„გენერალი დელა როვერა“(იტალია, 1959, რეჟისორი რობერტო როსელინი)
არადა მიუხედავად მთავარი პრიზისა, რომლითაც „გენერალი“ აღინიშნა ვენეციის კინოფესტივალზე, მიუხედავად როსელინის ავტორიტეტისა, ფილმი ცარიელ კინოდარბაზებში უჩვენეს და მალევე მოხსნეს ეკრანებიდან. როგორც ჩანს, ნეორეალიზმის ლიდერისგან და არსებითად, ნეორეალიზმის დამფუძნებლისგან ელოდნენ მორიგ ჰეროიკულ დრამას სამშობლოსთვის თავგანწირულ ხალხზე, ანდა უდრეკ პარტიზანზე, რომელმაც ასეულობით ადამიანი გადაარჩინა.
კი, ნამდვილად ელოდნენ ძველი როსელინის დაბრუნებას მას შემდეგ, რაც გაშორდა ცოლს, ინგრიდ ბერგმანს და როგორც თავად ბერგმანი წერდა, „განდევნა ამერიკელი ცოლი თავისი შემოქმედებიდან“. მაგრამ კინოს ისტორიამ მიიღო სულ სხვანაირი როსელინი - ხალხის კოლექტიური პორტრეტი შეიცვალა ერთი პერსონაჟით, რომელსაც ნეორეალიზმის მეორე დიდი რეჟისორი, ვიტორიო დე სიკა ასრულებს, ჰეროიკული გმირი კი ანტიგმირით - ნაძირალა, ფლიდი ემანუელე ბარდონეთი, რომელიც ფილმის ბოლოს მაინც... გმირი ხდება. როსელინიმ ერთი რამ ვერ გათვალა - როგორც წესი, კინომაყურებელს არ უყვარს უარყოფით პერსონაჟთან იდენტიფიკაცია. ამის გარეშე კი რთული ხდება, გაჰყვე ფილმის მოქმედებას, მაშინაც კი, როცა შესაძლებელია წინასწარ იცოდე, როგორ დასრულდება მთავარი პერსონაჟის ცხოვრება.
მაგრამ რობერტო როსელინის თავისი მაყურებლის დაკვეთაზე არასდროს უმუშავია. იშვიათია კინორეჟისორი როსელინის მსგავსი ინტუიციით და წინასწარმეტყველებით. ასე იყო მაშინ, როცა ინგრიდ ბერგმანზე შეყვარებულმა კინოს ისტორიის ოთხი მარგალიტი გადაიღო („სტრომბოლი“, „ევროპა 51“, „მოგზაურობა იტალიაში“, „შიში“). მაშინაც გააკრიტიკეს, კომპრომისში, ნეორეალიზმის პრინციპების ღალატში დაადანაშაულეს. ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ ამ ფილმებით როსელინიმ კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინა კინოს ენის ისტორიაში. იგივე განმეორდა „გენერლის“ პრემიერის შემდეგ. დიდმა ხელოვანმა ჩვენი დრო იწინასწარმეტყველა - დრო, როცა ათასი ჯურის ვირეშმაკა პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, მოსამართლე, ჟურნალისტი ყველანაირად ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს ომი, იხეიროს ადამიანთა ტრაგედიით და თანაც საკუთარი თავი მშვიდობისმყოფელად გაასაღოს.
მეორე მსოფლიო ომის წლებში, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ იტალიაში დე სიკას პერსონაჟს, კოლაბორაციონისტ ემანუელე ბარდონეს აპატიმრებენ თაღლითობის გამო. ნაცისტები აფასებენ მის არტისტიზმს და სთავაზობენ, ციხეში ითამაშოს ანტიფაშისტური მოძრაობის მოკლული ლიდერის, არისტოკრატის, გენერალ დელა როვერას როლი. ბარდონე თანხმდება. მაგრამ დაპატიმრებული მებრძოლების გაცნობის შემდეგ მოულოდნელ ტრანსფორმაციას განიცდის.
ყოველთვის მიკვირდა, რატომ გაუჭირდა მაყურებელს ამ ფილმის აღქმა. მართლა იმის გამო, რომ როსელინი და დე სიკა ცდილობენ დისტანცია შეინარჩუნონ თავიანთ პერსონაჟთან? ნუთუ გამორჩათ მთავარი - დე სიკას უნარი, რაღაცით მაინც მისაღები გახადოს ეს პერსონაჟი ჩვენთვის, რაღაცით მაინც დაგვანახოს მასში საკუთარი თავი.
არადა სრულიად ბუნებრივია ეს ტრანსფორმაცია. თუკი ადამიანის გწამთ, სიკეთის მარადიულობის გწამთ, ბარდონეს მონანიებას, უფრო სწორად სულის გადარჩენის სურვილს, ადვილად დაიჯერებთ. მით უმეტეს თუკი იცით, რომ რობერტო როსელინი მორწმუნე რეჟისორი იყო და გადარჩენის თემა ერთ-ერთი ძირითადია მის შემოქმედებაში. მაგრამ თუკი ასეთი რადიკალური ცვლილების არ გჯერათ, ანდა, უბრალოდ, გამოუსწორებელი ცინიკოსი ხართ, წესით, არც ამ შემთხვევაში არ უნდა მოგეჩვენოთ ხელოვნურად გენერალ დელა როვერას ისტორია. არსებითად ხომ ბარდონემ იცის, რომ უკანდასახევი გზა არ აქვს - ასეთი ნაძირალა იმასაც კი სძულს, ვისაც აქამდე ერთგულად ემსახურებოდა.
„გენერალ დელა როვერას“ კომერციული წარმატება არ ჰქონია, მაგრამ ფილმზე აღფრთოვანებული წერდნენ კინოს ყველაზე სერიოზული თეორეტიკოსები. აკადემიკოსი ლოტმანი, მაგალითად, იკვლევდა, როგორ თამაშობს როსელინი მაყურებლის მოლოდინებზე და მართლაც რომ ძლიერ ეფექტს აღწევს - ფილმის პირველ ნაწილში (რომელიც, ჩემი აზრით, უფრო დინამიკურია, ვიდრე მეორე) იქმნება შთაბეჭდილება, რომ რობერტო როსელინი, მემარცხენე ნეორეალიზმის ესთეტიკის შემქმნელი, გვეტყვის, ასეთ ნაძირალას ბადებს სოციალური გაჭირვება და უთანასწორობა. სხვათა შორის, ბარდონე სწორედ ამ არგუმენტით ცდილობს თავის გამართლებას - უამრავი სხვა ამორალური ადამიანივით, რომლებიც თავიანთ დანაშაულს სხვას აბრალებენ. ლოტმანი წერს, რომ როსელინი გვინგრევს ამ მოლოდინს და უბრალოდ წარმოგვიდგენს თაღლითს, რომელიც გმირის როლს ასრულებს. მაგრამ როლში შესული ადამიანი არათუ ირგებს ნიღაბს, არამედ არსობრივად შედის ამ ახალ სახეში.
ბარდონესთვის ეს პროცესი ფაქტობრივად სიკვდილის რეპეტიციაა. აქვე ჩნდება ციხის კედელზე მიწერილი ლოზუნგიც: „სიკვდილი ადვილია!“... და დელა როვერად გადაქცეული ბარდონე ხვდება, რომ სიკვდილი მართლა უფრო ადვილია, ვიდრე ტყუილში მუდმივი ცხოვრება. „ნიღაბი ხშირად არჩევანს გვიადვილებს. მაშინაც კი, როცა ეს არჩევანი სიკვდილია“, - წერს ლოტმანი.
როგორი ანტიპათიითაც არ უნდა განვეწყოთ ბარდონეს მიმართ, იმას მაინც ვერ უარვყოფთ, რომ ინტერპრეტაციის ოსტატია. თუმცა მისი ტრანსფორმაციის მიზეზი მხოლოდ არტისტიზმი არ უნდა იყოს. გარემოებაც მნიშვნელოვანია და ისიც, რას ხედავს ციხეში ბარდონე. რას ხედავს და როგორ ხედავს. როსელინი აქ გენიალურ ხერხს მიმართავს, გვთავაზობს ორ სივრცეს, შეიძლება ითქვას, „ორ ეკრანს“, რომლებსაც ჩვენ, მაყურებელი, ვუყურებთ - პერსონაჟი-ანტიგმირის თვალით ვაკვირდებით თავისუფლებისთვის მებრძოლ უშიშარ იტალიელებს და ამავე დროს, ვაკვირდებით პერსონაჟს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ვუყურებთ, როგორ უყურებს“ ბარდონე რეალობას, რომელსაც აქამდე ვერ ხედავდა.
ბარდონეს თვალი აეხილება.
როსელინისთვის, როგორც რეჟისორისთვის, რომელიც ყოველთვის კინოს ენით გველაპარაკება, ესაა სწორედ კინოხელოვნება - თვალის ახელის ხელოვნება.
თქვენ თუ გჯერათ, რომ კინოს მართლაც აქვს ეს უნარი? როსელინივით გჯერათ, რომ ვირეშმაკებს, რომლებმაც სხვისი ომით იხეირეს, ოდესმე მართლაც შეიძლება აეხილოთ თვალი?
ფორუმი