Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტეფანია სანდრელი - ქალი ბოტიჩელის სურათიდან

გოგი გვახარია გვირჩევს ფილმს „შეცდენილი და მიტოვებული“.
გოგი გვახარია გვირჩევს ფილმს „შეცდენილი და მიტოვებული“.

„შეცდენილი და მიტოვებული“(1964, იტალია, რეჟისორი პიეტრო ჯერმი)

რანაირი სახელი არ მოუგონეს იტალიელებმა - „ბოტიჩელის ვენერა“, „ღვთისმშობელი რენესანსის ტილოებიდან“, „იტალიელი მერლინი“ და, უბრალოდ, „ს.ს.“, ინიციალებით, როგორც ყველაზე პოპულარულ არტისტებს იხსენიებენ ხოლმე. პიეტრო ჯერმი, დიდი იტალიელი რეჟისორი, ე.წ. „დრამატული კომედიის“ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი კინოს ისტორიაში, მას ანგელოზებს ადარებდა იტალიელი მხატვრების ტილოებიდან. სხვათა შორის, ჯერმიმ სწორედ ეგ სახელი, „ანჟელა“, შეარქვა სტეფანია სანდრელის ერთ-ერთ პირველ კინოგმირს ფილმში „განქორწინება იტალიურად“. ამ ფილმში სანდრელი 15 წლისაა და ფილმის პრემიერიდან რამდენიმე დღეში პოპულარობით გაუსწრო იტალიური კინოს ვარსკვლავებს. უკვე ამ ფილმში გამოჩნდა ის თვისებები, რომლებმაც მისი სტილი განსაზღვრა: ბუნებრიობა, ირონია, სექსუალობისა და გულუბრყვილობის იშვიათი შერწყმა. მაგრამ მერლინ მონროსგან განსხვავებით, მეტი „ხალხურობა“ და... მერე რა, რომ 5 ივნისს 80 წლის ხდება... ყოველთვის „ახალგაზრდული სტიქიურობა“.

იშვიათია მსახიობი, რომლის ბიოგრაფია თითქმის მთლიანად ემთხვევა ეროვნული კინოს ისტორიას. სტეფანია სანდრელის კარიერა იტალიური კინემატოგრაფის რამდენიმე ეტაპს მოიცავს - „ეკონომიკური სასწაულის“ წლების კომედიებიდან („ვარდისფერი ნეორეალიზმი“), სოციალური დრამებიდან, 70-იანი წლების იტალიური პოლიტიკური კინოდან თანამედროვე „საავტორო ფილმებამდე“. ითამაშა ბერნარდო ბერტოლუჩისთან, „კონფორმისტში“ და „მეოცე საუკუნეში“, ეტორე სკოლასთან, ფილმში „ჩვენ ასე გვიყვარდა ერთმანეთი“ და „ტერასა“...

სტეფანია სანდრელის გმირები ასაკთან ერთად იცვლებოდნენ, მაგრამ მისი ეკრანული ენერგია უცვლელი რჩებოდა. ბევრს უკვირს, მაგალითად, რატომ იწვევდნენ სანდრელის ფილმებში „გულახდილი ეროტიკული სცენებით“ მაშინაც კი, როცა აღარ იყო ახალგაზრდა. ტინტო ბრასის „გასაღებში“ სტეფანია 37 წლისაა, მაგრამ სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლის შემდეგ გაძლიერდა მისი, როგორც სექსსიმბოლოს რეპუტაცია. „გასაღების“ კომერციულმა წარმატებამ დაამტკიცა, რომ იტალიური კინოსთვის ქალის ეკრანული მიმზიდველობა მხოლოდ ახალგაზრდულ ასაკს არ უკავშირდებოდა.

იმ წლებში იტალიური ეროტიკული კინოს ვარსკვლავი, ლაურა ანტონელი, გულდაწყვეტილი იტყვის: „ეროტიკულ კინოში მონაწილეობა ჩემთვის დამღუპველი აღმოჩნდა. სერიოზული რეჟისორები გამირბიან. სტეფანია სანდრელი გამონაკლისია. როგორ ახერხებს ამას, არ ვიცი“.

იმხანად ბევრი მსახიობი თვლიდა, რომ ტინტო ბრასის ფილმებში მონაწილეობა მის პროფესიულ ავტორიტეტს ავნებდა. სტეფანიას რისკი უყვარდა, თუმცა ყოველთვის ზუსტად გრძნობდა იმ ზღვარს, რომლის მიღმა ეროტიკულობა ვულგარულობად იქცევა ხოლმე. ყველაზე თამამ როლებშიც კი ელეგანტურობას და ღირსებას ინარჩუნებდა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ეროტიკულმა კინომ მის კარიერულ აღმასვლას ხელი არ შეუშალა. 1987 წელს სანდრელი ასრულებს თავის ერთ-ერთ საუკეთესო როლს ეტორე სკოლას ფილმში „ოჯახი“, ფაქტობრივად მეოცე საუკუნის იტალიის ისტორიას განასახიერებს. ეტორე სკოლას ამ ფილმით განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ სტეფანია სანდრელის ისტორია არის თავად იტალიური კინოს ისტორია და საერთოდ იტალიელი ქალის ევოლუცია. მისი ადრეული გმირები ტრადიციული საზოგადოების ტყვეობაში არიან. მოგვიანებით კი უკვე საკუთარი არჩევანისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან.

„შეცდენილი და მიტოვებული“ პიეტრო ჯერმის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე სასტიკი ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად „კომედიად“ მოიხსენიებენ, სინამდვილეში, ეს არის სიცილიური პატრიარქალური საზოგადოების დაუნდობელი სატირა.

სტეფანია სანდრელი, რომელიც ამ ფილმში 17-18 წლის იყო, მართლაც ჰგავს ბოტიჩელის ნიჟარაში დახატულ ვენერას. თუმცა მისი გმირი, აგნეზე, მხოლოდ სილამაზის ობიექტი არ არის. ის ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც ოჯახის „ღირსების“ მექანიზმის მსხვერპლი ხდება.

ფილმი ეფუძნება იმდროინდელი იტალიის რეალურ სამართლებრივ და სოციალურ წესებს. არსებობდა „matrimonio riparatore“ — „აღმდგენი ქორწინების“ კანონი: თუ მამაკაცი ქალს ძალადობრივი გზით „შეაცდენდა“ ან გააუპატიურებდა და შემდეგ მასზე დაქორწინდებოდა, დანაშაული პრაქტიკულად გაუქმებულად ითვლებოდა. დღეს ეს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ იტალიაში ასეთი ნორმები მართლაც არსებობდა.

ჯერმი ფილმს ფარსის ფორმით იღებს. წივილ-კივილი, გადაჭარბებული ჟესტიკულაცია, ოჯახური სხდომები, მღვდლები, ნათესავები — ყველაფერი თითქოს სასაცილოა, მაგრამ მწარეცაა. ეკრანზე ნაჩვენები საზოგადოება ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, არჩევანის უფლებას საერთოდ არ უტოვებს.

სტეფანია სანდრელის თამაში ფილმს მართლაც რომ აკეთილშობილებს (თუმცა პრიზი საუკეთესო მსახიობისთვის კანის ფესტივალზე არა სანდრელის, არამედ სარო ურცის გადასცეს - იგი სტეფანიას მამას თამაშობს). აგნეზე ერთდროულად გულუბრყვილოცაა, ჯიუტიც, შეშინებულიც და მეამბოხეც. სწორედ ეს ბუნებრიობა გამოარჩევს სანდრელის ბევრი იმდროინდელი იტალიელი ვარსკვლავისგან. კამერა მუდმივად მის სახეს აკვირდება და ფილმის ემოციური ცენტრი ხდება.

ფილმი ხშირად განიხილება ჯერმის სხვა შედევრთან - “განქორწინება იტალიურად” — ერთად. თუ „განქორწინება იტალიურად“ სიცილიური მორალის აბსურდს მამაკაცის პერსპექტივიდან აჩვენებს, „შეცდენილი და მიტოვებული“ უკვე ქალის მდგომარეობაზეა კონცენტრირებული და ბევრად უფრო აგრესიული და მრისხანე ფილმია. სტეფანია სანდრელის აგნეზე - დიდი შავი თვალებით, ბავშვური იერითა და მოულოდნელი შინაგანი სიმტკიცით - იტალიური კინოს ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი ქალი პერსონაჟია.

დღეს “შეცდენილი და მიტოვებული” შეიძლება ზედმეტად ხმაურიანი ან თეატრალური მოგეჩვენოთ. მაგრამ სწორედ ეს გადაჭარბებული სტილი იყო ჯერმის იარაღი: სიცილი აქ იუმორისთვის კი არა, სოციალური სისასტიკის გამოსავლენად გამოიყენება. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც “შეცდენილი და მიტოვებული” საბჭოთა კინოთეატრებისთვის შეიძინეს, ერთ რუსულ კინოჟურნალში უცხოური ფილმების რეიტინგები გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი მაყურებელი ჯერმის კინოს საქართველოში ჰყავდა. აქ ყოველთვის უკეთ იგებდნენ ამბებს, რომლებიც ოჯახურ ცრურწმენებს, აკვიატებებს და პატრიარქალურ წესებს უკავშირდებოდა. დღესაც ასე არ არის?


ფილმის ორიგინალური ვერსია, ინგლისური სუბტიტრებით.


ფილმის ის ვერსია, რომელიც გავიდა საბჭოთა კავშირში, რუსულ ენაზე.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG