Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ჭანტურიას ადვოკატი გამოძიებას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს - პროკურატურა ბრალდებას უარყოფს


გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას დაცვის მხარემ შს სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა თხოვნით, შეისწავლონ საქმიანობა საგამოძიებო ჯგუფისა, რომელიც, ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, „ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს მოწმეებზე, ჭანტურიას ნათესავებზე, რათა ჩვენება მისცენ ბრალდებულის წინააღმდეგ“.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, ანა კეკენაძემ, 22 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 21 აგვისტოს საჩივრით მიმართეს ასევე სახალხო დამცველს.
კეკენაძემ თქვა, რომ უკვე 20 საჩივარი აქვთ დაწერილი გამოძიების წინააღმდეგ, რომელმაც „შეთითხნა ბრალდება“ და საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით.

მან დასძინა, რომ გამოძიება ემუქრება გიორგი ჭანტურიას და მისი ოჯახის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გამოქვეყნებითაც. კეკენაძის თქმით, გამოძიება დაცვის მხარის მოწმეებს სამსახურიდან გაგდებით ემუქრება.

„თუ პროკურატურა, შსს და სუსი დაინტერესდება ჩვენი პრეტენზიებით, მოწმეები მზად არიან მისცენ ჩვენება ყველა იმ ზეწოლაზე, რომელსაც მათ წინააღმდეგ მიმართავენ“, - თქვა ანა კეკენაძემ.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელმა ლევან ჯალაღანიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აბსურდი უწოდა გიორგი ჭანტურიას ადვოკატის განცხადებას, თითქოსდა ბრალდების მხარე აშანტაჟებდეს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მოწმეებს.

„ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება დაცვის მხარეს არ გააჩნია, ვინაიდან ეს მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია არის მორიგი სიცრუე“,- თქვა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

10 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული ჭანტურიამ შურისძიების მოტივით ჩაიდინა და ქუთათელაძე სამუშაო ოთახში არარეგისტრირებული იარაღით მოკლა.

გიორგი ჭანტურიას ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში, სს კოდექსის 208-ე და 236-ე მუხლების შესაბამისად.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG