Accessibility links

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის შესასვლელთან საპოლიციო კონტროლი ისევ გამკაცრებული რჩება. რამდენიმე დღეა, სოფელში ეპიდემიოლოგების არაერთი ბრიგადა მუშაობს და თითქმის მთელი სოფლის მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. დღეს ეგრეთ წოდებული ქიწნისის ქორწილის კლასტერიდან კიდევ ორ ადამიანს დაუფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირება, ერთი კი ცხელების ცენტრის პაციენტია. ის ქიწნისელებიც კი, ვინც 5 სექტემბრის საღამოს ქორწილში არ ყოფილა, თავად აკითხავენ ეპიდემიოლოგებს და ტესტს იკეთებენ.

სოფელ ქიწნისში გორის მერის წარმომადგენელი მოგელი ქობლიანიძე ამბობს, რომ მოსახლეობას გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ და ხელისუფლების წარმომადგენლები მათი საჭიროების მიხედვით მოქმედებენ.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი აცხადებს, რომ რეგიონში საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, საპოლიციო კონტროლი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა საეჭვო კონტაქტი სრულად არ იქნება გამოკვლეული.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარი გიუნაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოქალაქეების მოდუნებით და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობით არის გამოწვეული.

გორში, ერთ-ერთ რესტორანში, 5 სექტემბერს ქორწილი იყო. სიძე კახეთიდან, სოფელ მატნიდან, ჩამოვიდა. ქართლ-კახური ქორწილის შემდეგ კი სოფელ ქიწნისში კოვიდ-19-ის უკვე 12 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG