფჩიური, საჯარო სამართლის სპეციალისტი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:48 0:00

ორშაბათი, 29 ოქტომბერი

ცესკოს ვებ-გვერდზე პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათზე დაიდო. გამოცხადებული შედეგებით უკმაყოფილო არ ვიყავი. ძალაუფლების დაბალანსებაზე დიდი სიკეთე, იშვიათად რომ ნებისმიერ სახელმწიფოში ინატრო.

როგორც წესი, არჩევანს ყოველთვის ძალაუფლების დაბალანსებისთვის ვაკეთებ ხოლმე და ახლა ალბათ, ბოლო 6 წლის მანძილზე, ყველაზე ახლოს ვართ მორიგ ასეთ მოვლენასთან. მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში იმედს ვიტოვებ, რომ პოლიტიკოსები კოჰაბიტაციის ინსტიტუტს ისევ მისი ყველაზე ცუდი მახასიათებლებით არ წარმოაჩენენ და გამოიყენებენ.

ამომრჩევლებში რაც არ მომწონს, ის არის, რომ ამომრჩეველი პოლიტიკოსებში კვლავ უშეცდომო ღმერთს ეძებს და სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობა უმრავლესობისთვის მხოლოდ არჩევნებზე მისვლით გამოიხატება. ეს კიდევ უკეთესი მოცემულობაა წინა წლებთან შედარებით, თუმცა სანამ პოლიტიკოსი იგრძნობს რომ მას ძალაუფლება როგორც მხსნელს ისე გადასცეს, ყოველი შემდეგი მმართველი ადამიანური სისუსტის ძალით დიქტატორად ჩამოყალიბდება.

ოლიგარქია დიქტატურაზე რთული შესაცვლელია. მართვის ის მოდელი, რაც საქართველოში ბოლო წლებში იყო, გუშინაც გამოჩნდა, რომ ერთპიროვნულ ვერტიკალზე ყოფილა აგებული. შეუძლებლად მიმაჩნია მმართველ პარტიაში ძალაუფლების დაბალანსების პირობებში, ჯანსაღ და მრავალფეროვან შიდაპარტიულ დისკუსიაში დამალულიყო ის შეცდომები, რაც გუშინ გამოვლინდა. სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთპიროვნული მმართველობის ცდუნებას აყოლილი ემშვიდობება პოლიტიკურ ასპარეზს. მათგან უკეთეს მემკვიდრეობას ვისურვებდით.

შესავალი სამართალმცოდნეობის კურსზე დღეს სტუდენტებს საკანონმდებლო აქტების იერარქიაზე უნდა ვესაუბრო. უნივერსიტეტში მუშაობა ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი მოვლენა იყო და ეჭვი არ მეპარება, რომ რაც არ უნდა დაკავებული ვიყო, უარს ამაზე ვერასოდეს ვიტყვი. მახსოვს, როდესაც პარლამენტში მუშაობისას მიმანიშნეს, რომ თურმე ლექციებზე ჩემი სიარული ხელმძღვანელობას არ მოსწონდა, მაშინვე ენის მიტანაში დახელოვნებულ ადამიანებთან განვაცხადე, ალტერნატივის წინაშე თუ დავდგებოდი, ლექციების კითხვისთვის თავის დანებებას მერჩივნა პარლამენტიდან წავსულიყავი.

არჩევნების შედეგებმა, მეტნაკლებად ყველაზე მოახდინა გავლენა, დღეს ზოგი დათრგუნული, ზოგი კი ეიფორიით მოცული შემხვდა. ცვლილების მუხტი იგრძნობა და ძალიანაც კარგია, რომ მინიმუმ მეორე ტურამდე მაინც ჭადრაკის პოლიტიკური დაფა აირია. პირველ რიგში ასეთი სიტუაციით, რიგითი ამომრჩეველი ისარგებლებს.

სამშაბათი, 30 ოქტომბერი

მთელი დღე უნივერსიტეტში უნდა ვიყო. ყველაზე მეტად საქართველოს კონსტიტუციური სამართლის კურსის სტუდენტებზე ვნერვიულობ. საკონსტიტუციო ცვლილებების სიხშირიდან გამომდინარე, როგორც წესი, ვერ ესწრება ხოლმე ამ კურსისთვის სახელმძღვანელოს დაწერა და ამით პირველ რიგში სტუდენტები ზარალდებიან. გამონაკლისი არც ახლანდელი თაობაა. მახსოვს, მეც მორიგი კონსტიტუციური ცვლილების დროს მომიწია უნივერსიტეტში ჩაბარება, თუმცა ეს კონსტიტუციური სამართლის შესწავლისთვის ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო.

სამართლის დარგებს შორის საქართველოში ყველაზე მეტად საჯარო სამართალს უჭირს არსებობა და პარლამენტიდან შუა ღამისას გამოსულს, გაბრაზებულ გულზე, ზოგჯერ მიფიქრია, რომ ძირითად სპეციალობად კერძო სამართალის არჩევის შემთხვევაში მინიმუმ მის არსებობაში ეჭვის შეტანის იმედგაცრუებას მაინც გადავურჩებოდი-მეთქი.

ჩემი პროფესიის არჩევისას, მაინც მჯერა რომ 2 ძირითადი მიზეზი ჰქონდა კონსტიტუციური სამართლით ჩემს დაინტერესებას: პირველი ის, რომ საჯარო სამართლის შექმნა და მისი განხორციელება, სამართლის სხვა დარგებისგან განსხვავებით, თანამედროვე საუკუნეების ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება და მეორე ის, რომ კონსტიტუციური სამართალი ყველაზე ახლოს დგას ძალიან ცოცხალ და საინტერესო მოვლენასთან - სახელმწიფოს მართვასთან.

დღის ბოლოს, როდესაც ბოლო ლექციაზე შევდიოდი, ერთმა სტუდენტმა შუალედურში ჩემ მიერ დაწერილი შეფასება უსამართლოდ მიიჩნია და ქულის მომატებისთვის ბევრი მედავა. შეცდომებისგან რომ დამაზღვიონ, მათი გასწორებული ნაწერები სტუდენტებთან ყოველთვის მიმაქვს ხოლმე და ამ ტაქტიკამ ამჯერადაც გაამართლა.

ხშირად ვამბობ, რომ იურისტის ერთ-ერთი ძირითადი თვისება სიმამაცეა. თეორიული ცოდნას უმეტესობა შვილიშვილებისთვის მოსაყოლად აგროვებს, თუმცა არის ხალხი ვინც მას მყისიერად იყენებს. ასეთ ხალხს ვაფასებ. მოდავე სტუდენტმა საბოლოოდ დაამტკიცა რომ 25-დან 15-ქულიანი შეფასების პირობებში მას 1 ქულით მეტი ეკუთნოდა. დისკუსიის ბოლოს ჯანსაღი დებატით მეც კმაყოფილი ვიყავი.

ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი

მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის დღეს უკვე აშკარა პოლიტიკური ბრძოლა დაიწყო, რაც ახალციხეში მხარდამჭერებს შორის ხელჩართულ ბრძოლაშიც გადაიზარდა. 13:00 საათზე კონსტიტუციური სამართლის კურსზე სტუდენტებს ქართულ პარლამენტარიზმზე უნდა ვესაუბრო და ვაპირებ არაფერი დავმალო.

მსმენელები ალბათ სიტყვაზე უნდა მენდონ, საბოლოო ჯამში დოკუმენტური ფაქტებით ძალიან რთულია იმის დამტკიცება, რის თქმასაც პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ვაპირებ, ჩემი საუბარი განსაკუთრებით ბოლო მოწვევის პარლამენტის საქმიანობას შეეხება.

სემინარი პარლამენტის არსებობის იდეის გარკვევით დავიწყეთ და ყველანი შევთანხმდით, რომ საპარლამენტო საქმიანობის მთავარი ფორმა გადაწყვეტილების განხილვის და მისი კონსენსუსის საფუძველზე მიღების იდეაა. როდესაც ეს იდეა მიწაზე დავუშვით და რეალობას დავუკავშირეთ, საქართველოში პარლამენტარიზმის არსებობის პრობლემა მხოლოდ დეპუტატებში არ დაგვინახავს, მხოლოდ მათზე არ შეგვიწმენდია ხელი.

მთელი რიგი გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებაში ე. წ. „მუშტებზე ყურებას“ ხშირად ვაწყდებით. ოჯახში, სანათესაოში, სამეგობროში თუ პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღები ხშირად საკუთარ სიმართლეში იმდენად თავდაჯერებულია, რომ სხვისი აზრის არა თუ გაზიარებას, არამედ მოსმენასაც კი შეურაცხყოფად აღიქვამს. ჩვენ გარშემო ასეთი ადამიანები ბევრია და თუკი ოდესმე, რაღაც მანქანებით მათ კერძო ან საჯარო სექტორში საპასუხისმგებლო თანამდებობა დაიკავეს, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ისინი ერთ დღეში ვერ შეიცვლებიან და გადაწყვეტილებების მიღებას ნაცად სტილში გააგრძელებენ. შორს რომ არ წავიდეთ, დეპუტატებიც ჩვენი საზოგადოებიდან გამოსული ხალხია და თავიანთი ქცევებით ზუსტად ასახავენ საზოგადოების მანკიერებებს.

სემინარზე ოდნავ პესიმისტური განწყობა საბოლოოდ უკეთესი პოლიტიკური მომავლის იმედით იცვლებოდა, სანამ კომპიუტერში რაღაც ინფორმაციის ნახვის საბაბით, შესვენებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე უსაშველოდ აქტიური სტუდენტი არ შემოგვივარდა. პიროვნულად მას დიდ პატივს ვცემ და მისი პოლიტიკური პოზიციისაც მესმის, თუმცა ვფიქრობ, გადამეტებულად აღფრთოვანებული მომხრეები არა მხოლოდ თითოეული პარტიისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც საშიშია.

მეორე ტურის ოპოზიციის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, 2012 წელს დამარცხებულ პოლიტიკოსებს თუ იგივე შეცდომებით დავხვდით, ისეც ტაში ვუკარით და ბავშვები ვაჭერინეთ ხელში, მათგან უკეთეს ქცევას ობიექტურად არ უნდა ველოდოთ. სხვისთვის პრობლემის გადაბრალება პრობლემისგან გაქცევაა, პრობლემა პირველ რიგში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ თავში უნდა ვეძიოთ.

ხუთშაბათი, 1 ნოემბერი

დღეს 10 საათზე გავიღვიძე და ამით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი.

საჯარო სექტორში მუშაობას, მიუხედავად ყველანაირი სიმძიმისა, რაც დღევანდელ რეალობაში მას ახლავს, თავისებური მუღამი აქვს და მუდმივად ფორმაში გამყოფებს. მახსოვს ამ დრომდე პარლამენტში მინიმუმ ორი წვრილმანი საქმე მაინც მექნებოდა გაკეთებული, ახლა კი საერთოდ 10 საათზე ვიღვიძებ.

საღამოს ინგლისურის რეპეტიტორთან უნდა მივიდე და როგორც სხვა დღეებში, ვაპირებ მთელი დრო ამ გაკვეთილისთვის მომზადებას დავუთმო, თუმცა, როგორც სხვა დღეებში, დარწმუნებული ვარ, რომ ამას მხოლოდ გაკვეთილამდე ბოლო საათში მოვახერხებ.

არ შევმცდარვარ, დღესაც სხვადასხვა საქმე გამოჩნდა და მათგან ყველაზე პრიორიტეტული ის იყო, რომ ერთ-ერთ იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე სტუდენტთა ჯგუფს კონსტიტუციური სარჩელის და შესაგებლის წერის დროს, შეპირებისამებრ ზოგადი მიმართულებების მიცემასა და ამ დოკუმენტების წერის ტექნიკაში უნდა დავხმარებოდი. მაინცდამაინც დღეს აღმოჩნდა ამ დოკუმენტების გადაგზავნის ბოლო ვადა და ინგლისურის სწავლისთვის დათმობილი მთელი დღე სტუდენტებთან კომუნიკაციამ წაიღო.

ბოლოს ინგლისურის გაცდენაც მომიხდა და ზუსტად 11 საათზე ავწიე თავი კომპიუტერიდან. ასეთ დროს საყვედურებით ვივსები ხოლმე. არადა ყველაზე მეტად საყვედურები არ მიყვარს. გასაგებია, რომ შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ სხვა ადამიანის დამძიმება მის შეცდომებზე ხაზგასმით არ მიმაჩნია სწორად. იშვიათად შემხვედრია ადამიანები, ვინც ამას არ აკეთებდნენ. სამწუხაროდ, ყველაზე მეტი შეცდომა მათთან მიმართებით მე დავუშვი.

შეცდომა იმდენადაა მტკივნეული, რამდენადაც ის სხვას აყენებს ზიანს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ყველაზე მძიმე შეცდომების დაშვების შემდეგაც აგრძელებ ცხოვრებას.

პარასკევი, 2 ნოემბერი

დღევანდელი დღე საჯარო პოლიტიკური განცხადებებით დატვირთული აღმოჩნდა და ყოველი მათგანი ერთმანეთზე უარესი იყო.

საჯარო სამართლის ელემენტარული ცოდნაც კი საკმარისია იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენად სახიფათოა 2008 წლის ომის დაწყებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს დადანაშაულება.

აქამდე თითქოს ისიც არ გვეყოფოდა, რომ სამაჩაბლოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარებისთვის მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი სამართლებრივ საფუძვლებს ამზადებდა, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს პატრიარქს შეხვდნენ და ისედაც მოფამფალებული ქართული სეკულარიზმი კიდევ უფრო შეარყიეს.

მთელი დღე მინდოდა, რომ სოციალურ ქსელებში გამოვხმაურებოდი ამ ამბავს, მაგრამ ადამიანის უფლებების კურსისთვის საგამოცდო საკითხები მქონდა მოსამზადებელი და ვეღარ მოვიცალე.

ყველაზე ტრაგიკული მაინც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მეჩვენა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქთან ერთად განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შემცირება ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სასჯელების კონსტიტუციურობის შეფასების ნაწილში.

ორმხრივად უტიფარი იყო ეს განცხადება: ერთი იმ მხრივ იმიტომ, რომ ასეთი განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურ პროცესებში მისაღებ ხმებს კონსტიტუციის უზენაესობის სამართლებრივი პრინციპი შეწიროს, მეორე მხრივ, კიდევ იმიტომ, რომ დიდი ეჭვი მაქვს, მან საპატრიარქოს წარმომადგენლები ამ საკითხზე ტყუილად დააიმედა და ამ მიმართულებით არც არაფერი ცვლილება იგეგმება. ამ შეფასებაში თუ ვცდები, ამას დრო გვიჩვენებს.

შაბათი, 3 ნოემბერი

დღეს კახეთში მომიხდა წასვლა.

კახეთში ყოფნა ზოგადად ძალიან მიყვარს და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. გზად ის ამინდი დამხვდა, რაც ბავშვობაში ველისციხის გზაზე ბებიასთან და პაპასთან ჩასვლისას მხვდებოდა ხოლმე და ამანაც გამახარა. მოღრუბლული იყო.

შემოდგომაზე ჭრელზე უფრო რუხია ხოლმე კახეთი და ეს მას ძალიან უხდება. კახეთი პირველ რიგში იქ მცხოვრები ხალხის გამო მიყვარს და მისადმი სიყვარულს მხოლოდ შემდეგ ვუკავშირებ ლევან გოთუას შესანიშნავ ისტორიულ რომანს „გმირთა ვარამს“. ოდესმე თუ ფული მექნება, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ამ წიგნის საფუძველზე გადაღებული რაიმე კარგი სერიალის პროდიუსერი.

კახეთში ტყუილი არ უყვართ და ამის გამო კახელებს ძალიან ვაფასებ. ამბობენ ის გიყვარს, რაც არ გამოგდისო და შეიძლება, ჩემ შემთხვევაშიც ასეა. ყველაზე მეტად რასაც ვისურვებდი, არის კახური გულწრფელობა. ასევე ძალიან მინდა ქართული სიმღერა შემეძლოს, მაგრამ ეჭვი მაქვს, ეს, საამისო ნიჭთან დაკავშირებული პრობლემების გამო, არასოდეს გამომივა.

გზად დავით ბაქრაძის ხეებზე გაკრული პლაკატები შეგვხვდა, რამაც გაგვაღიზიანა. იმიტომ არა, რომ მასზე დავით ბაქრაძე იყო, იმიტომ, რომ ისინი მრავალწლოვან და გზის პირას რთული ეკოლოგიური პრობლემების გამო ისედაც გაუბედურებულ ხეებზე იყო გაკრული.

ძალიან არ მომწონს, რომ საქართველოში ახალგაზრდული პროტესტი მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთანაა დაკავშირებული. დრო თუ მექნა, ვაპირებ ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ აქტივობებში ჩავერთო და მიუხედავად იმისა, რომ ეს შემოსავლის მხრივ წამგებიანი იქნება, მანც გავაკეთოთ.

ჩემმა მტერმა იმუშავა მარტო შემოსავლისთვის. თუ მარტო ხელფასისთვის მუშაობ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაგიჟდები კაცი.

გიორგი ჩიფჩიურის თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:12:17 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG