Accessibility links

დაისამდე თუ აისამდე? როგორ გვცვლის კორონავირუსი


როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს? - ამ თემაზე პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი და კულტუროლოგი ზაალ ანდრონიკაშვილი მსჯელობენ.

ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა იქნება, ჯერ იმასაც ვერ ვხდებით, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. რომელიღაც რომანის პერსონაჟი მგონია თავი, კამიუს „ჭირის“ მსგავსის. პირველად აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში. ლაპარაკი იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჩემთვის გასაგებია, თავადაც ასეთი განწყობა მაქვს, მაგრამ გაუგებარია, როგორ მოხდება ეს.

უცნაურია იმის ყურება, როგორ თვალსა და ხელშუა იცლება ეს ქვეყანა. საქართველომ ახალი კუთხით წარმოაჩინა თავი. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ქართველები ძალიან ფრთხილი ხალხია, მაგრამ რეალურად ამას პირველად ვხედავ. საკუთარ ქვეყანას ვეღარ ვცნობ.

ვადიმ დუბნოვი: ბევრი ნიშნის მოგებით აღნიშნავს, რომ ევროპამ ვერ შეინარჩუნა ის ღირებულებები, რომლისკენაც მიილტვოდა, რომ მისი ყველა მიღწევა - გლობალიზაცია, ტოლერანტობა და ასე შემდეგ - ამ შიშმა ჩამოშალა. მართლა ვკარგავთ რამეს?

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი: ჯერ ვერ ვიტყვით, რას ვკარგავთ, რადგან ყველაფერი წინაა. ჩვენ ჯერ კიდევ ვიპოვით ერთმანეთს და დავეხმარებით ერთმანეთს. ამაში დარწმუნებული ვარ. ახლა აჩვენებს ცხოვრება, ვის რა უპირატესობა აქვს. ზოგი ამბობს, რომ ჩინეთი ვირუსს მოერია, რადგან ავტორიტარული ქვეყანაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორედ ავტორიტარიზმის გამო მალავდა ჩინეთი ამ საშინელ საიდუმლოს და არ მოგვცა საშუალება, მოვმზადებულიყავით. ახლა გაირკვევა, რომელი სისტემა არის უკეთესი: ღია, ჩაკეტილი, დემოკრატიული თუ - პირიქით.

დარწმუნებული ვარ, ევროპა და, საერთოდ, თავისუფალი სამყარო უკეთ გაუმკლავდება დროის ამ გამოწვევას. მჯერა, რომ ახლა კაცობრიობას აქვს შანსი, საკუთარი თავი უკეთესი კუთხით წარმოაჩინოს. ახლა სხვა სარკმელი იხსნება. ძალიან საინტერესოა ის, რაც ეკლესიაში ხდება. ისინი ცდილობდნენ ყველასთვის დაემტკიცებინათ, რომ რწმენა ვირუსს მოერეოდა, მაგრამ შემდეგ უცებ დანებდნენ და ნორმალურები გახდნენ იმ კუთხით, რომ გაიგეს, რწმენა არ უშველის.

ძალიან საინტერესო დროა - დრო დაისამდე თუ აისამდე, რთული სათქმელია, მაგრამ რაღაცნაირი ეგზისტენციალური და მნიშვნელოვანი. მგონია, ახლა ბევრი ისეთი საკითხი წყდება, რომელსაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდით. მიხარია კიდეც, რომ ამას მოვესწარი.

ზაალ ანდრონიკაშვილი
ზაალ ანდრონიკაშვილი

ზაალ ანდრონიკაშვილი: საინტერესო იყო ის, რაც ამ ვირუსმა პირველ დღეებში გამოაჩინა. ევროპულ სახელმწიფოებს ნაციონალური სახელმწიფოების რეაქცია ჰქონდათ - საზღვრები ჩაკეტეს. გერმანია იტალიაში სამედიცინო აპარატურას არ გზავნიდა და ასე შემდეგ. ეს მე-19 საუკუნის რეფლექსი იყო. მაგრამ ახლა ევროპული სული თანდათან იღვიძებს. გაიაზრეს, რომ ამ მასშტაბის პრობლემას ერთი რომელიმე სახელმწიფოს საზღვრებში ვერ მოაგვარებენ. ვფიქრობ, ამაში არის გარკვეული პოტენციალი, სხვა - შესაძლოა უფრო სამართლიანი - სამყაროს ასაშენებლად.

ვადიმ დუბნოვი: ფიქრობთ, რომ ეს კრიზისი, გარკვეულწილად, საზოგადოების გადატვირთვაა?

ზაალ ანდრონიკაშვილი: ვფიქრობ, კრიზისი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ რაღაც საკითხები გადაიხედება.

ლევან ბერძენიშვილი: ვფიქრობ, იქნება ცვლილებები. ახლა საფრანგეთი და აშშ ძალიან დიდ ფულს გამოყოფენ მათთვის, ვინც უმუშევარი რჩება. ეს არცთუ სწორი გადაწყვეტილება შესაძლოა მსოფლიოს მომავალი მოწყობის სახედ იქცეს, ანუ გახდეს იმ მომავლის ელემენტი, რომელშიც ფული მათაც ექნებათ, ვისაც მისი შოვნა თავისუფალ ბაზარზე არ შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG