Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლობალური შიმშილი ომისა და კოვიდის შემდეგ?


რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება გამოიწვიოს საკვების გლობალური დეფიციტი მთელ მსოფლიოში და ნამდვილი შიმშილიც კი, რომელიც მინიმუმ ასობით მილიონ ადამიანს შეეხება, - ამგვარი საფრთხის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობენ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქმე ის არის, რომ უკრაინასა და რუსეთს მოჰყავთ მსოფლიო ბაზრებზე გაყიდული ხორბლის 33%, სიმინდის 50% და მზესუმზირას ზეთის 75%. ომის შედეგები უკვე ახდენს გავლენას ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სასურსათო ბაზარზე.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პლანეტას ემუქრება სურსათის, ენერგომატარებლებისა და ნიადაგში შესატანი სასუქის ფასების მკვეთრი ზრდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, პანდემიისა და სხვა ფაქტორების გამო, თითქმის ყველა საკვები პროდუქტის ფასმა, რომელიც ისედაც სტაბილურად და სწრაფად იზრდებოდა 2020 წლის შუა რიცხვებიდან, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ზუსტად 2022 წლის თებერვალში ანუ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის დროს.

ანტონიუ გუტერეში
ანტონიუ გუტერეში

FAO-ს მიხედვით, უკრაინა მსოფლიოში ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, რომელიც სოფლის მეურნეობის ამ პროდუქტებით 50-მდე ქვეყანას ამარაგებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა. ამასთან, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მრავალი სახელმწიფო, დაწყებული ირან-თურქეთიდან და დასრულებული ბანგლადეშით, პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინული მარცვლეულის რეგულარულ მიწოდებაზე (ჯამურად საუბარია 172 მლნ ადამიანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე). ამავე კულტურების ექსპორტიორთა შორის სტაბილურად მოწინავე პოზიციებზეა რუსეთიც. ომის დაწყებამდე უკრაინული და რუსული მარცვლეულის ჯამური ექსპორტი შეადგენდა მსოფლიო ბაზრის 1/3-ს.

პურის მოსავლის აღება. უკრაინა
პურის მოსავლის აღება. უკრაინა

სწორედ რუსეთი და უკრაინა არიან ხორბლისა და მზესუმზირას ძირითადი შემომტანები საქართველოშიც. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% და ხორბლის ფქვილის 96% სწორედ რუსეთზე მოდის (2020 წელს 1 ტ ხორბლის ფასი 220$, 2021 წელს - 260$). რუსეთი ლიდერობს საქართველოსთვის იმპორტირებული ზეთის რაოდენობითაც. 2021 წლის მონაცემებით, რუსულია საქართველოში იმპორტირებული ზეთის 87%, უკრაინაზე კი 5% მოდის.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ასევე მაღალია (13,7%) ინფლაცია, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გლობალური პრობლემებით ხსნის და იშველიებს FAO-ს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც სურსათის ფასები საშუალოდ 23,5%-ით გაიზარდა მთელ მსოფლიოში.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„FAO-ს დეკემბრის მონაცემებით, სურსათის მსოფლიო ფასები გაიზარდა ყველგან, მთელს მსოფლიოში, მათ შორის გაიზარდა რძის პროდუქტებზე 18%-ით, მარცვლეულზე 20%-ით, საუბარია ფქვილისა და ხორბლის ფასების გაზრდაზე და ა.შ. შაქარზე 33%-ით მთელს მსოფლიოში, ზეთზე 36%-ით და ნავთობის მსოფლიო ფასები 74%-ით. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაზეც აისახება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია განსაკუთრებული შეშფოთებით აკვირდება ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს (ეგვიპტიდან მაროკომდე), სადაც დეფიციტისა და განუხრელად მზარდი ფასების გამო, დაწყებულია სწრაფი, აჟიოტაჟური მოთხოვნა ფქვილზე, მანანის ბურღულზე და ა.შ. ყოველივე ეს ხდება რამადანის წმინდა თვის წინ. რამადანის დროს მუსლიმები, რომლებიც მარხულობენ დღის განმავლობაში, ტრადიციულად ცდილობენ ნოყიერი ოჯახური ვახშმების მოწყობას თითქმის ყოველ საღამოს. ზოგიერთი ისლამური სახელმწიფოს ხელისუფლება უკვე გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი არეულობა და სოციალური აფეთქება მათ ქვეყნებში. სწორედ სურსათზე ფასების მატება იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რამაც გამოიწვია თავის დროზე არაერთი აჯანყება და ჯამში „არაბული გაზაფხული“.

პურის გამყიდველი კაიროს ქუჩაში. ეგვიპტეში ყოველი მეორე პურ-ფუნთუშეული ნაწარმი უკრაინული ან რუსული ფქვილისგან არის მოზადებული
პურის გამყიდველი კაიროს ქუჩაში. ეგვიპტეში ყოველი მეორე პურ-ფუნთუშეული ნაწარმი უკრაინული ან რუსული ფქვილისგან არის მოზადებული

დევიდ ბისლი, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე იმყოფებიან, გაიზარდა 80 მილიონიდან 276 მილიონამდე. ამის მიზეზი კი ისაა, რასაც „იდეალურ ქარიშხალს“ (Perfect storm) უწოდებენ, რაც ამ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომის, კლიმატის გლობარული ცვლილებისა და კორონავირუსის პანდემიის ერთობლივი ზემოქმედებაა.

„მაგალითისთვის, ლიბანში მარცვლეულის 60%-ზე მეტი ყოველთვის უკრაინიდან შედიოდა. ეგვიპტე, იემენი, სირია, ტუნისი და ა.შ. - ყველა ეს ქვეყანა უკრაინაზეა დამოკიდებული, როგორც ნამდვილ "პურის ბეღელზე", - ამბობს დევიდ ბისლი.

FAO-ს 2021 წლის მონაცემებით, ერითრეა 100%-ით, ხოლო სომალი 90%-ით დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე რუსეთიდან და უკრაინიდან. რუსეთზე დამოკიდებულება 100%-ს უახლოვდება ყაზახეთში, მონღოლეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში; ყირგიზეთში, ბელარუსში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ფინეთში კი 80%-ს აღემატება. უკრაინული ხორბლის იმპორტზე 90%-ით არის დამოკიდებული სეიშელის კუნძულები; ლიბია, პაკისტანი, მავრიტანია და ჯიბუტი კი - 40%-ით.

გარდა ამისა, უკრაინა ჯერჯერობით რჩება მსოფლიო ლიდერად მზესუმზირას ზეთის მიმწოდებელთა შორის: 2020 წელს უკრაინამ უზრუნველყო მთელი გლობალური ექსპორტის 40% (მეორე ადგილზე იყო რუსეთი 19%-ით). უკრაინაზე მოდიოდა მზესუმზირას ზეთის იმპორტის 70%-ზე მეტი ნიგერიაში, ტანზანიაში, ინდოეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, მოლდოვაში, კენიაში, ნიდერლანდებსა და შრი-ლანკაში. გარდა ამისა, რუსეთი შედის რაფსის ზეთის მიმწოდებელთა პირველ სამეულში და სოიოს ზეთის ექსპორტიორთა ხუთეულში.

ტიმოფეი მილოვანოვმა, კიევის ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტმა, უკრაინის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, Current Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების გამო უკრაინის პორტებში ექსპორტისთვის გამზადებული 5 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულია ბლოკირებული:

„ვერ გაგვაქვს, რადგან, მართალია, ოდესაში არ მიმდინარეობს ისეთი აქტიური საომარი მოქმედებები, როგორც მარიუპოლში, მაგრამ გარკვეული სახის საფრთხეები მაინც არსებობს, მარიუპოლი და ოდესა კი ის ორი პორტია, რომლითაც მარცვლეულის ექსპორტირება ხდება. თუ ამ გაზაფხულზე თესვის სეზონი ჩავარდება (არათუ უკრაინაში, რუსეთშიც კი რთულია საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება), ეს გარემოება აუცილებლად იქონიებს გავლენას როგორც წლის მოსავალზე, ასევე მარცვლეულის მიწოდებაზე მომავალ სეზონში“.

ტიმოფეი მილოვანოვი
ტიმოფეი მილოვანოვი

მილოვანოვის თქმით, ომმა გაწყვიტა ყველა ლოგისტიკური ჯაჭვი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენებოდა შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანის პროცესში. რუსეთის ინტერვენციის შემდეგ უკრაინის პორტებში ყველა სახის კომერციული საქმიანობა შეჩერდა. სულ მცირე 100 სატვირთო გემი (მშრალი ტვირთმზიდი) მაინც არის ჩარჩენილი შავ და აზოვის ზღვებში. გემების მფლობელები ჯერჯერობით ამაოდ მოუწოდებენ რუსეთს, გახსნას ე.წ. ღრმა დერეფანი.

გარდა ამისა, მსოფლიოში სასუქების მწარმოებელმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, ნორვეგიულმა Yara International-მა უკვე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება მძიმედ დაარტყას ინდუსტრიას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაზრდის სურსათის ფასებს. არადა, სასუქებზე ფასები მანამდეც გაიზარდა ბუნებრივი აირის საბითუმო ფასების მომატების გამო. რუსეთი, რომელთანაც სავაჭრო კავშირები იჭრება, უზარმაზარი რაოდენობით ისეთ სასუქს აწარმოებს, როგორიცაა კალიუმი და ფოსფატები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე სოფლის მეურნეობა.

უკრაინა აწარმოებს მსოფლიოში გაყიდული მზესუმზირის ზეთის მნიშვნელოვან ნაწილს
უკრაინა აწარმოებს მსოფლიოში გაყიდული მზესუმზირის ზეთის მნიშვნელოვან ნაწილს

Yara International-ის ხელმძღვანელი სვეინ ტორე ჰოლსტერი ამბობს, რომ ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს: „მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი საკვებს სასუქებიდან იღებს და თუკი სასუქებს მინდვრებში არ შეიტანენ, ზოგიერთი კულტურის მოსავლიანობა 50%-ით დაეცემა“.

ევროპაში საკვები პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული ძირითადი სასუქების დაახლოებით 25% რუსეთზე მოდის, მაგრამ ორი კვირის წინ რუსეთის მთავრობამ მოითხოვა, რომ მწარმოებლებმა მთლიანად შეწყვიტონ რუსეთიდან სასუქის ექსპორტი. ასევე „დროებით შეიზღუდა“ როგორც ყველა სახის მარცვლეულის (ხორბლის, ჭვავის, შვრიის, ქერის და ა.შ.), ასევე შაქრის ექსპორტიც.

პურის რიგი თეირანში. 2022 წლის 28 იანვარი
პურის რიგი თეირანში. 2022 წლის 28 იანვარი

და ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია გათვლებისას, რამდენადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მალე დაარტყამს სურსათის მსოფლიო ბაზარს. მაგალითისთვის, ევროპის ქარხნებში ამიაკის, აზოტოვანი სასუქების ძირითადი ინგრედიენტის, წარმოებისათვის საჭიროა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი, რომელსაც ევროპის ქვეყნები რუსეთიდან იღებენ. გასულ წელს, გაზის საბითუმო ფასების გაზრდის გამო, ევროკავშირელი მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ, შეემცირებინათ თავიანთი სიმძლავრეები თითქმის 40%-ით. ამას დამატებული ტვირთების გადაზიდვის გაზრდილი ტარიფები, ბელარუსის (კალიუმის კიდევ ერთი მთავარი მიმწოდებლის) წინააღმდეგ სანქციები და ამინდის ექსტრემალური პირობები - ყოველივე ამან გამოიწვია სასუქის ფასების დამატებითი და მკვეთრი ზრდა, რამაც თავის მხრივ მნიშვნელოვანდ გააძვირა სურსათი.

ასევე ანგარიშგასაწევია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სავალალო შედეგები. მაგალითად, მსოფლიო ბაზარზე 90%-ით გაიზარდა იმ სახეობის ხორბლის ფასი, რომელიც გამოიყენება მაკარონის (პასტის) წარმოებაში. საქმე ის არის, რომ კანადაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, ხორბლის მოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა გვალვამ და კანადისთვის რეკორდულად მაღალმა სიცხეებმა.

ხანძარი ტრამალში. ტარას შევჩენკო
ხანძარი ტრამალში. ტარას შევჩენკო

შარშან აშშ-ში ხორბლის მწარმოებელ ძირითად შტატებშიც სულ ექსტრემალური ხანძრები მძვინვარებდა, ლათინური ამერიკის ის ქვეყნები კი, რომლებსაც განვითარებული სოფლის მეურნეობა აქვთ (მაგ. ბრაზილია), კატასტროფული გვალვით დაზარალდნენ. ავსტრალია დიდ ზარალს განიცდის დამანგრეველი წყალდიდობებით, რომელთა გავლენა ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტზე ჯერ ბოლომდე არ ასახულა. მრავალი წელია ანომალიური გვალვა ტანჯავს სომალის ნახევარკუნძულის ქვეყნებს (ერითრეა, ჯიბუტი, ეთიოპია და სომალი), სადაც სამმა უკიდურესად მშრალმა სეზონმა თითქმის სრულად გაანადგურა მოსავალი და გამოიწვია პირუტყვის არანორმალურად დიდი დაცემა.

გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც გამოწვეულია ყველა ამ ფაქტორის კომბინაციით, აშკარად იმოქმედებს ბევრ სახელმწიფოზე. ამასთან, არა მხოლოდ აზიისა და აფრიკის ქვეყნებზე, არამედ რუსეთზე, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაზეც.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სურსათი სავარაუდოდ საშუალოდ 22%-ით გაძვირდება მსოფლიოს მასშტაბით, - აცხადებენ გაეროს შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. FAO-ს ცნობით, დღეს მსოფლიოში მოხმარებული კალორიების 10% უკრაინისა და რუსეთის მოსახლეობაზე მოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG