Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანში უკვე დაგებულ გზის საფარს ხელახლა დააგებენ


თბილისის მერიის მიერ საინფორმაციო სააგენტო IPN-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გლდანის რაიონში ორ ქუჩაზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ნორმით გათვალისწინებულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც კონტრაქტორმა კომპანიამ დაგებული გზის საფარი ხიზაბავრის და ხარაძის ქუჩებზე უნდა აიღოს და ხელახლა დააგოს. უხარისხოდ დაგებულ გზის საფარში უკვე დაიხარჯა 1 174 364 ლარი. თბილისის მერიის თანახმად, კომპანია ასფალტის საფარის ზედა ფენის დემონტაჟს და ხარიხსიანად ახალი საფარის დაგებას საკუთარი ხარჯებით განახორციელებს.

ახლად რეაბილიტირებული ორი ქუჩის საფარს, რაზეც 1 174 364 ლარი დაიხარჯა, დემონტაჟი ჩაუტარდა და კომპანია თავიდან აკეთებს.

თბილისის მერიის განცხადების მიხედვით, თეიმურაზ ბოჭორიშვილისა (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე შესრულებული სამუშაო ნორმით გათვალისწინებულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და კომპანია ვალდებულია, საკუთარი ხარჯით განახორციელოს ასფალტის საფარის ზედა ფენის მოხსნა და მისი თავიდან მოწყობა.

გლდანის გამგეობაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კომპანია ვალდებულია, ხარვეზი 10 დღის ვადაში (8 თებერვლამდე) გამოასწოროს . ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი სანქციები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი
სარეაბილიტაციო მონაკვეთი

გზის დაგების სამუშაოს გლდანის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია, შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი" ახორციელებს. კონტრაქტი გლდანის გამგეობასა და კონტრაქტორს შორის 22 აგვისტოს გაფორმდა და მის თანახმად სამუშაოები 14 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტში ცვლილებები ამ დრომდე სამჯერ შევიდა ძირითადად სამუშაოების გადავადების მოთხოვნით და ბოლო შესწორების თანახმად, კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოების დასრულებისთვის ვადა 20 თებერვლამდე აქვს.

“მილენიუმ ბილდერს გრუპი” აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და გზის დაგების სამუშაოების გარდა სამშენებლო მასალების ერთ-ერთი მიმწოდებელია “თბილსერვის ჯგუფისთვის.” მხოლოდ 2019 წელს მოგებული აქვს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2 მილიონზე ძვირად ღირებული ტენდერი, რომელიც ქსნის გზის რეაბილიტაციას გულისხმობდა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული თითქმის 3 მილიონის ღირებულების ტენდერი, რომლის მიზანიც სოფელ მცხეთიჯვრიდან სოფელ წაღვლამდე გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა იყო, მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ წინამძღვრიანთკარსა და სოფელ ფრეზეთის გზების რეაბილიტაციის ტენდერები, ასევე წიწამურსა და ნავაზში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის ტენდერი. უმეტეს შემთხვევებში ტენდერების პირველად ხელშეკრულებებს თან ახლავს ცვლილებები, სადაც კომპანია სამუშაოების ჩაბარების ვადის გაზრდას ითხოვს. ჯამში კომპანიას თითქმის 10 მილიონის სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული და მისი მთავარი დამქირავებელი თბილისის მერია და მცხეთის მუნიციპალიტეტი არიან.

ტენდერების მონიტორინგის მონაცემები კომპანიის შესახებ
ტენდერების მონიტორინგის მონაცემები კომპანიის შესახებ


გლდანის რაიონში თბილისის მერია 2019 წლის გაზაფხულის შემდეგ ახორციელებს 11 მილიონის ღირებულების გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე. ამ სამუშაოების შესრულებისთვის დაქირავებულ კონტრაქტორ კომპანიას ასევე რამდენჯერმე შეეცვალა ხელშეკრულების პირობები, გადაუვადდა სამუშაოების დასრულებისთვის განსაზღვრული თარიღი და გაეზარდა სამუშაოების შესრულებისთვის მისაღები თანხის ოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG