Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრელი კლასიკოსის წინასწარმეტყველება

„პაციფისტი“ მიკლოშ იანჩოსთვის გახდა კომუნისტური უნგრეთის დროებით დატოვების საბაბი და საშუალება.
„პაციფისტი“ მიკლოშ იანჩოსთვის გახდა კომუნისტური უნგრეთის დროებით დატოვების საბაბი და საშუალება.

„პაციფისტი“(იტალია-უნგრეთი. 1970. რეჟისორი მიკლოშ იანჩო)

უნგრელების კვირაა და, აბა, როგორ არ უნდა გაგვეხსენებინა მათი დიდებული კინოკლასიკა, რომელიც ორბანის მმართველობის წლებში სამშობლოშიც კი მიივიწყეს. ბუდაპეშტელი კოლეგები ჩივიან, რომ ეროვნული კინოცენტრი არაფერს აკეთებს იმ ფილმების აღსადგენად, რომლებმაც სახელი გაუთქვეს უნგრულ კინოს მთელ მსოფლიოში. ბუდაპეშტის მაღაზიებში გაგიჭირდებათ, სადმე გადაეყაროთ DVD-დისკებს ზოლტან ფაბრის, მარტა მესაროშის, პეტერ გოტარის, კაროი მაკის და სხვათა ფილმებით... ბელა ტარის თუ იშტვან საბოს რეტროსპექტივებს დღეს გერმანიაში, საფრანგეთში, შეერთებულ შტატებში უფრო ხშირად მართავენ, ვიდრე ამ დიდი ავტორების სამშობლოში.

უნგრეთში განსაკუთრებით დაიჩაგრნენ რეჟისორები, რომლებიც კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგაც აგრძელებდნენ ახალი ხელისუფლების კრიტიკას და ეჭვის თვალით შესცქეროდნენ ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს. 1991 წელს უნგრული და მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ავტორი, მიკლოშ იანჩო იღებს ფილმს „ვალსი ცისფერი დუნაი“, რომელიც მოსკოვის უღლისგან ახლად განთავისუფლებულ ქვეყანაში აღიქვეს როგორც „რეაქციული“, როგორც „კომუნისტური წარსულის ნოსტალგია“. მაშინ, როდესაც ცენზურისგან განთავისუფლებულ უნგრეთში იანჩოს კოლეგებმა ახალი ძალით შეუტიეს ტოტალიტარულ სისტემას, მიკლოშ იანჩომ „ლიბერალური უნგრეთის“ გაშარჟება გაბედა. ფილმის გმირი, პირველ თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული პრემიერ-მინისტრი, მტკიცე ანტიკომუნისტია, მაგრამ საარჩევნო დაპირებები ვერ სრულდება, ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა. „ცისფერი დუნაის“ ავტორს ყველაფერი დაუვიწყეს, რაც მანამდე გააკეთა კინოში და დაასკვნეს, რომ „იანჩო დაბერდა“, იანჩომ „ვერ გაიგო, რა ხდება მის სამშობლოში“.

„ვალსი ცისფერი დუნაი“, რომელიც ორბანის უნგრეთში, ალბათ, მოინათლებოდა, როგორც ფილმი-წინასწარმეტყველება, მეორე მარცხი იყო მიკლოშ იანჩოს შემოქმედებაში. პირველი წარუმატებლობა დიდმა მაესტრომ 1970 წელს იწვნია, როცა შედგა მისი იტალიური ფილმის, „პაციფისტის“ პრემიერა.

იმხანად იანჩო, ბუდაპეშტის კინოსა და თეატრის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ლექტორი, იმდენად ავტორიტეტული ფიგურა იყო უნგრეთის კულტურულ სივრცეში, რომ მოსკოვიც კი ვერ ახერხებდა მის შემოქმედებაში ჩარევას და ცენზურას. შეიძლება იმიტომაც, რომ მანამდე იანჩომ თავად არ თქვა უარი საბჭოთა კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობაზე და გადაიღო უნგრულ-საბჭოთა „ვარსკვლავები და ჯარისკაცები“, რომელიც 1969 წელს საფრანგეთის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო უცხოურ ფილმად აღიარა. იანჩოს ფორმალისტური შედევრი, მისი კინოსთვის დამახასიათებელი უგრძესი, დაუნაწევრებელი კადრებით და „ქორეოგრაფიული მიზანსცენებით“, უჩვენეს პირველ დღეს 1968 წლის კანის ფესტივალისა, რომელიც ცოტა ხანში დაიხურა პარიზში დაწყებული მანიფესტაციების გამო. სწორედ აქ, კანში ნახა „ვარსკვლავები და ჯარისკაცები“ მონიკა ვიტიმ - მიქელანჯელო ანტონიონის მუზამ, რომელმაც მიკლოშ იანჩოს შესთავაზა ახალ პროექტზე მუშაობა.

„პაციფისტი“ მიკლოშ იანჩოსთვის გახდა კომუნისტური უნგრეთის დროებით დატოვების საბაბი და საშუალება. უნგრელი რეჟისორი დასახლდა იტალიაში და პირველად გაუსინჯა გემო დასავლურ კინოწარმოებას, რომელიც მისთვის იმდენად უცხო აღმოჩნდა, რომ ფილმის პრემიერის შემდეგ იტალიელ პროდიუსერებთან დადებული ათწლიანი კონტრაქტის დარღვევასაც კი შეეცადა. პროდიუსერებმა თავიდანვე მოსთხოვეს იანჩოს, უარი ეთქვა „ნელ კინოზე“ (დიახ, სწორედ იანჩო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დღესდღეობით ესოდენ მოდური სტილი დაამკვიდრა) და წარმოედგინა მონიკა ვიტის ერთგვარი ბენეფისი. ამას იანჩო, როგორც ჩანს, დამორჩილდა. თუმცა პუბლიკა სულ სხვანაირ მონიკას იყო მიჩვეული - ანტონიონის ფილმებში და კინოკომედიებში... პოლიტიკური პამფლეტისთვის მონიკა ვიტი სრულიად უცხო აღმოჩნდა. მას მერე, რაც ფილმი გაქირავებაში ჩავარდა (მხოლოდ 3 დღე გავიდა იტალიის ეკრანებზე), იანჩომ და მონიკა ვიტიმ ერთმანეთი დაადანაშაულეს. უნგრელმა რეჟისორმა იტალიური კინოს ვარსკვლავი შეაფასა როგორც „პრეტენზიული არტისტი, რომელსაც არა აქვს კონტექსტის გრძნობა“, მონიკამ კი აღნიშნა, რომ იანჩოს არ უყვარს მსახიობები და ცდილობს „მოგონილი ექსპერიმენტებით გადაფაროს ყველაფერი ცოცხალი“.

„პაციფისტი“ უაღრესად საინტერესოა, როგორც ევროპული საავტორო კინოს და პოლიტიკური თრილერის თანაარსებობის მცდელობა, როგორც ექსპერიმენტი, რომელიც მიკლოშ იანჩოს აუკრძალეს. მაგრამ კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება გამოხატვის ახალი ფორმების ძიებას მიუძღვნა, აკრძალვას როგორ დამორჩილდებოდა?! იანჩო ისევ ცდილობს კინოენა წინასწარმეტყველებისთვის გამოიყენოს და ჰკითხოს მაყურებელს, „როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ხვალ? გადარჩება თუ არა ჩვენი სამყარო?“

მონიკა ვიტის პერსონაჟი, ბარბარა მილანელი ტელეჟურნალისტია, რომელიც იტალიელ მემარცხენეთა ინტერვიუებს, რევოლუციურ სიმღერებს იწერს და აგროვებს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბარბარას შეუყვარდება, ტერორისტული დაჯგუფების წევრი აღმოჩნდება. ახლა უკვე მას დაემუქრებიან, რადგანაც პიერ კლემენტის გმირს ბარბარა შეუყვარდება. პიერ კლემენტი ხომ გახსოვთ? მსახიობი, რომელმაც „პაციფისტამდე“ ერთი წლით ადრე პიერ-პაოლო პაზოლინისთან იმუშავა „საღორეში“, 1974 წელს კი დუშან მაკავეევის „ტკბილ ფილმში“, არც მეტი, არც ნაკლები, „ჯავშნოსანი პოტიომკინის“ მეზღვაური განასახიერა. მაკავეევის „რევოლუციური ეტიუდი“ შეფასდა, როგორც უბადლო, ხულიგნური ირონია ახალგაზრდული ამბოხების მიმართ, რომელიც მთელ მსოფლიოში დამარცხდა... იანჩოს ფილმში ეს ირონია ვერ დაინახეს. არადა, დიდმა მაესტრომ ფაქტობრივად პირველმა იწინასწარმეტყველა ყველაფერი, რაც მოხდებოდა 70-იანი წლების იტალიაში. იანჩომ დაასწრო აქაურ პოლიტიკურ კინოს - ელიო პეტრის, ფრანჩესკო როზის, დამიანო დამიანის. მან იდეალურად გამოხატა შიშის ატმოსფერო, რომელშიც ცხოვრობდა ევროპა გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს. ეს ატმოსფერო აუცილებლად გაგახსენებთ დღევანდელ განწყობილებებს, დღევანდელ შიშებს, ჯალათების მიმართ გაღვიძებულ „სასიყვარულო ვნებას“, მსხვერპლად ყოფნის სიამოვნებას, „სტოკჰოლმის სინდრომის“ პანდემიას... მერე კი საკუთარ თავსაც ჰკითხავთ „რა მოხდება ხვალ? გადარჩება თუ არა სამყარო?“


ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით შეგიძლიათ ნახოთ აქ:


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG