Accessibility links

site logo site logo

დაბრუნება საერთაშორისო დღის წესრიგში - საქართველოს შუამავლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის


როგორ შეიძლება შევაფასოთ საქართველოს წარმატებული შუამავლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის - როგორც თბილისის დამოუკიდებელი ინიციატივა, თუ საერთაშორისო პარტნიორების მცდელობა, დააბრუნონ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში?

საქართველოს, აშშ-ისა და ევროკავშირის შუამავლობის შედეგად 12 ივნისს აზერბაიჯანის მთავრობამ გაათავისუფლა ომის დროს დატყვევებული სომხეთის 15 მოქალაქე, რომლებიც სამშობლოში საქართველოს ტერიტორიის გავლით დაბრუნდნენ. თავის მხრივ, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა აღდამის რაიონში დაფლული 97 ათასი ნაღმის განთავსების სქემა. აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებმა აღნიშნეს, რომ „ტყვეების გაცვლით“ დასრულებული წარმატებული ჰუმანიტარული პროცესი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, მისი თანაშემწის, ფილიპ რიკერის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა, და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ძალისხმევის შედეგია.

ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ 12 ივნისის „გაცვლას“ წინ უძღოდა მოლაპარაკების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული სატელეფონო საუბრებითა და პირისპირ შეხვედრებით:

„საქართველომ ძალიან აქტიური როლი შეასრულა. პირადად ვიყავი ჩართული 24-საათიან რეჟიმში, ორივე ქვეყნის ლიდერთან მქონდა სატელეფონო საუბრები, მანამდე პირადი შეხვედრები და, რა თქმა უნდა, ვიყავით მჭიდრო კონტაქტში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ეს ძალისხმევა დასრულდა კონკრეტული შედეგით. ასევე ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ ამ პროცესში საქართველომ კვლავ შეასრულოს შუამავლის, მედიატორის როლი. ჩემი სრული მზადყოფნა დავუდასტურე პირადად ორი ქვეყნის ლიდერებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება რეგიონში საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევით“.

ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი ერევანში. 21 მაისი, 2021
ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი ერევანში. 21 მაისი, 2021

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, თქმით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ მკაფიოდ გამოკვეთა ქვეყნის როლი და ფუნქცია უსაფრთხოების როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ სისტემაში, რაც, საქართველოს ხელისუფლებების მრავალწლიანი ძალისხმევის მიუხედავად, არასოდეს ყოფილა ასეთი მკაფიო.

„საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, 30 წელია, დიპლომატიურ სამსახურში ვარ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დღიდან. ყველა ხელისუფლება ცდილობდა მედიატორის როლი შეესრულებინა და რეგიონში მშვიდობისმყოფელის ფუნქცია მიეღო, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ ყოფილა. პირველად დადგა ეს შედეგი, რაც უპრეცედენტო რამ არის. ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვებაა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ფასილიტაციის პროცესში ჩართული ქვეყნების ლიდერები ინფორმაციას თბილისიდან იღებდნენ.

„საქართველოს მედიაციის ხილვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ძალიან პოზიტიური ამბავია. ამას ვახერხებდით 1919-1920 წლებში. იმედია, პრეცედენტს პრეცედენტი მიემატება და ტრადიცია განახლდება“, - ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ, რომლის თქმითაც, საკითხის გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, საფიქრებელია, რომ საქართველოს მთავრობის შუამავლობა ნებისმიერი ლიდერის პირობებში მსგავსი წარმატებით დასრულდებოდა.

საქართველო - პროცესის შემქმნელი?

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელიც ამბობს, რომ უთუოდ დასაფასებელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის როლი ამ პროცესში, თუმცა იქვე შენიშნავს:

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის შემქმნელი, ინიციატორი ჩვენ არ ვართ. მერე როგორ გადანაწილდა როლები, ცხადია, არ ვიცი, თუმცა, როგორც უნდა იყოს, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვიყავით პროცესის მონაწილე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ეს არ იქნება ერთჯერადი გაელვება და კვლავ გაგრძელდება ძალისხმევა რეგიონში ჩვენი ფუნქციისა და მნიშვნელობის ზრდისთვის“.

თინათინ ხიდაშელის თქმით, საქართველოს ჩართვა მსგავს პროცესებში უნდა აღვიქვათ როგორც სტრატეგიული პარტნიორების მორიგი მცდელობა, გააქტიურდეს საქართველო საგარეო ფრონტზე.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

„ყველაფერს აკეთებენ ჩვენი პარტნიორები იმისათვის, რომ დაგვაბრუნონ საერთაშორისო დღის წესრიგში, დაგვაბრუნონ იმ ქვეყნების რიგში, რომლებსაც სარგებლის მოტანა შეუძლიათ საერთაშორისო მშვიდობისთვის. ძალიან ბევრი საუბარი იყო ომის ცხელი ფაზის დროს საქართველოს როლზე, მაგრამ მაშინ ჩვენ რაღაც გაუგებარი პოზიციონირება გვქონდა. როგორც ჩანს, ახლა ჩათვალეს, რომ დადგა ის მომენტი, როცა შეიძლება გააქტიურებისთვის ბიძგის მიცემა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს როლითა და ძალისხმევით კმაყოფილია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოსა და მის მთავრობას პროცესში შეტანილი წვლილის გამო.

კელი დეგნანი და ირაკლი ღარიბაშვილი
კელი დეგნანი და ირაკლი ღარიბაშვილი

„ეს არის მაგალითი იმისა, რა შეიძლება გაკეთდეს, როცა სამი ქვეყანა ერთად მუშაობს რეგიონის სტაბილურობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს რეგიონის კეთილდღეობასაც“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ვის ახსოვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ საქართველოს მონაწილეობა 12 ივნისის აქტით დასრულებულ პროცესში პირდაპირ ეხმიანება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების 2011 წლის კონცეფციას:

თეონა აქუბარდია
თეონა აქუბარდია

„კონცეფციაში წერია, რომ ჩვენი ინტერესია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა. საქართველოს ბუნებრივადაც ჰქონდა ეს როლი, რომელიც ბოლო დროს საგრძნობლად იყო შესუსტებული. ნიშანდობლივია, რომ სწორედ აშშ-ის ჩართულობით და საქართველოს შუამავლობით მოხდა ამ ჰუმანური აქტის განხორციელება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ საქართველო არის დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენი ქვეყანა, მათ შორის, მშვიდობისა და სტაბილურობის კუთხით. ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორების ინიციატივაა, საქართველომ გამოიყენოს თავისი ბუნებრივი ადგილი და ტრადიციული როლი მშვიდობისა და სტაბილურობის პროცესში დადებითი წვლილის შესატანად“.

„დასავლეთს სჭირდება საქართველო“

„ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის მაგალითი“, - ამბობს „რონდელის ფონდის" მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მიერ გაწეულ ერთობლივ ძალისხმევაზე:

ზურაბ ბატიაშვილი
ზურაბ ბატიაშვილი

„რაც უნდა მოიწადინოს აშშ-მა, მას სჭირდება დასაყრდენი რეგიონში და ეს დასაყრდენი საქართველოა. დასავლეთს ძალიან საყვედურობდნენ, განსაკუთრებით ყარაბაღის ომის მსვლელობისას და შემდეგ, რომ არ იყო აქტიური თუნდაც მორიგებასა და სამშვიდობო პროცესში. 12 ივნისი იყო ერთგვარი პასუხი, რომ დასავლეთი ჩართულია რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში და რომ მისთვის სულერთი არ არის, რა მოხდება კავკასიაში, რომ საქართველო არის მისი მთავარი დასაყრდენი რეგიონში. ვფიქრობ, ამის მორიგი ხაზგასმა იყო ტყვეების გათავისუფლების ამბავში საქართველოს ჩართვა და მონაწილეობა“.

როგორც ზურაბ ბატიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მნიშვნელოვანია თბილისმა გააგრძელოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად წარმატებით დაწყებული შუამავლის როლის შესრულება.

სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი
სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ რჩება ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებს, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, - მაგალითად, ანკლავების თემა: დე იურე აზერბაიჯანის სამი ანკლავი მდებარეობს სომხეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც ერთი სომხური ანკლავი მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს საკითხი ელოდება გადაწყვეტას და, შესაბამისად, შეთანხმებას. ასევე დღის წესრიგში რჩება ჰუმანიტარული საკითხები, ტყვეების გაცვლა, რომელიც არ დასრულებულა ამ ერთი შემთხვევით... ასე რომ, არის მთელი რიგი საკითხებისა, რომლებშიც საჭიროა შუამავლობა. და თუ საქართველო და აშშ ითანამშრომლებენ, ეს ძალიან კარგი იქნება საქართველოს პრესტიჟისთვის, მისი როლის წამოწევისთვის, ასევე კარგი იქნება დასავლეთისთვის იმის საჩვენებლად, რომ მისთვის სულერთი არ არის, რა მოხდება კავკასიაში და რომ ამ რეგიონში საქართველო მისი მთავარი მოკავშირეა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG