Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადის ხეობაში, სადაც კობი-ქვეშეთის გზას აშენებენ, მიწა ჩამოიშალა და საფლავები ჩაიყოლა

ფერდობი ჩამოიშალა და დაძრული მიწის მასამ საფლავები ჩაიყოლა.
ფერდობი ჩამოიშალა და დაძრული მიწის მასამ საფლავები ჩაიყოლა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერეში, ხადის ხეობაში, - სადაც საქართველოს სახელმწიფოს დაკვეთით ჩინეთის სახელმწიფო კომპანია ქვეშეთი-კობის გზას აშენებს, - ფერდობი ჩამოიშალა და საფლავები ჩაიყოლა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ანი ქავთარაძემ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნიკა ჯერმიზაშვილი, - წარმოშობით ხადის ხეობიდან, რომელიც დღეს ადგილზე ჩავიდა, - ამბობს, რომ საფლავები გუშინ, 30 მარტს, ჩამოიშალა.

მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია ათამდე ძველი და ახალი საფლავი.

მათ შორის - 2021 წელს გარდაცვლილი ბიჭის საფლავი. ცხედარი დღეს სხვა სოფლის სასაფლაოზე გადაასვენეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ დაზიანებულია მხოლოდ „ორი საფლავი“ და „ოჯახებთან შეთანხმებით მოხდა მათი გადასვენება“.

„კაპიტალური გამაგრება“

ნიკა ჯერმიზაშვილის თქმით, დღეს დაიწყეს საფლავებამდე გზის მისაყვანად სამუშაოები, რათა დიდი ავტომობილებით მიუახლოვდნენ და ფერდი გაამაგრონ.

„ბეტონი იყო ჩასხმული, [ფერდი] ბეტონით ჰქონდათ გამაგრებული, მაგრამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა“, - გვითხრა მან.

გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ამ დროისათვის [31 მარტი, დაახლოებით 17:00 საათი] ტექნიკა უკვე მიყვანილია ადგილზე და ფერდს კაპიტალური გამაგრება უკეთდება.

დეპარტამენტში ასევე თქვეს, რომ ფერდი „გარკვეული მეწყრული პროცესების გამო ჩამოიშალა“.

„დიდთოვლობა“ თუ „სამშენებლო სამუშაოები“

„ზამთარია, მოგეხსენებათ, უდიდესი თოვლი მოვიდა ქვეშეთში და გააქტიურა გარკვეული მეწყრული პროცესები, რომლებმაც დროებითი გამაგრება, კედელი ჩამოშალა და მიწის დიდ მასას ჩამოჰყვა ეს საფლავებიც“, - გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

ნიკა ჯერმიზაშვილი დარწმუნებულია, რომ მომხდარი უკავშირდება საგზაო სამუშაოებს:

„მანდ იყო მთლიანი ფერდი, მინდორი, მიწა მოჭრილი [სამუშაოებამდე] არ ყოფილა. საფლავებიც მანდ იყო გაშენებული. ზუსტად მაგ საფლავების ქვემოთ გადის გვირაბი, რის გამოც აქვთ მოჭრილი 10-15 მეტრის სიმაღლეზე ეს მიწა“, - თქვა მან.

კაპიტალური გამაგრება „ახლა კეთდება“

კითხვაზე, პირველადი გამაგრებისას უშვებდნენ თუ არა შესაძლებლობას, რომ საფლავები შეიძლება დაზიანებულიყო, გზების დეპარტამენტში გვითხრეს:

„ბუნებრივია, იმ მომენტში, როდესაც ეს დროებითი გამაგრება კეთდებოდა, იყო გადაწყვეტილება, რომ კაპიტალურადაც უნდა გამაგრებულიყო, თუმცა დიდთოვლობამ არ მოგვცა ამის გაკეთების საშუალება“.

„ახლა კეთდება ეს ყველაფერი“, - გვითხრეს დეპარტამენტში.

„რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს“, - აცხადებენ უწყებაში.

რადიო თავისუფლებამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისგანაც სცადა კომენტარის მიღება, თუმცა დუშეთის მერის წარმომადგენელმა ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ნაზღაიძემ, გვითხრა, რომ საჭესთან არის და საუბარი არ შეუძლია.

მშენებელი კომპანია

როგორც გზების დეპარტამენტიდან რადიო თავისუფლებას მისწერეს, ამ ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს კომპანია China Railway Tunnel group Co., Ltd (მოკლედ - CRTG).

ქართულად ეს არის „ჩინეთის რკინიგზის გვირაბის ჯგუფი“, - ჩინეთის ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია, რომელიც ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს (მეორე კომპანია არის „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ (China Railway 23rd Bureau Group Co).

პირველადი დათქმით, სამუშაოები 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, - და უკვე დასრულებულია 9-კილომეტრიანი მთავარი და საევაკუაციო გვირაბების გაყვანა, - თუმცა პროექტის მშენებლობა ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს.

2025 წლის 23 ნოემბერს ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს ოთხი დასაქმებულის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამუშაოებს CRTG აწარმოებდა - იგივე კომპანია, რომლის სამუშაოების მიმდებარედაც ჩამოიშალა გუშინ საფლავი.

წლებია, საქართველოს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩინეთის სახელმწიფოს კუთვნილი სხვადასხვა კომპანია აშენებს. არაერთის მიმართ არსებობს კითხვის ნიშანი, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მიმართულებებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG