Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერლინი 100 წლის შემდეგ

„არ არსებობს შოუ-ბიზნესის მსგავსი ბიზნესი“ (1954, აშშ. რეჟისორი უოლტერ ლენგი)

მერლინ მონროს დაბადების 100 წლის იუბილეს მსოფლიო აღნიშნავს ეპსტინის ფაილებისა და კონსერვატორთა გაძლიერების ეპოქაში. ერთი შეხედვით, იმ დროში აღარ ვცხოვრობთ, ისევ კერპად რომ ვაქციოთ „სექსუალური რევოლუციის“ ეს ერთ-ერთი სიმბოლო, ქალი, რომელსაც არათუ ეროტიკა მოჰქონდა ეკრანიდან, არამედ თავად იყო ეროსის გამოხატულება. მაგრამ მერლინის ბიოგრაფიას და, რაც მთავარია, მის კინოროლებს თუ გავიხსენებთ, ხელახლა თუ ვნახავთ ფილმებს მისი მონაწილეობით, შეიძლება გაგვიელვოს აზრმა, რომ მერლინ მონროს „ქერა, სულელი გოგო“, სახე, რომელიც ნორმა ჯინისგან (მერლინ მონროს ნამდვილი სახელია) შექმნეს ჰოლივუდის სტუდიებმა, მშვენივრად მოერგებოდა ჩვენს ეპოქას.

უფრო მეტიც, ამ გოგოს ვნახავდით არა მარტო ეკრანზე, არამედ რეალურ ცხოვრებაში, სამთავრობო დაწესებულებებში, ოფისებში, პარლამენტში... მერე რა, რომ პლასტიკური ქირურგიის ბუმის ხანაში თანამედროვე, „დაწინაურებულ“ მერლინ მონროებს, როგორც წესი, სრულიად დაკარგული აქვთ ეროტიკული იდუმალება, სექსუალური ენერგია და უზღვავი ტემპერამენტი? თავის დროზე ნორმა ჯინიც თავიდან არ შექმნეს? თმა შეუღებეს პლატინისფრად, შეიმუშავეს მაკიაჟის სპეციფიკური სტილი (მაღალი კონტური და ნახევრად დახუჭული მზერა), შეუცვალეს სიარულის მანერა, დგომის მანერა და, რაც მთავარია, დაამკვიდრეს ახალი ეკრანული ტიპაჟი სექსუალური ქალისა, რომლის ეროტიკულ მიმზიდველობას მისი გულუბრყვილობა, ბავშვურობა განსაზღვრავს.

„ვიცოდი, რომ პუბლიკას და სამყაროს ვეკუთვნოდი. არა იმიტომ, რომ ნიჭიერი ან ლამაზი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ არასდროს ვყოფილვარ სხვისი საკუთრება“. მერლინ მონროს ამ სიტყვებითაც ჩანს, რომ იგი თავად მონაწილეობდა ახალი იმიჯის შექმნის პროცესში და სრულიად გააზრებული ჰქონდა, რას უკეთებდა საკუთარ თავს. იქნებ ამიტომაც იგრძნობა მის მიერ განხორციელებულ სახეებში ოდნავ შენიღბული თვითირონია, იქნებ ამიტომაც იქმნება უჩვეულო ეფექტი მის საუკეთესო ფილმებში: „ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს“, „ზოგიერთს უფრო მხურვალედ უყვარს“ („ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“), „როგორ გათხოვდე მილიონერზე“ - მერლინის პერსონაჟები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე გარშემომყოფებს ჰგონიათ.

მერლინ მონრო 1954 წ
მერლინ მონრო 1954 წ

რეალურ ცხოვრებაში ის სულ სხვანაირი იყო - ბევრს კითხულობდა, სწავლობდა მსახიობის ოსტატობას ლი სტრასბერგის სტუდიაში, შექმნა დამოუკიდებელი საპროდიუსერო სტუდია, რაც იმ დროის ჰოლივუდში ქალისთვის თითქმის რევოლუციური ნაბიჯი იყო. 1961 წელს გადაღებულ „დაუმორჩილებლებში“, ჯონ ჰიუსტონის ფილმში, რომელსაც არ ჰქონია კომერციული წარმატება, მერლინ მონრომ თავისი ყველაზე სერიოზული როლი შეასრულა - თითქოს პუბლიკას უმტკიცებდა, რომ ეს მისი პირველი ფილმია, რომელშიც ნიღაბი მოიხსნა... უცნაური ისაა, რომ „დაუმორჩილებლების“ პრემიერის შემდეგ მერლინი იტყვის, რომ სძულს ეს როლი. ალბათ იმიტომ, რომ გადაღების პროცესში მას გაუძლიერდა დეპრესია (არტურ მილერთან ახალი განქორწინებული იყო), რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში დამამშვიდებლების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო.

მონროს ყველაზე ცნობილი ბიოგრაფი, დონალდ სპოტო წერს, რომ დეპრესია სწორედ იმ იმიჯში ცხოვრებამ გაუძლიერა, რომელიც მოარგეს თუ თავად მოირგო. „სხვა ქალის“ თამაში დამღლელია, ხოლო როცა საკუთარ სახეს უჩვენებ (როგორც ჰიუსტონის ფილმში) და მაყურებელი არ მიგიღებს, არ მოეწონები, არაფერი გრჩება სასოწარკვეთილი ნაბიჯის გარდა. 36 წლის კინოვარსკვლავის ტრაგიკულმა სიკვდილმა კიდევ უფრო გააძლიერა მისი მითოლოგიზაცია. ოღონდ ამჯერად საინტერესო გახდა არა იმდენად „ქერა თოჯინა“, რამდენადაც მერლინ მონრო ნიღბის გარეშე - ნამდვილი, გაწამებული, დაღლილი; ენდი უორჰოლის პორტრეტებს მოჰყვა მერლინ მონროს უსასრულო რეპროდუქცია რეკლამაში, მოდაში, კინოსა და თეატრში. ახალ თაობებს შეიძლება ნანახი არც კი ჰქონდეთ ფილმები მისი მონაწილეობით, მაგრამ ყველამ იცის თეთრი კაბის სცენა ბილი უაილდერის ფილმში „შვიდი წლისთავზე“.

ქალი უყურებს ენდი უორჰოლის „მერილინ მონროს“, ნიუ-იორკი, 2022 წლის 25 ოქტომბერი
ქალი უყურებს ენდი უორჰოლის „მერილინ მონროს“, ნიუ-იორკი, 2022 წლის 25 ოქტომბერი

უოლტერ ლენგის „არ არსებობს შოუ-ბიზნესის მსგავსი ბიზნესი“ ზუსტად მაშინ გამოვიდა ეკრანებზე, როდესაც მერლინის იმიჯი ჩამოყალიბებული იყო. ამავე დროს, ფილმის პრემიერა მერლინის „პროტესტების ხანას“ ემთხვევა. გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე მონრომ კატეგორიული უარი თქვა მთავარ როლზე ფილმში „ქალი ვარდისფერი საცვლებით“. ჰოლივუდში არანაირად არ აწყობდათ პაუზა კინოვარსკვლავის ბიოგრაფიაში. ამიტომ სასწრაფოდ შესთავაზეს „მეორე პლანის“ როლი ლენგის მიუზიკლში... თუმცა მონრომ მოახერხა და დამწყები მსახიობის, ვიქტორია ჰოფმანის პერსონაჟი ყველაზე ცოცხალი, ყველაზე საინტერესო გახადა ფილმში. მისი გამოჩენისას თითქოს შეიცვალა ეკრანული სივრცე - კამერის მოძრაობა და განათება მერლინის სხეულზე აიგო. მონროს „ვარსკვლავური აურის“ სიძლიერემ აშკარად გამოაცოცხლა მთლიანად ფილმი, რომელიც უფრო მეტად ძველი ჰოლივუდის სანახაობრივ მიუზიკლებს ჰგავს, „ჩადგმული ნომრებით“ და საკონცერტო დრამატურგიის სტრუქტურით. იუტუბზე განთავსებულია ფილმის საუკეთესო ეპიზოდი, რომელშიც მერლინ მონრო ასრულებს სიმღერას „Heat Wave“… დამუშავებულს AI 4K ფორმატში. შეადარეთ ეს ვიდეო ორიგინალს. დიდ განსხვავებას ვერ დაინახავთ.

1954 წელს გადაღებული ფილმი, ერთი მხრივ, სრულიად თანამედროვე კინოდ აღიქმება, თანაც, ეს გაპრიალებული გამოსახულება, კაშკაშა ფერები დისტანციას ქმნის სანახაობასთან, რომლის ცენტრალური ფიგურა, რა თქმა უნდა, მერლინ მონროა, მისთვის დამახასიათებელი სექსუალურობით და, რაც მთავარია, იდუმალებით. კი, რა თქმა უნდა, იგი უფრო გლამურული სანახაობის ნაწილია, ვიდრე რეალისტური პერსონაჟი. მაგრამ რამდენიც არ უნდა ვეძახოთ „თოჯინა“, „ბარბი“, „სათამაშო“ , მერლინი მაინც მოგვხიბლავს. თუნდაც ამ სცენის ნახვა არასდროს მოგვბეზრდება. შეიძლება იმიტომ, რომ ვხვდებით, მერლინ მონრო იმდენადაა სექსუალური, რამდენადაც თამაშობს სექსუალურობას. იგივე დონალდ სპოტო ამ მოვლენას „პერფორმატიულ ქალურობას“ უწოდებს, ანუ მერლინს წარმოგვიდგენს თანამედროვე პოპ-კულტურის ვარსკვლავის, მადონას წინამორბედად.

მერლინ მონროს დაღუპვის შემდეგ „ხაზი“, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავმა აირჩია, ევროპაში გაგრძელდება - ბევრად უფრო რადიკალურად, უფრო თამამად. საფრანგეთს ბრიჯიტ ბარდო მოევლინება, იტალიას სტეფანია სანდრელი, რომელსაც, სხვათა შორის, იმ კვირაში იუბილე აქვს - სტეფანია დაბადების 80 წლისთავს აღნიშნავს.

ფილმის სრული ვერსია.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG