გადამღები ჯგუფი სოფელში განვითარებული პროცესის აღსაწერად ჩავიდა - სწორედ იმ დროს, როცა ჩამოშლილი სასაფლაოდან ახალგაზრდა კაცის ცხედრის გადასვენება უნდა დაწყებულიყო. ჟურნალისტებს გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს.
„პროვოკაციებს ნუ აწყობ, რა! ნუ გიხარია!.. გაა**ი აქედან!..“ „მიცვალებული გვყავს ამოსასვენებელი, თქვენ გამო არ აკეთებენ“; „გადი, ბიჭო, იქეთ, გელა [მთივლიშვილი] ხარ თუ ვინ ხარ... ჩამოიყვანე და გააჩერე [დრონი], რომ დაიწყონ მუშაობა, მკვდრები ამოვიღოთ, თორემ დამეხოცინებით იცოდეთ“, - მიმართავდნენ ჟურნალისტებს.
„მთის ამბების“ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჟურნალისტების მიმართ ისმის გინებაც.
„მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ რედაქტორმა და ხადის ხეობაში მყოფმა გელა მთივლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ საქმეზე პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.
2 აპრილს, საღამოს „მთის ამბებმა“ დაწერა, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ეს გულისხმობს „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რაც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“.
მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას.
--
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერეში, ხადის ხეობაში, სადაც საქართველოს სახელმწიფოს დაკვეთით ჩინეთის სახელმწიფო კომპანია ქვეშეთი-კობის გზას აშენებს, 30 მარტს ფერდობი ჩამოიშალა და საფლავები ჩაიყოლა.
ინფორმაცია განახლდა ცნობით გამოძიების დაწყების თაობაზე.
ფორუმი