Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს


„ჩვენ თანახმა ვართ გერმანულ მოდელზე და არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით იმას, რომ საქართველოში ბოგინებდნენ ფეოდალები, რომელსაც მაჟორიტარებს ეძახიან და ეს არაფერია თუ არა ხელისუფლების დამრტყმელი ძალა“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ 20 დეკემბერს, საარჩევნო საკითხებზე, ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყების წინ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, მას ოპტიმისტური მოლოდინი არა აქვს, რადგან ხელისუფლება უბრალოდ ცდილობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თვალში გამოჩნდეს კონსტრუქციულ ძალად და ამ გზით შეინარჩუნოს ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა.

„ხელისუფლება ცდილობს არჩევნებში მიიღონ ისეთი შედეგი, რაც მათ შეუნარჩუნებს ხელისუფლებას, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია. თუ ჩვენ არ მოვნახეთ საშუალება ჩავატაროთ ნორმალური, დასავლური სტანდარტების შესაბამისი არჩევნები, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია. ეს რეპურტაცია აღარ არის ის, რაც 2 წლის წინ იყო. საქართველოს ყველა სკეპტიკურად უყურებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

20 დეკემბრის შეხვედრაზე დაგეგმილია მმართველი გუნდის ინიციატივის წარდგენა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია საარჩევნო სისტემის რა მოდელზეა საუბარი.

ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა აქამდე წარდგენილი პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას, როგორც ე.წ. „გერმანული“, ისე მრავალმანდატიანი საარჩევნო მოდელით.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მღელვარებამ ქუჩაში გადაინაცვლა. დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით საარჩევნო სისტემის საკითხზე მხარეთა შორის მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG