Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოლუნოვის საქმე: კრემლის უკან დახევის იშვიათი შემთხვევა


როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება, საზოგადოების ზეწოლას დაჰყვა, როცა უკან დაიხია და გაათავისუფლა გამომძიებელი ჟურნალისტი, როგორც ჩანს, ვინაიდან მას აშინებს მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება აღვირახსნილი კორუფციისა და ცხოვრების დრონის ვარდნის გამო.

11 ივნისის გადაწყვეტილება, შეწყდეს სისხლის სამართლის გამოძიება ნარკოტიკების გაყიდვაში ეჭვმიტანილი ივან გოლუნოვის მიმართ, იშვიათი დათმობაა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომლის ძალაუფლება დიდწილად შეუვალია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების პირობებში.

გოლუნოვი, ლატვიაში დაფუძნებული, რუსეთზე ორიენტირებული მედიაორგანიზაციის, „მედუზის“ კორესპონდენტი, რომელმაც ფარდა ახადა მოსკოველ ჩინოვნიკთა შორის კორუფციას, გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გაიმართა საპროტესტო გამოსვლები და მასმედიაში ფართოდ გაიჟღერა აღშფოთებამ იმ, კრიტიკოსთა აზრით, შეთითხნილი ბრალდების გამო, რომლითაც გოლუნოვის გაჩუმება სურდათ.

ფეისბუკზე თითქმის 25000-მა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია, რათა 12 ივნისს - ეროვნულ დღესასწაულზე - მოსკოვში არასანქცირებულ მიტინგში მიეღო მონაწილეობა გოლუნოვის გათავისუფლების მოსათხოვად. დაგეგმილი აქცია პოლიციასთან შეტაკებების საფრთხეს შეიცავდა სულ რაღაც ერთი კვირით ადრე მანამდე, სანამ პუტინი ყოველწლიურ გამოსვლაში ტელევიზიით გასცემს პასუხებს მოსახლეობის სატელეფონო შეკითხვებს.

მაგრამ რუსეთის ანალიტიკოსებმა არ დააყოვნეს იმის აღნიშვნა, რომ შინაპატიმრობიდან გოლუნოვის გათავისუფლება სულაც არ ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ კრემლის პოზიციის შერბილებას ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. მანამდე ერთი დღით ადრე ცნობილ აქტივისტს, ლეონიდ ვოლკოვს, ხელისულფებამ 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა დემონსტრაციის ორგანიზებისთვის.

„პრობლემა ისაა, რომ ამ ტიპის წარმატება, როგორიც გოლუნოვის შემთხვევაა, იზოლირებულია. ისინი არ გროვდება და არ იწვევს სისტემის ცვლილებას,“ განუცხადა რადიო თავისუფლებას ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელმა მარია სნეგოვაიამ.
გოლუნოვი უბრალოდ საკმარისად მნიშვნელოვანი არი იყო ხელისუფლებისთვის, რათა ამის გამო მსხვერპლად შეეწირა საკუთარი რეიტინგი, მიიჩნევს რუსეთის სპეციალისტი. მაღალი რანგის ჩინოვნიკებს რომ რეპორტიორი მტრად მიეჩნიათ, მაშინ საპროტესტო გამოსვლები დიდი ალბათობით ვერ უშველიდა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, უთხრა პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ალექსეი მაკარკინმა რუსეთის გაზეთ „ვედომოსტის“.

გოლუნოვის გათავისუფლება ემთხვევა პერიოდს, როცა იზრდება უკმაყოფილება ცხოვრების დონის გაუარესების გამო. ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შეინიშნება, ნაწილობრივ ნავთობის დაბალი ფასებით და დასავლეთის სანქციებითაა განპირობებული.

საზოგადოებაში შიშების ზრდა

შარშან რუსეთში საპენსიო ასაკიც გაიზარდა, რამაც მოსახლეობის ფართო სეგმენტებში გამოიწვია პროტესტი და ზიანი მიაყენა პუტინის პოპულარობას.

პუტინის მმართველობისადმი საზოგადოების ნდობა ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ის ხელისუფლების სათავეშია დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. ამას მეტყველებს მაისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები.

ამავე დროს, „ლევადა ცენტრის“ თანახმად, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი მზადაა, საპროტესტო აქციები გამართოს ცხოვრების უკეთესი დონისა და სამოქალაქო თავისუფლებების მოთხოვნით. ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლები იყო 2018 წლის დამდეგს.

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქ ეკატერინბურგში შეაჩერა პოპულარულ სკვერში მართლმადიდებელი ეკლესიის მშენებლობის გეგმა. ეს მას მერე მოხდა, რაც ასობით ადამიანმა გამართა ქუჩებში საპროტესტო აქციები. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეკლესიისთვის სხვა ადგილს შეარჩევენ.

ანალიტიკოსთა აზრით, გოლუნოვის გათავისუფლება ერთგვარად ორთქლის გამოშვების ეფექტს იქონიებს საზოგადოებაში, ისევე, როგორც ეკატერინბურგის ეკლესიის მშენებლობის გადატანა.

„კრემლი შეშფოთებულია საზოგადოებაში მზარდი შიშების, რეალური შემოსავლის ვარდნის და ხალხის უკმაყოფილების გამო. გოლუნოვსა და ეკატერინბურგზე გადაწყვეტილებები იმის მაგალითებია, თუ როგორ ცდილობს კრემლი ამ პროტესტის მართვას,“ ამბობს სნეგოვაია.

კრემლს სურდა, გოლუნოვის საქმე დაესრულებინა 20 ივნისამდე, როცა პუტინი მართავს თავის ყოველწლიურ პროგრამას, რომელშიც ის უპასუხებს მოქალაქეების - ხშირად დადგმულ.

„საზოგადოებრივი უკმაყოფილების ტემპერატურა უნდა დაწიონ“ გადაცემამდე, იტყობინება რუსული მედია პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით.

სოლიდარობის გამახატულება

გოლუნოვის დაპატიმრება, რომელიც, ბევრის აზრით, შეთითხნილი ბრალდებით ჟურნალისტის 20 წლით ციხეში გამოკეტვას ითვალისწინებდა, შესაძლოა რუსეთის ბევრი მოქალაქის რისხვა გამოეწვია.
როგორც „კომსომოლსკაია პრავდა“ იტყობინება, რუსეთში პატიმართა ერთ მესამედზე მეტი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებითაა გასამართლებული. რუსეთის პარლამენტში იგეგმება ახალი კანონპროექტის ინიცირება, რომელიც შეარბილებდა ნარკოტიკების ფლობისთვის სასჯელს.

„ეს [გოლუნოვის დაპატიმრება] ყველას ეხება, ყველა შეიძლება მსგავს ვითარებაში აღმოჩნდეს,“ თქვა პოპულარულმა რუსმა ბლოგერმა ილია ვარლამოვმა 10 ივნისს მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, დღესდღეობით პოლიციისთვის იოლია ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ კანონების გამოყენება, თუკი ვინმეს ციხეში ჩასმა სურთ.
ჩეჩენი ადამიანი უფლებების დამცველი ოიუბ ტიტიევი 2018 წელს დააპატიმრეს მარიხუანის ფლობის ბრალდებით. როგორც თავად ამბობს, ნარკოტიკი მას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაუდეს. როცა გოლუნოვის თაობაზე საპროტესტო ტალღა აზვირთდა, რუსეთის ხელისუფლებამ 10 ივნისს გამოაცხადა, რომ ოიუბოვს ვადამდე გაათავისუფლებენ კოლონიიდან.

გოლუნოვის გათავისუფლებას ხელი შეუწყო რუს ჟურნალისტებს შორის სოლიდარობამ. „ვედომოსტი“, „კომერსანტი“, „ერბეკა“ - ქვეყნის სამ წამყვან გაზეთს ორშაბათს თითქმის ერთნაირი მთავარი გვერდი ჰქონდა წარწერით: „მე ვარ/ჩვენ ვართ გოლუნოვი“. ისინი გამოვიდნენ ჟურნალისტის გათავისუფლების და მისი დამკავებლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოწოდებით.

ასეთი სოლიდარობის დემონსტრირება არ მოჰყოლია რუსეთის დამოუკიდებელ მედიაზე ადრე განხორციელებულ არცერთ თავდასხმას, ამბობს ლონდონის კინგს კოლეჯის რუსეთის ინსტიტუტის დირექტორი სემ გრინი.

„რუსეთში ჟურნალისტები ხშირად ჩიოდნენ ხოლმე ერთიანობის დეფიციტზე - [გილდიაზე], რომელიც მიიჩნევს, რომ როცა სახელმწიფო ერთის წინააღმდეგ ილაშქრებს, ის ილაშქრებს ყველას წინააღმდეგ. გადაჭარბება იქნებოდა იმის თქმა, რომ ვითარება შეიცვალა. მაგრამ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ის იცვლება“, მიაჩნია გრინს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG