„მედეა“(1988, დანია, რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი)
30 აპრილს ლარს ფონ ტრიერს 70 წელი შეუსრულდა.
2000-იანების დასაწყისში რომ ვიყოთ, დანიელი რეჟისორის იუბილეს კინემატოგრაფიული სამყარო, ალბათ, უფრო პომპეზურად აღნიშნავდა. იმხანად პოპულარულ გამოკითხვებში „წყვდიადში მოცეკვავის“, „ანტიქრისტეს“, „მელანქოლიის“, „დოგვილის“ ავტორს 21-ე საუკუნის პირველ რეჟისორად ასახელებდნენ. ტრიერთან ინტერვიუს ჩასაწერად კრიტიკოსები ერთი წლით ადრე რიგს იკავებდნენ, მის შესახებ წიგნებს წერდნენ, მას ჰბაძავდნენ, კინოფესტივალები ერთმანეთს მისი ფილმების მოპოვებაში ეჯიბრებოდნენ. თავად ლარს ფონ ტრიერი უპირატესობას კანის ფესტივალს ანიჭებდა, იმ კინოფორუმს, რომლის ჟიურიმ, ლუკ ბესონის თავმჯდომარეობით, 2000 წელს ტრიერი „ოქროს პალმით“ დააჯილდოვა „წყვდიადში მოცეკვავისთვის“ (ფილმმა, რომელსაც ჯონათან ფორმანმა უწოდა „ყველაზე იაფფასიანი სიყალბე კინოს ისტორიაში“, კონკურსი მოუგო ვონგ კარვაის „სასიყვარულო განწყობილებას“ და ნაგიშა ოსიმას „ტაბუს“). ამის შემდეგ კანში ტრიერი ისე გრძნობდა თავს, როგორც საკუთარ სახლში. ყველა მისი ახალი ფილმი საკონკურსო პროგრამის ფავორიტად ითვლებოდა.
2011 წლის ფესტივალზე ჟურნალისტები დარწმუნებული იყვნენ, რომ ტრიერი მეორედ მოიპოვებდა „ოქროს პალმას“ ფილმისთვის „მელანქოლია“, რომლის პრემიერას ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა. მაგრამ დანიელი რეჟისორის პრესკონფერენციამ ყველაფერი შეცვალა. ტრიერმა თავის თავს ხუმრობით „ნაცისტი“ უწოდა და დაუმატა, რომ თანაგრძნობით უყურებს ჰიტლერის მოღვაწეობას... ამ სიტყვების შემდეგ რეჟისორმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში, თუმცა კანის ფესტივალის დირექტორთა საბჭომ ლარს ფონ ტრიერი მაინც პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
სხვათა შორის, კანში ტრიერს პრობლემები შეუქმნა წინა ფილმმაც. მისი „ანტიქრისტე“ ეკუმენურმა ჟიურიმ აღნიშნა „ანტიპრიზით“, როგორც „ყველაზე ქალთმოძულე ფილმი“. ტრიერმა მაშინაც იხუმრა, თქვა, რომ ათეისტია და არ აინტერესებს, როგორ შეაფასებენ მის ფილმს ეკუმენური ორგანიზაციის წევრები. ეს თქვა კაცმა, რომელიც თავს მიიჩნევდა ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური, ღრმად მორწმუნე რეჟისორის, კარლ თეოდორ დრეიერის მოწაფედ.
არ ვიცი, ეკუმენური ჟიურის წევრებს, რომლებმაც ტრიერი მიზოგინად მონათლეს, ნანახი ჰქონდათ თუ არა დანიელი რეჟისორის ერთ-ერთი პირველი ფილმი, სწორედ კარლ თეოდორ დრეიერის განუხორციელებელი სცენარის მიხედვით გადაღებული „მედეა“... და თუ ნანახი ჰქონდათ, როგორ ახსნიდნენ იმას, რომ „ქალთმოძულედ“ შეფასებულმა დანიელმა ხელოვანმა გადაიღო აბსოლუტურად „ფემინისტური ფილმი“, რომელშიც დიდი კარლ თეოდორ დრეიერი გაგვიცოცხლა.
ძალიან საინტერესოა, როგორ შეაფასებს ტრიერის ამ უპრეტენზიო, თუმცა, ცოტა არ იყოს, ზედმეტად ესთეტიზებულ სანახაობას თანამედროვე მაყურებელი, რომელსაც მოსწონს დანიელი რეჟისორის მანიპულაციური, ნარცისული კინოენა. ყოველთვის მიკვირდა, რომ ტრიერის „მედეა“ ნაკლებად იციან საქართველოში. არადა, 1988 წელს გადაღებული ეს ტელეფილმი ერთადერთია, რომელიც ლეგალურად მოიპოვება ინტერნეტში. თუმცა ყველგან ასაკობრივი შეზღუდვით.
უნდა გაგაფრთხილოთ, რომ „კარგი ხარისხით“ ტრიერის ფილმს ვერსად ნახავთ, რადგან გამოსახულება აქ განგებ არის „გათხაპნილი“. როგორც ჩანს, რეჟისორმა თავად მოინდომა სიძველის ეფექტის შექმნა. ლაბორატორიაში დამუშავებული „მარცვლოვანი გამოსახულება“ და შხამიანი კოლორიტი ქმნის გაცვეთილი რეალობის შთაბეჭდილებას. აშკარაა, რომ ტრიერი ცდილობს მიაღწიოს ერთგვარად ფსიქოდელიურ სანახაობას, რომელიც თავის მხრივ მედეას ჯადოქრულ ბუნებას გამოხატავდა. კამერა აქ ხან წყალში ხვდება, ხან ნისლში, ხან სხვადასხვა ქსოვილია „გადაფარებული“. ამ თვალსაზრისით „მედეა“ უკვე ჰგავს ლარს ფონ ტრიერის გვიანდელ ფილმებს - კინოს ყურება იგივე ხდება, რაც „წყვდიადში მოგზაურობა“. დროის აღმნიშვნელი, ყოფის გამომხატველი ყველა დეტალი უარყოფილია იმის ხაზგასასმელადაც, რომ მედეას ისტორიას დრო და ადგილი არა აქვს.
არსებითად ეს განტვირთულობა, მითის ადრეისტორიული თუ ზეისტორიული ბუნების გამოსახატავად, სცენარის ავტორის, კარლ თეოდორ დრეიერის ხელწერაა. კადრის აგებით ხიფათის, მოსალოდნელი ტრაგედიის განცდის შექმნა მაყურებელში ტრიერმა სწორედ დრეიერისგან ისწავლა. მაგრამ ლარს ფონ ტრიერის „მედეა“ დრეიერის ფილმებს მხოლოდ სტილით არ გაგახსენებთ. წამებული ქალი - უსამართლობის, ჩაგვრის პირისპირ, ის თემაა, რომელსაც კარლ თეოდორ დრეიერმა მთელი თავისი შემოქმედება დაუთმო.
ტრიერის ფილმში დრეიერის მიმართ ერთგულება იმაშიც გამოიხატება, რომ მედეას ჯადოქრული ბუნებაა ხაზგასმული (ბალახის შეგროვება და შხამის მომზადება). შეურაცხყოფილი ქალი, ყველაზე სასოწარკვეთილი ნაბიჯის გადადგმამდე, დრეიერის ხატი იყო, რომელიც ტრიერმა კიდევ უფრო ექსპრესიული გახადა. მოტყუებული და ამიტომ განრისხებული ქალი აქ უკვე ამოფრქვეულ ვულკანს ემსგავსება. ფილმში განუწყვეტლივ ხაზგასმულია, რომ მედეა სტიქიის განსახიერებაა და განუყოფელია წყლისგან.
შეიძლება ითქვას, რომ ტრიერს ასე ესმის: თუკი ქალის როლია, შვას სიცოცხლე, მას სიცოცხლის წართმევის როლიც უნდა ჰქონდეს. ზუსტად ეს მოტივი აერთიანებს „მედეას“ ლარს ფონ ტრიერის გვიანდელ ფილმებთან; „მელანქოლიის“ პოსტერი ხომ გახსოვთ? ახალგაზრდა ქალი, გადაღებული ქვედა რაკურსით, რომელიც წყალში წევს... ზუსტად „მედეას“ სახეა. დეპრესია (თუ მელანქოლია) აქ უჩვეულოდ უკავშირდება ქმედებას და ძლიერ ვნებებს.
კირსტენ ოლესენი, დანიელი მსახიობი, რომელიც მედეას განასახიერებს, ცოტათი ლივ ულმანს ჰგავს ტრიერის კიდევ ერთი კერპის, ინგმარ ბერგმანის ფილმში „პერსონა“. სველ ქვიშაში ხელების მსხვილი ხედი, ბავშვებიანი მძიმე ურიკა, რომელსაც მედეა ათრევს... „პერსონაში“ ბერგმანმა გააძლიერა დრეირის ახლო ხედების შოკის მომგვრელი ბუნება. თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, რომ კინოში ოდესმე გამოჩნდებოდა რეჟისორი, რომელსაც ბერგმანის კადრების მომნუსხავი ძალა არ დააკმაყოფილებდა და კიდევ უფრო მეტად რეაქტიულს გახდიდა გამოსახულებას. ამ გაძლიერებას მოითხოვდა დრამატურგია, „მედეას“ შინაარსი. მედეას აქვს ღირსების შეგრძნება, მკაფიოდ გამოხატული პიროვნულობა (რის ჩაკვლასაც ცდილობენ ქალში), თვითშეგნება და, რაც მთავარია, ბედისწერასთან შერკინების სურვილი. ამიტომ, როგორც კი აქ ქალი მოქმედებას იწყებს, მამა-პატრიარქულ საზოგადოებაში პანიკა იწყება. ჩაკეტილ სასახლეს, ხაზგასმულად კლაუსტროფობიური კადრებით, უპირისპირდება მედეას „ღია სივრცე“ და ბუნებასთან თუ სტიქიასთან ისეთი ერთობლიობა, რომ ქალი თავად ხდება ბუნების განსახიერება.
ლარს ფონ ტრიერის ფილმში მედეა ირჩევს თავისუფლებისთვის ტანჯვას და წამებას. ზედა რაკურსი, მიმართულებით ზევიდან ქვევით იასონის გამოხატვაში (ფილმის ფინალში), იასონის ეს „დამცირება“ კინოკამერის საშუალებით ერთგვარი „კინოს შურისძიებაა“ პატრიარქატზე. შესაბამისად, ტრიერის ფილმში ეჭვიანობა, როგორც მკვლელობის მოტივი, საერთოდ აღარაა მნიშვნელოვანი. იასონი არის მოღალატე და ღალატისთვის უნდა დაისაჯოს. მით უმეტეს, რომ იგი „კაცების სამყაროს“ მიეკუთვნება. ამ კონტექსტში შვილების მკვლელობა აღიქმება, როგორც თვითგვემა, საკუთარი თავის დასჯა... უარის თქმით დედობრივ სიყვარულზე და შესაძლებელია დედობაზე, როგორც ვალდებულებაზე, რომელიც ამავე დროს ქალს თავისუფალი არჩევანის საშუალებას არ უტოვებს.
მაყურებლისთვის ამის თქმა ადვილი არაა. მაგრამ ლარს ფონ ტრიერს გამოხატვის თავისუფლების პრობლემა არასდროს ჰქონია. მაშინაც კი, როცა ბოდიშს იხდიდა თავისი სიტყვებისთვის და თავისი აზრებისთვის.
ფილმის ორიგინალური ვერსია ასაკობრივი შეზღუდვით და ინგლისური სუბტიტრებით არის აქ:
ფორუმი