Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბინძურებული მდინარე და ქვეწარმავლები საბავშვო ბაღში


ქუთაისში მდინარე ორასკურის დაბინძურება ქალაქის მოსახლეობის ნაწილს საფრთხეს უქმნის. ახლომდებარე დასახლებებთან მდინარის მიერ ჩამოტანილ ხესა და სხვა ნარჩენებთან ერთად მრავლად ყრია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგავიც. სწორედ მდინარის კალაპოტის დაბინძურებას უკავშირებენ ქუთაისის მე-17 საბავშვო ბაღში ქვეწარმავლების გამოჩენას აღსაზრდელთა მშობლები და ახლომდებარე კორპუსებში მცხოვრებნი, რადგან საბავშვო ბაღის ღობე მდინარის კალაპოტს ესაზღვრება.

მდინარე ორასკურა ჭონქაძის ქუჩიდან მიედინება ბუხაიძისა და ავტოქარხნის დასახლებების რამდენიმე ქუჩაზე. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ კოორდინატორის თემურ კეპულაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მდინარე წყალუხვობით არ გამოირჩევა, წყლის მიერ გაჭრილი კალაპოტის ნარჩენებით დავიწროება საფრთხეს ქმნის და დაუშვებელია.

ეკოლოგი თემურ კეპულაძე მდინარის წყლისა და კალაპოტის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედებას. ქუთაისის საკრებულოში ქალაქის გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შენგელიას ინფორმაციით, გამოცხადებულია ტენდერი პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მდინარის კალაპოტისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას.

მდინარე ორასკურის კალაპოტის მახლობლად მდებარე მე-17 საბავშვო ბაღში ქვეწარმავლის აღმოჩენის გამო სასწავლო პროცესი გაურკვეველი დროით შეჩერდა. დაწესებულების ეზოში ქვეწარმავლები პირველად რამდენიმე ხნის წინ აღმოაჩინეს და სადეზინფექციო სამსახურმა ტერიტორია შეწამლა. მიუხედავად ამისა, როგორც ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ამბობს, ორი დღის წინ ქვეწარმავალი საკლასო ოთახში იპოვეს.

ქუთაისის სადეზინფექციო სამსახურის ხელმძღვანელის რუსუდან ხაჭაპურიძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის ეზო და სარდაფი განმეორებით შეიწამლება და სამსახურის წარმომადგენლები შენობას დააკვირდებიან.

ქუთაისში სულ ოთხი მდინარე ჩამოედინება: რიონი, წყალწითელა, ორასკურა და რუა. გარემოს ეროვნული სააგენტოს შარშანდელ ანგარიშში რიონი და ორასკურა მოხვდნენ საქართველოში ეკოლოგიურად დაბინძურებულ მდინარეებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG