Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ქვეყნები გმობენ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კიბერშეტევას


ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოს მთელი რიგი სხვა ქვეყნებიც გმობენ რუსეთის მხრიდან საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევას.

ნიდერლანდის სამეფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ქცევა არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს ციფრული სივრცის უსაფრთხოების შესახებ.

"ჩვენ გავაგრძელებთ ციფრული დომენების გაძლიერებას და მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან" - ნათქვამია ნიდერლანდის სამეფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც twitter-ზე საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მავნებლური შეტევები.

"2019 წლის ოქტომბერში ქართულ მედიასა და სახელმწიფო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმის შეხსენებით, ლიეტუვა განუხრელად მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მავნე კიბერაქტივობა" - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ასახელებენ საქართველოზე კიბერშეტევის განმახორციელებლად. დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის დამანგრეველი კიბერსაქმიანობის გამო და აგრძელებს მუშაობას მშვიდობიანი, ღია, თავისუფალი და დაცული ციფრული სივრცისთვის" - ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადებასთან ერთად მოკლე ვიდეოს ავრცელებს.

"ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას საქართველოში განხორციელებული კიბეროპერაციის გამო. ნორმების, წესებისა და პრინციპების პატივისცემა აუცილებელია საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კიბერსივრცეში", - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხრიდან განხორციელებულ შეტევას სახელმწიფო სუვერენიტეტის აშკარა დარღვევად აფასებს და გამოთქვამს მზაობას, დაეხმარონ საქართველოს კიბერრეზისტენტულობის გაძლიერებაში.

საქართველოს მხარდამჭერი და რუსეთის დამგმობი განცხადება გაავრცელა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

„ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი მოკავშირეებისა და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციის მავნებლური კიბერმოქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობასა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უნდა გამოაშკარავდეს და მკაცრად დაიგმოს. საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებთან ერთად პოლონეთი ურყევად არის მზად, ხელი შეუწყოს იმ ჩარჩოს განვითარებას, რომელიც კიბერსივრცეში სახელმწიფოების პასუხისმგებლობით ქცევის ნორმებს ემყარება. პოლონეთი კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ევროკავშირსა და ნატოში ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა, რათა გავზარდოთ მისი გამძლეობა კიბერ- და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ.“

20 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პეინმა დაგმო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გასული წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა.

„საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის რუსეთი, ეთანხმება იმას, რომ საერათშირისო სამართალი და სახელმწიფოების მიერ პასუხისმგებლობით მოქმედების ნორმები ვრცელდება კიბერსივრცეზე. ეს მავნებლური კიბერმოქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, ამტკიცოს, რომ ის პასუხისმგებლობიანი მოთამაშეა კიბერსივრცეში, და მისი ქმედება მიუთითებს ტენდენციაზე, რომ რუსეთის გრუ უგუნურ კიბეროპერაციებს ატარებს რიგი ქვეყნების წინააღმდეგ“, ნათქვამია ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს, აშშ-სა და მსოფლიოს რიგი ქვეყნების პოზიციას, რომ საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმა რუსეთის გრუ-სთანაა დაკავშირებული.

„ამ კიბეროპერაციების მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაცია და უხერხულობის შექმნა. ეს უპასუხისმგებლო ქცევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი უგულებელყოფს პასუხისმგლებლობის მქონე სახელმწიფოს ქცევის ნორმებს და ამცირებს სტაბილურობას კიბერსივრცეში. უკანონო კიბეროპერაციების ჩატარებისთვის რუსეთს პასუხი უნდა მოეთხოვოს მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების მიხედვით“, ვკითხულობთ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. ფოტო წარწერით I’LL BE BACK ("მე დავბრუნდები"), ათასობით საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ 28 ოქტომბერს კიბერშეტევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიისა და სახელმწიფო უწყებების ვებსაიტებსა და სერვერებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG