Accessibility links

დაგიცავს თუ არა აცრის კვალი მკლავზე კორონავირუსისგან?


ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის, ბცჟ (BCG)-ს გამოცდა დაიწყეს იმ სამედიცინო პერსონალზე, რომლებსაც შეხება აქვთ კორონავირუსით ინფიცირებულებთან.

საცდელი ვაქცინაციის მიზანია გაირკვეს, ხომ არ დაიცავს ბცჟ-ს აცრა ექიმებს ინფიცირებისაგან. გამოკვლევას სათავეში უდგას მელბურნში მდებარე ბავშვთა კვლევის ინსტიტუტის, ინფექციური დაავადებების განყოფილების უფროსი, ნაიჯელ კერტისი. მისი სიტყვებით, რომელიც 30 მარტს გამოცემა „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა, „ვაქცინას შეუძლია იმუნური სისტემის გაძლიერება, რაც, თავის მხრივ, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციისგან, ვირუსისგან და ბაქტერიისგან... ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, რომ არ ვთვლიდეთ, რომ შესაძლოა, შედეგი გვქონდეს. გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ შედეგი გვექნება და რა თქმა უნდა, ამის გარკვევის ერთადერთი გზა, მხოლოდ გამოცდაა“.

დღეიდან, ანუ, 30 მარტიდან, 6 თვის განმავლობაში, ამ გამოკვლევაში მონაწილეობას მიიღებს ავსტრალიის 4000-მდე მოხალისე სამედიცინო პერსონალი. მათ ნაწილს მხოლოდ სეზონურ გრიპზე აცრიან, ნაწილს - სეზონურ გრიპსა და ტუბერკულოზზე. „ბლუმბერგის“ თანახმად, ანალოგიური გამოკვლევა ტარდება ჰოლანდიასა და ბოსტონში.

კალმენტისა და გერენის ბაცილის ანუ ბცჟ (BCG)-ს ვაქცინაცია თითქმის ასი წელია გამოიყენება ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ. ვაქცინა დამზადებულია ხარის ტუბერკულოზის ბაქტერიიდან და არის ე.წ. დასუსტებული, ცოცხალი ვაქცინა.

ამ, საკმაოდ იაფფასიანი ვაქცინით, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 130 მილიონი ახალშობილი იცრება. ის საქართველოში სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ზის. კალენდრის თანახმად, აცრა 0-დან 5 დღემდე პერიოდში, სამშობიაროშივე კეთდება. ინექცია ძირითადად კეთდება მარცხენა მხრის ზედა მესამედის გარე ზედაპირზე. ვაქცინაციის ადგილზე, საბოლოოდ ყალიბდება მცირე ნაწიბური. ვაქცინა არ უკეთდება იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვს.

აღსანიშნავია, რომ 1986 წლამდე დაბადებულ ადამიანებს, შესაძლოა, ჰქონდეთ ორი ნაწიბური. ერთი ე.წ. ყვავილის, ხოლო მეორე ბცჟ-ს ვაქცინაციის.

დაგიცავს თუ არა პატარა ნაწიბური მკლავზე კორონავირუსისგან?

არა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჯერ არ არის გამოკვლეული ბცჟ-ს ეფექტიანობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. და მეორეც, იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის თქმით, აცრა, რომელიც ახალშობილებს უკეთდებათ, არ ტოვებს იმუნიტეტს სიცოცხლის ბოლომდე:

„ვაქცინა არ იცავს ადამიანს ტუბერკულოზის ჩვეულებრივი ფორმისგან, როგორიცაა, მაგალითად, ტუბერკულოზის ფილტვისმიერი ფორმა, ძვლის, ან თირკმლის. ეს ვაქცინა ადამიანს იცავს მხოლოდ სისტემური ტუბერკულოზისგან, ანუ ტუბერკულუზორი მენინგიტისგან, მენინგოენცეფალიტისგან, ანუ ნერვული სისტემის ტუბერკულოზისგან. ეს დაავადება კი ყველაზე საშიშია სწორედ ბავშვთა ასაკშია. ფაქტობრივად, ეს ვაქცინა ტუბერკულოზისგან კი არ გვიცავს, არამედ ძირითადად იცავს ბავშვთა პოპულაციას, გენერალიზებული, ანუ სისტემური ტუბერკულოზისგან. შესაბამისად, დროთა განმავლობაში, ასაკთან ერთად, იმუნიტეტის სტიმულირება და ვაქცინის სიძლიერე მცირდება“.

რეალურია თუ არა, რომ ბცჟ-ს ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ იმუშაოს?

„ეს არ არის მოკლებული რაციონალურ აზრს. რეალურად, BCG აძლიერებს იმუნურ პასუხს და რეალისტურია, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღოს“, - ამბობს გიორგი კამკამიძე. მისი თქმით, ცხადია, ამ ეტაპზე, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა ვერ მოხერხდება, თუმცა, არსებობს გარკვეული დაკვირვებები, რომლებიც შესაძლოა არ იყოს აზრს მოკლებული:

„ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში, ეს ვაქცინა დიდი ხანია აღარ გამოიყენება იმის გამო, რომ იქ ტუბერკულოზის საკმაოდ დაბალი გავრცელებაა. განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, პოსტ საბჭოთა ქვეყნებში კი ეს პრეპარატი კვლავ ფართო მოხმარებაშია. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ რაც უფრო მაღალია ასაკი, მით უფრო მაღალია დაინფიცირების პროცენტიც და დაავადების მძიმე მიმდინარეობაც. გარდა ამისა, განვითარებად ქვეყნებში, სადაც ეს აცრა კვლავ აქტიურად ტარდება, თითქოს, უფრო ნაკლები გავრცელება აქვს ვირუსს, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში (თუმცა, ამას ჯერ კიდევ კვლევა სჭირდება). მაგალითად, ამერიკაში, საკმაოდ მაღალია ახალგაზრდა ასაკში ინფიცირების შემთხვევები დანარჩენ სამყაროსთან შედარებით. ამიტომ წარმოიშვა ასეთი იდეა, მოდით, ეს ვაქცინა კვლავ შევიყვანოთ ადამიანებში, რათა მან გამოიწვიოს უჯრედული გააქტიურება. ანუ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ძველი იმუნიტეტი დაგვიცავს, არამედ, ლაპარაკია იმაზე, რომ აქტიურად შევიყვანოთ ვაქცინა და გავარკვიოთ, ხომ არ განაპირობებს ის იმუნიტეტის ისეთ გაძლიერებას, რომ დაგვიცავს ინფიცირებისგან. ძალიან კარგი იქნება, თუკი, ეს ვარაუდი დადასტურდება“.

შესაძლოა თუ არა დაიწყოს ბცჟ-ს ვაქცინაციის პროცესი?

გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ თუკი ამ თეორიამ პოზიტიური განვითარება ჰპოვა, ცხადია, ასეთ შემთხვევაში, ვაქცინა გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ ნებისმიერ ასაკში:

„ასაკთან ერთად იმუნიტეტის სტიმულირება სხვადასხვანაირია, თუმცა, ნებისმიერ ასაკში შესაძლოა იმუნიტეტის გარკვეული აქტივაცია და ეს შესაძლოა იყოს ისეთი ძალის, რომ მოახდინოს ვირუსის ადრეულ ეტაპზე განეიტრალება, რათა არ წავიდეს მძიმე ფორმით. თუმცა, ამჟამად ფიქრობენ, რომ ეს არის უფრო პრევენციული, პროფილაქტიკური ვაქცინა და არა სამკურნალო. სრულყოფილი კვლევაა საჭირო, რათა ვნახოთ, აქვს თუ არა ამ ვაქცინას ორივე ეფექტი - პრევენციულიც და სამკურნალოც. თუკი ეს დადასტურდა, ძალიან კარგი პერსპექტივა იქნება. გარდა ამისა, ვაქცინა საკმაოდ იაფფასიანია“.

როდის შეიძლება ვიხილოთ გამოკვლევის შედეგები?

გამოკვლევის ვადები და შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი და რა ტიპის რისკის მქონე ადამიანი ჩაერთვება პროცესში. სტატისტიკის დამუშავებას, მინიმუმ 2-3 თვე დასჭირდება. ტრადიციულად, ამგვარ გამოკვლევებში ექიმები ერთვებიან ხოლმე, ანუ ის ადამიანები, ვინც ყველაზე უფრო ახლო კონტაქტში არიან ინფიცირებულებთან.

რა უკუჩვენებები აქვს ბცჟ-ს აცრას?

გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ სანამ არ იქნება პირველადი შედეგების პასუხები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ვაქცინაციის თვითნებურად დაწყება. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს ვაქცინა ტუბერკულოზის წინააღმდეგ პრობლემებს ქმნის იმუნიდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც უტარდებათ იმუნური სისტემის დათრგუნვის პროცედურები, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების მკურნალობის დროს.

ამ დროისათვის, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. სხვადასხვა გათვლით, ვაქცინის შექმნას, სავარაუდოდ, წელიწადზე მეტი დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG